თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ჩვენება დათა ახალაიას მძღოლმა მისცა. მისი თქმით, ახალაია სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ მივიდა ადგილზე. ადვოკატთა განცხადებით, მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე, დათა ახალაიასთვის წარდგენილი ბრალი _ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, უსაფუძვლოა.
„მან დაადასტურა, რომ, როდესაც ისინი მივიდნენ ნავთლუღის ტერიტორიაზე, იქ სპეცოპერაცია, ფაქტობრივად, დასრულებული იყო. არანაირ სროლებს ადგილი არ ჰქონია და მით უმეტეს, დათა ახალაიას არავის მიმართ გასროლა არ განუხორციელებია და ეს არის სრული აბსურდი", _ განაცხადა ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა.
პროკურატურა კი დაცვის მოწმეს ცრუ ჩვენებაში ადანაშაულებს.
„სატელეფონო ანძებით დადასტურებულია, რომ დავით ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი დგებუაძე, გიორგი მაზმიშვილი და ბევრი სხვა მათი თანამშრომელი, სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს, ნამდვილად იმყოფებოდა ნავთლუღის ტერიტორიაზე", _ განაცხადა პროკურორმა დავით ნეფარიძემ.