რედინგის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილს სასოფლო სამეურნეო ნათესების დამტვერვისათვის ფუტკრები არ ყოფნის. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დეფიციტი წარმოშვა ბიოსაწვავის პოპულარობამ, რამაც ტექნიკური კულტურების ნათესების ფართი მნიშვნელოვნად გაზარდა.
ფუტკრების ნაკლებობა ყველაზე მწვავედ იგრძნობა დიდ ბრიტანეთში, სადაც ფუტკრების რაოდენობაც შემცირდა. გაერთიანებულ სამეფოში ფუტკრების პოპულაცია მინიმალურად აუცილებელი რაოდენობის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს. ევროპაში ბრიტანეთზე უარესი სიტუაცია მხოლოდ მოლდოვაშია.
მეცნიერთა განცხადებით, ფუტკრების ნაკლებობას ნაწილობრივ ავსებენ ფუტკრისებრთა ოჯახის სხვა მწერები.
უკანასკნელი წლების განმავლობაში ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ფუტკრების პოპულაცია მუდმივად მცირდება. ამის ძირითად მიზეზად სოფლის მეურნეობაში პესტიციდების გამოყენება და ფუტკრის დაავადებების გავრცელება სახელდება.
ამავე დროს, მთლიანად ევროპაში ფუტკრების რაოდენობა გაიზარდა. ევროპის 41 ქვეყანაში 2005-2015 წლებში ფუტკრების პოპულაციამ 7%-ით მოიმატა. იმავე წლებში ბიოსაწვავისათვის განკუთვნილი რაფსას, მსეზუმზირისა და სოიოს ნათესების ფართი მესამედით გაიზარდა. შესაბამისად ევროპას 13,4 მილიონი ფუტკრის ოჯახი ანუ 7 მლრდ ფუტკარი აკლია.
ტექნიკური კულტურების ნათესების სწრაფი ზრდა განპირობებულია ევროკავშირის პოლიტიკით. ევროკომისია ბიოსაწვავის ნედლეულის მომყვან ფერმერებზე სუბსიდიებს გასცემს. ევროკავშირის გეგმების მიხედვით 2020 წლისათვის ბიოსაწვავმა ტრანსპორტის ყველა სახეობის საწვავის 10% უნდა უზრუნველყოს.