"ადამიანის უფლებათა ცენტრი შემაშფოთებლად მიიჩნევს ყვარლის მუნიციპლიტეტის ზოგიერთ სოფელში ქალთა გენიტალიების დასახიჩრების შემთხვევებს და რელიგიური ტრადიციების საფუძვლით ამ ფაქტების გამართლებას", _ ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებას უცვლელად გტავაზობთ:
"2016 წლის 12 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა განცხადება , რომელიც ყვარლის მუციპალიტეტში ქალის გენიტალიების დასახიჩრებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს რეაგირების აუცილებლობას შეეხებოდა. სახალხო დამცველის შეფასებით „ქალის გენიტალიების დასახიჩრება უფლებადარღვევის უკიდურესი ფორმაა, რომელიც არღვევს ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამების აკრძალვის უფლებებს. ამგვარი პრაქტიკა ძირითადად ქალზე და მის სხეულზე კონტროლის მიზნით ხორციელდება. მით უფრო, სახლის პირობებში, გენიტალიებზე მანიპულაციის ჩატარებამ, შესაძლოა, მრავალი გართულება გამოიწვიოს“.
2016 წლის 8 ნოემბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში დეტალურად არის აღწერილი ყვარელში ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა, ასევე – ის რისკები, რაც მის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს.
ქალის გენიტალიების დასახიჩრება წარმოადგენს ადამიანის უფლებებით დაცულ სფეროში გაუმართლებელ და უკიდურეს ჩარევას, რაც თავისი სიმძიმით, ადამიანის წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახვეალ მოპყრობას უთანაბრდება. ამასთანავე, ამგვარი მოპყრობა საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
ადამიანის უფლებათა ცენტრი აიიჩნევს, რომ რელიგიური ტრადიციით წამების გამართლება შეუთავსებელია ბავშვის უფლებების კონვენციასთან და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრეცედენტული სამართლის თანახმად, ვერანაირი რელიგიური რიტუალი ვერ ამართლებს წამების აკრძალვის აბსოლუტურ პრინციპს.
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე რეაგირება და მათი ეფექტური გამოძიება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს. საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან, შეისწავლონ ბავშვის (გოგონების) საუკეთესო ინტერესების ხელყოფის თითოეული ფაქტი და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მათზე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ამ დრომდე რატიფიცირებული არა აქვს ევროსაბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე“, სადაც ცალკე მუხლი ეთმობა „ქალის გენიტალების დასახიჩრებას“ (მუხლი 38), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლები, რომელიც ადამიანის წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ჯანმრთელობის დაზიანებას კრძალავს. აღნიშნული მუხლების გამოყენება შესაძლებელია კონვენციის რატიფიცირებამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს:
• საქართველოს პროკურატურას და შსს-ს, დაიწყონ გამოძიება ყვარლის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში ქალთა გენიტალიების დასახიჩრების ფაქტებთან დაკავშირებით და განახორციელონ პრევენციული ღონისძიებები ქალთა ჯანმრთელობის ხელყოფისა და მათი სხეულის კონტროლის აღკვეთის მიზნით;
• საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, დროულად განახორციელონ ევროსაბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენციის – „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციიის შესახებ“ რატიფიცირება, სადაც ცალკე მუხლი ეთმობა „ქალის გენიტალების დასახიჩრებას“ (მუხლი 38);
• საქართველოს მთავარობას და პარლამენტს, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გაეროს გენერალური ასამბლეის 2014 წლის 18 დეკემბრის რეზოლუციის (A/res/69/150) იმპლემენტაციისა და შესრულების მიზნით, რათ თავიდან იქნას აცილებული გოგონათა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები".