უკვე დროა, ვარდების მოყვარულებმა გავსხლათ ყვავილთა დედოფალი და ისე, რომ ნასხლავიც არ დავკარგოთ _ ნოყიერ ნიადაგში კალმები ჩავრგოთ.
ნოემბრის ბოლოდან შევარჩიოთ მზიანი დღე და დავიწყოთ ვარდების გასხვლა. სასხლავი მაკრატელი კარგად უნდა ჭრიდეს, რომ ვარდის ღეროები არ დავასახიჩროთ. უნდა გვახსოვდეს, რომ მანამდე, ვარდის ბუჩქები გავათავისუფლოთ უკვე დამჭკნარი, დაყვავილებული კოკრებისა თუ ფოთლებისგან.
ვარდები უნდა გავსხლათ დაბლიდან. სამი-ოთხ კვირტზე. ნუ დაინანებთ ღეროებს _ უკეთესი ამოიზრდება. ნასხლავები დავალაგოთ სწორად, როგორც ბუჩქზე მდებარეობდა, წვეროები ზემოთ მოვაქციოთ და გადავჭრათ. თითოეული უნდა იყოს 5-6 სმ სიგრძის. მოვაშოროთ ეკლები და ნოყიერ ნიადაგში ჩავრგოთ, უფრო მეტი ნაწილი მიწაში მოვაქციოთ. ზამთრის განმავლობაში არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ მოვლას. არც მორწყვა არ სჭირდება. მიაქციეთ ყურადღება, მიწა არ შემოეცალოს. ასეთ შემთხვევაში ფრთხილად შემოაყარეთ _ ნუ გააქანებთ კალმებს. გაზაფხულზე აუცილებლად ნახავთ ნაყარს. ძირითადად, ასეთი წესით ბევრი ვარდი ხარობს და მრავლდება.
რაც შეეხება მაღალ და ხვიარა ვარდებს, ისინი მეტი გამძლეობით გამოირჩევა. მტევნებიანი ვარდების მთავარი ღეროები მთლიანად უნდა გავსხლათ და დავტოვოთ ერთი ცენტრალური ღერო. სასურველია, თუ ასეთ ვარდებს დავურჭობთ სპეციალურად მომზადებულ დატოტილ ხის ვარჯის გადანაჭერს, რომელიც ერთწლიანი გამძლეობით მაინც უნდა გამოირჩეოდეს. თუ ხვიარა ვარდები სახლის კედლებს, ღობეებს ან კონკრეტულ ადგილს ამშვენებს, სადაც მისი დამაგრებაა შესაძლებელი, მაშინ სამაგრის ძებნა არ გჭირდებათ. ფესვებთან დაუყარეთ ნაკელი და ზემოდან ფხვიერი მიწა დააყარეთ. სასურველია, შემოაყაროთ ხმელი ფოთლები, რომელიც ეზოს მოფოცხვის შემდეგ ბლომად მოგროვდება. ასე დაემშვიდობეთ ვარდებს გაზაფხულამდე. თუმცა, არ გაგიკვირდეთ, ჩვენს გარემო პირობებში, სულაც იანვარში რომ აყვავდეს.
გახსოვდეთ, მხოლოდ ორი-სამი წლის შემდეგ გადარგეთ ასეთი მეთოდით გამრავლებული ვარდი. მომავალ გაზაფხულზე თუ ეცდებით გაკვირტული ღეროს გადარგვას, უმეტეს შემთხვევაში ის გახმება. ამიტომ გამოვიჩინოთ მოთმინება, თუ გვინდა, რომ ჩვენს კარმიდამოში ბევრი ვარდი ყვაოდეს.