„ნასას” მეცნიერების განცხადებით, პლუტონზე აზოტის მცურავი მყინვარებია. ასევე, პლანეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მთლიანად ყინულის ვაკით არის დაფარული. მეცნიერების ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ ყინულოვანი საფარის ქვეშ ოკეანე იყოს.
კოსმოსური ხომალდის მიერ შეგროვებული ინფორმაციის ჯერ მხოლოდ 4-5%-ია მიღებული. ასე რომ, მეცნიერების თქმით, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის.
უკვე მიღებული ინფორმაციით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პლანეტაზე არსებულ კრატერებში დაგროვილია პლანეტის ზედაპირის მასალები. ასევე, ეს მასალები, როგორც ჩანს, მთების გარშემო „მოძრაობენ“.
მათივე განცხადებით, პლუტონის ატმოსფერული წნევა დედამიწის მხოლოდ 10 მემილიონედია. მათი თქმით, ამის დანახვა შეძლეს მას შემდეგ, რაც ხომალდმა პლანეტას ჩაუფრინა. ხომალდმა პლანეტას მაშინ გადაუღო სურათი, როდესაც მას მზე ამოეფარა. სწორედ პლუტონისგან არეკლილი სინათლით შეძლეს „ნასას“ მეცნიერებმა ატმოსფეროს განსაზღვრა.
მეცნიერების ვარაუდით, პლუტონზე ტემპერატურა, საშუალოდ, -233-დან -223-მდე ცელსიუსია. ხომალდის მიერ გადაღებული მაღალი რეზოლუციის ფოტოებზე მყინვარების ტალღისებური ფორმა ჩანს, რაც შესაძლოა პლანეტის სიღრმეში არსებულმა სითბომ გამოიწვია. პლუტონის სიღრმეში სითბო ზრდის იმის შანსებს, რომ ყინულოვანი საფარის ქვეშ ოკეანე იყოს, რაც თავის მხრივ განაპირობებს მყინვარების ასეთ ფორმას.
პროფესორი ბილ მაკკინონი აცხადებს, რომ პლუტონზე წყლის ყინულები რომ არსებობდეს, ისინი მუდმივად ერთ ადგილას გაჩერებულები იქნებოდნენ.
„თუმცა, პლუტონზე აზოტის და სხვა ნივთიერებებისგან შემდგარი ყინულია, რომელიც გეოლოგიურად უფრო რბილია, ამიტომ ისინი ზედაპირზე ისევე დაცურავენ, როგორც ჩვენთან წყალში მყინვარები“, _ აცხადებს მაკკინონი.