საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ვალდებულებები აიღო, მათ შორის ქიმიური ნივთიერებებათა უსაფრთხოების და მართვის კუთხით. ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების პირველი ეტაპი 2015-2019 წლებზეა გაწერილი და ქიმიური უსაფრთხოებისა და პოტენციურად საშიში ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებას მოიცავს. არსებული კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე კი, მის ჰარმონიზაციას ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან, ქიმიური ნივთიერებების აღრიცხვას, ქიმიურად დაბინძურებული ობიექტების იდენტიფიცირების ერთიანი სისტემის შექმნას, მოსალოდნელი ავარიების რისკების შეფასებას, ნარჩენების მართვის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას, ქიმიური ნივთიერებების ეროვნული რეესტრის შექმნას და წარმოებას.
ქიმიური დამაბინძურებლები პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ისტორიული მწვავე პრობლემაა, რომლის გადასაჭრელადაც ქვეყანა ყოველწლიურად მილიონობით ლარს და დროს ხარჯავს. თუმცა, დღესდღეობით, საკითხი მხოლოდ ნაწილობრივ არის მოგვარებული.
ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან მოგროვებული 4 ათასი ტონა საშიში ქიმიური ნარჩენი იაღლუჯას პოლიგონზეა თავმოყრილი. მაგრამ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ყოფილი საბჭოთა მეურნეობებიდან შემორჩენილი სამარხები და საწყობებს ნაშთები, მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს ისევ ქმნის.
ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით კი, ვადაგასული პესტიციდები ქვეყანაში 2030 წლისთვის აღარ უნდა იყოს. პრობლემის მოგვარება რამდენიმე უწყებაზეა გადანაწილებული, თუმცა, დღემდე მხოლოდ ყველაზე მწვავე წერტილებია გამოვლენილი.
კონკრეტულად რა ვალდებულებები აქვს აღებული ქვეყანას პესტიციდების ნარჩენების დამუშავების, გატანის, განადგურების კუთხით, ასრულებს თუ არა ქვეყანა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს დადგენილ ვადებში. აღრიცხულია თუ არა ყველა ის ადგილი, სადაც სახიფათო ქიმიური ნარჩენები წლების განმავლობაში იყო, _ ამ საკითხზე "გურია ნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ანა ბერეჟიანი ესაუბრა:
_რა კონვენციებზეა საქართველო მიბმული, რა ვალდებულებები აქვს ქვეყანას აღებული ასოცირების შეთანხმებით ქვეყნიდან პესტიციდების, გატანის, განადგურების კუთხით?
_კონკრეტულად პესტიციდებს რომ ფარავდეს ამ კუთხით, ასოცირების შეთანხმებაშიც გვაქვს ჩადებული ქიმიური ნივთიერებების მართვის ნაწილი. ასევე, საქართველო არის როტერდამის და სტოკჰოლმის კონვენციების მხარე ქვეყანა. სტოკჰოლმის კონვენცია ფარავს მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების (მოდ) მართვის საკითხებს და ამაში შედის ის პესტიციდები, რომლებიც წარმოადგენენ მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებს. ჩვენი სამინისტრო წარმოადგენს ამ კონვენციის პასუხისმგებელ ორგანოს. ასევე, ჩვენი სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად წარმოადგენს როტერდამის კონვენციის პასუხისმგებელ ორგანოს. ეს კონვენცია კი გულისხმობს ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის იმპლემენტაციას ქვეყანაში. ანუ, ჩვენი სამინისტრო არის პასუხისმგებელი ამ კონვენციის ქვეშ ინდუსტრიულ ქიმიურ ნივთიერებებზე, ხოლო სოფლის მეურნეობა გასცემს წინასწარი დასაბუთებულ თანხმობას პესტიციდების კუთხით. ასევე, სტოკჰოლმის კონვენცია გულისხმობს მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ეროვნული სამოქმედო გეგმა ამ კონვენციის განხორციელების პირველი დამტკიცდა 2011 წელს, ამჟამად მიმდინარეობს ამ გეგმის განახლების პროცესი, ვინაიდან დაემატა კონვენციას 9 ახალი დამაბინძურებელი, შესაბამისად, კონვენციის სამდივნოდ საჭიროდ ჩათვალა, რომ მოხდეს ყველა ქვეყანაში, რომელიც ამ კონვენციის მხარე ქვეყანაა, ამ გეგმის განახლება. ჩვენს ქვეყანაში შარშან დაიწყო პროექტი მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების განახლების შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა ხელახალი ინვენტარიზაცია პესტიციდების, ახალი მოდ-ების (მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები) გათვალისწინებით, მოხდა ინვენტარიზაცია ხელახალი, მოხდა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა, იმ მხარეებთან რომლებიც შეიძლება იყვნენ წყაროები მოდ-ების წარმოებისა ქვეყანაში, ცნობიერების ამაღლების აქტივობები და ახლა დაწყებულია ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი, რომლის მიღებასაც ვვარაუდობთ მომავალი წლის დასაწყისში.
_აღნიშნეთ, რომ ხელახალი ინვენტარიზაცია მოხდა. თუ შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტული ადგილები, რა სახის სამუშაო გაწია სამინისტრომ და ინვენტარიზაციის ფარგლებში კიდევ რა უნდა გაკეთდეს?
_ ვინაიდან ვთქვი ხელახალი ინვენტარიზაცია, ვგულისხმობ, რომ მანამდე ჩატარდა რამდენიმე ეტაპად ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პროექტის ფარგლებშიც ინვენტარიზაცია. ერთ-ერთი პროექტი იყო UNDP-ის პროექტი, რა დროსაც მოხდა იაღლუჯას პოლიგონიდან 230 ტონა ვადაგასული პესტიციდების გატანა ბელგიასა და საფრანგეთში გასანადგურებლად. შემდგომ, წელს უკვე, ახალი პროექტი იყო FAO-ევროკავშირის პროექტი, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ განხორციელდა ინვენტარიზაცია, ახალი ინფორმაციების დამატებით, იმიტომ რომ ეს მუდმივად განახლებადი პროცესია, ვინაიდან ხშირად მოსახლეობაში ხდება პოვნა მოძველებული პესტიციდებისა. შესაბამისად, ახალი პარტია 208 ტონა იქნა გატანილი აპრილში გასაუვნებელყოფად ამჯერად საფრანგეთში.
_აღნიშნეთ, რომ მუდმივად განახლებადი პროცესია. ხომ არ აპირებთ კიდევ გატანას? გაქვთ თუ არა ადგილები საქართველოში, სადაც ამოსაღებია ეს პესტიციდები?
_ყველაზე ძირითადი და მტკივნეული საკითხია ჩვენი ისტორიული დაბინძურება, მოგეხსენებათ, იაღლუჯას პოლიგონი, სადაც 4 ჰა-ს ტერიტორიაზე დიდი მასაა თავმოყრილი. ფაქტიურად, ძირითადი მასა რაც იყო სახიფათო ისტორიული დაბინძურების მოგროვილი და გადატანილი იქნა და განთავსებული იაღლუჯას პოლიგონზე. პოლიგონი შემოიღობა, დაინსტალირდა გამაფრთხილებელი ნიშნები. ბოქლომზეა დაკეტილი ტერიტორია, შესაბამისად, ისეთ საფრთხეს აღარ წარმოადგენს მოსახლეობისთვის, რაც იყო მანამ, სანამ მიმოფანტული იყო მთელ ქვეყანაში უკონტროლოდ თვალყურის გარეშე.
რაც მანამდე ჩატარდა პროექტები, გამოვლენილ იქნა ყველაზე მწვავე წერტილები, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით იყო ძველი საბჭოთა კავშირის დროინდელი საწყობები, ზოგი ომის პერიოდში, ზოგი ჩამარხა მოსახლეობამ, ზოგი მერე იპოვეს და გამუდმებით ხდება ასეთი წერტილების მოძიება. ძალიან ბევრი დარჩა. საბჭოთა კავშირის დროს იწარმოებოდა, მართალია ჩვენს ქვეყანაში არა, მაგრამ შემოჰქონდათ ამ ნივთიერებების შემცველი პესტიციდების, შესაბამისად, გადატანილ იქნა ერთიანად იაღლუჯაზე, მაგრამ კვლავ ვვარაუდობთ, რომ აღმოჩენილ იქნას სადმე სხვაგან საწყობები, სადაც კვლავ იქნება მსგავსი ნივთიერებები აღმოჩენილი. შესაბამისად, ამაში მოსახლეობის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც პოულობენ ისტორიულ დაბინძურებას, პასუხისმგებლობა იქონიონ და ნუ მოაძოვებენ იმ საძოვარზე საქონელს, ნუ გადაყრიან, ნუ ჩაყრიან მდინარეში და გვაცნობონ ოფიციალურად სამინისტროს, აცნობონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ჩვენ შევძლებთ, რომ შემდგომი პროექტის დაგეგმვის ფარგლებში უკვე გავითვალისწინოთ ისტორიული დაბინძურების ადგილები.
_რაც შეეხება ე.წ. კოლმეურნეობების ტერიტორიებზე არსებულ საწყობებს, სადაც ინახებოდა ეს პესტიციდები, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ადგილი, სადაც ამ საწყობების ტერიტორიებს იყენებს ადგილობრივი მოსახლეობა, ერთ-ერთი საწყობში საცხოვრებელი სახლია გაკეთებული. გვაინტერესებს კონკრეტულად ასეთი ადგილებიდან თუ მოხდა პესტიციდების ამოღება? ან თუ აპირებს სამინისტრო რაიმე ღონისძიების ჩატარებას და როდის გეგმავთ ამ ყველაფერს?
_მსგავსი ადგილებიდან, სახლებიდან და ა.შ. მოხდა გატანა, მაგრამ იმათგან, ვინც დაგვიკავშირდა და გვაცნობეს. ინვენტარიზაცია ბუნებრივია, ლოგიკურად ჟღერს, რომ თითოეული სახლის ტერიტორიაზე ვერ შევა პროექტის მენეჯერი, რომელიც ინვენტარიზაციას ახორციელებს და ვერ შეამოწმებს სათითაო სახლში, ხომ არ არის შემთხვევით რამე. ჩვენ დაგვიკავშირდა ძალიან ბევრი მოქალაქე, გვაცნობეს, ვიცოდით ასევე, სადაც კოლმეურნეობის საწყობი იყო, ბუნებრივია ჩვენ თვითონაც ვიცოდით და შევედით. მაგრამ ძირითადად, რაც მოსახლეობას ეხება, თვითონ მოსახლეობამ უნდა გაათვითცნობიეროს რომ ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი ნივთიერებები, არ შეიძლება იქ ცხოვრება, არ შეიძლება მისი გამოყენება, არ შეიძლება წყალში ჩაყრა, თავიდან მოცილების მიზნით, ეს მერე გარემოს დაბინძურება. უბრალოდ, თუ შეძლებენ თუ მოიძიებენ, თუ აქვთ ინფორმაცია, რომ მათ გარშემო არის მსგავსი დამაბინძურებელი, გვაცნობონ ჩვენ, ან სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ჩვენ კანონის ფარგლებში რაც შეგვიძლია, ვეცდებით დავეხმაროთ. პროექტების შემუშავებისას ვეცდებით გავითვალისწინოთ. ეს თითოეული მოსახლეობის პასუხისმგებლობაა რომ არ დამალონ. ნუ შეეშინდებათ და გვაცნობონ, რომ აქვთ მსგავსი პრობლემა.
_არასამთავრობო ორგანიზაციას, „მწვავე ალტერნატივას“ აქვს ნარკვევი, პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ქვეყანაში კვლავ წარმოადგენს ინფორმაციის მოგროვების და დამუშავების სრულყოფილი სისტემის არქონა და კონკრეტული პრობლემებია ჩამოთვლილი – არ არსებობს სრული ინფორმაცია რა საშიში ქიმიური ნარჩენები იწარმოება ან შემოდის, გადაიზიდება ქვეყანაში, შეგროვების ინფორმაცია არ არსებობს, სტატისტიკური მონაცემები და ა.შ. რა შეგიძლიათ ამ მიმართულებით რომ თქვათ?
_ნაწილობრივ ვეთანხმები, ნამდვილად გვაქვს ხარვეზები, რომლის აღმოფხვრაზეც ვმუშაობთ. ევროკავშირთანაც გავდივართ კონსულტაციებს და გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებები ამ აღრიცხვა-ინფორმაციის მოგროვების სისტემის შემუშავებით.
_ამავე კვლევის მიხედვით, ქვეყანაში არ არსებობს ინფრასტრუქტურა სახიფათო ნარჩენების განთავსების, გაუვნებელყოფისთვის. თუ აპირებთ ამ მიმართულებით სამინისტრო მუშაობას, ან თუ გაქვთ დაწყებული ეს რომ გვითხრათ. ასევე გვაინტერესებს რა ვადებში უნდა მოხდეს ამის გაკეთება?
_არ არსებობს, ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. ამ წუთას რაღაც დონეზე არსებობს საქართველოში ინფრასტრუქტურა, სხვაგვარად ეს იქნებოდა სისტემის სრული კოლაფსი, რომ ნარჩენების არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, არსებობს რეციკლირების საწარმოები, სხვდასხვა ტიპის კომპანიებს აქვს სხვადასხვა ნარჩენები, თუმცა, გვაქვს რაღაც ხარვეზებიც, მაგალითად, არ გვაქვს მოდ-ების გადამამუშავებელი, მოდების გამანადგურებელი ინფრასტრუქტურა და სწორედ ამიტომ, რომ არ გვაქვს ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამიტომ ხდება საზღვარგარეთ გატანა ამ მოდ-ების ნარჩენების. ვფიქრობთ დავიწყოთ რემედიაციის პროექტებზე მუშაობა. სადაც არის დაბინძურებული ნიადაგი ამ მოდ პესტიციდებით, მოხდეს აღდგენა ამ ნიადაგების და არა გამუდმებით გატანა და განადგურება. პესტიციდების მიმართულებით რემედიაციის პროექტების დაგეგმვაზე ვფიქრობთ, თუმცა, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ, თუ კვლავ იქნება აღმოჩენილი პესტიციდების მარაგები, დავიწყოტ საპროექტო წინადადებების შემუშავება. იაღლუჯას რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს UNDP-ის პროექტის ფარგლებში რემედიაციის გეგმა, სამი კონცეპტუალური სცენარით. ერთი არის, რომ იქ მოხდეს საერთაშორისო კვლევითი ცენტრის გაკეთება და ადგილზე მოხდეს ნარჩენების განადგურება. ეს ძალიან ამბიციური სცენარია. მეორე სცენარი გულისხმობს, რომ მისი კონსერვაცია მოხდეს, ხოლო მესამე სცენარი პერიოდულად გატანას გულისხმობს. ახლა ვაწარმოებთ დონორებთან მოლაპარაკებებს, რომელი სცენარი იქნება უფრო განხორციელებადი. დონორებს უნდა ვთხოვოთ რომ დაგვეხმარონ, რადგან საქართველოს ბიუჯეტი ამას ვერ გაწვდება. უკვე მიდის ამაზე საუბარი და გადაწყვეტილების მიღების პროცესი. უბრალოდ, გახმაურების უფლება ჯერჯერობით არ მაქვს.
ამავე თემაზე:
მიწაში ჩაფლული საფრთხე საბჭოთა მემკვიდრეობიდან
რატომ არის მიტოვებული საწყობების ტერიტორია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში