სოფლის დახმარების პროგრამა, რომელიც რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება მომავალი წლის ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება _ 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში ასეთი პროგრამა აღარ არის.
სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ სოფლები ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ თუკი უშუალოდ მოსახლეობა ან ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს თანადაფინანსების ხარჯებს:
"ეს გადაწყვეტილება წარმოაჩენს მთავრობის საგანგაშო დამოკიდებულებას თვითმმართველობებისადმი, მათი დამოუკიდებლობისა და დეცენტრალიზაციისადმი.
ინფორმაციის მიწოდების ღირსადაც კი არ ჩათვალეს მუნიციპალიტეტები, გამგეობები და ხალხი. არადა მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლატალში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზოტსა თუ ჩხაკაურაში, თუ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ თეთრიწყლებში, იმედი აქვთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიიღებენ სახსრებს და ექნებათ ახალი თუ გაუმჯობესებული საბავშვო ბაღი, განათებული გზები, მოწესრიგებული წყალმომარაგება და სხვა," _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.
მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 50 000.0 ათასი ლართ იყო დაფინანსებული.