სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ შრომის ანაზღაურების ხარჯების ოპტიმიზების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გაურკვეველია რის საფუძველზე გეგმავს მთავრობა შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირებას.
„გურია ნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავის დასკვნაში – 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტზე მიმოიხილა საბიუჯეტო ორგანიზაციებში „შრომის ანაზღაურების“ მუხლის მიმართულებით წარმოდგენილი ცვლილებები, რაც გულისხმობდა ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში ადმინისტრაციული და შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირებას.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით „შრომის ანაზღაურების“ მუხლზე გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ოდენობამ 1,393.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 49.8 მლნ ლარით (3.5%-ით) ნაკლებია 2016 წელთან შედარებით. წარმოდგენილი პროექტით, 54 საბიუჯეტო ორგანიზაციის (მთლიანი ოდენობის 23.6%) შემთხვევაში 2017 წელს იგეგმება „შრომის ანაზღაურების“ მუხლის შემცირება 10%-თა და მეტი ოდენობით, 105 საბიუჯეტო ორგანიზაციის (45.9%) შემთხვევაში შემცირებას ადგილი აქვს 0%-დან 10%-მდე ოდენობით, 70 უწყების (30.6%) შემთხვევაში კი – იგეგმება შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდა ან იგივე მოცულობით შენარჩუნება.
აღსანიშნავია, რომ2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში „შრომის ანაზღაურების“ ხარჯების შემცირების მიუხედავად, უმეტეს საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა გეგმური რიცხოვნობა უცვლელი რჩება. შესაბამისად, გაურკვეველია თუ რის საფუძველზე გეგმავს მთავრობა შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირებას.
გვსურს ყურადღება კიდევ ერთხელ გავამახვილოთ შრომის ანაზღაურების კუთხით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ ხარვეზებსა და რეკომენდაციებზე, რისი გათვალისწინებაც საქართველოს მთავრობას დაეხმარება სახელფასო ფონდის ხარჯების რაციონალურობისა და ეფექტიანობის პრინციპების გათვალისწინებით შემცირებაში.
აქვე, გვსურს გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები შრომის ანაზღაურების შემცირების თაობაზე არ გულისხმობს საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის სახელფასო განაკვეთის შემცირებას, არამედ, ხარჯების ოპტიმიზაციას იმ სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების აღმოფხვრის გზით, რომლებზეც არაერთხელ იქნა აღნიშნული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებში:
რამდენადაც მომავალი წლის ბიუჯეტის კანონი ამჟამად განხილვის პროცესშია, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს, რომ გარკვეული საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა მნიშვნელოვნად აღემატება წლის განმავლობაში საბიუჯეტო ორგანიზაციებში რეალურად დასაქმებულ მომუშავეთა საშტატო რიცხოვნობას. აღნიშნულის შედეგად, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებები ან აუთვისებელი რჩება ან ნაწილდება თანამშრომლებზე პრემიებისა და დანამატების სახით. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, „შრომის ანაზღაურების“ მუხლის დაგეგმვის პროცესში მოხდეს საშტატო რიცხოვნობის რეალური მაჩვენებლების განსაზღვრა და მიმდინარე წლის განმავლობაში შტატით დასაქმებულ მომუშავეთა ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინება, რათა თავიდან იქნეს აცილებული წლის განმავლობაში დიდი რაოდენობით თავისუფალი საშტატო ერთეულების არსებობა და უზრუნველყოფილ იქნეს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი გამოყენება.
მიუხედავად საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისისდადგენილებისა, რაც მიზნად ისახავდა შეეზღუდა საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წლის განმავლობაში გასაცემი პრემიის მოცულობა და პერიოდულობა, 2016 წელს როგორც პრემიების, ასევე, დანამატების გაცემა გასულ წელთან შედარებით ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა. ვინაიდან ზემოაღნიშნულმა დადგენილებამ ვერ უზრუნველყო საკითხის სათანადოდ დარეგულირება, მიზანშეწონილია, მთავრობის მხრიდან შემუშავებულ იქნეს ქმედითი მექანიზმი საჯარო სექტორში სახელფასო პოლიტიკის საკითხის დარეგულირების მიზნით.
აუდიტის ანგარიშები ცხადყოფს, რომ გარკვეულისაბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ პრემიის გაცემა ხდება სათანადო დასაბუთების გარეშე,ხოლო დანამატების გაცემის შემთხვევებში უწყებების მიერ ვერ ხდება დანამატების დანიშვნის მიზანშეწონილობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა. ასევე, გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს როგორც პრემიის, ისე დანამატის თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით გაცემის ფაქტებს;
ასევე, უმეტეს საბიუჯეტო ორგანიზაციებში უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ადგილი აქვს კონკრეტულ თანამშრომლებზე წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში დანამატის დანიშვნის ფაქტებს, რაც თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს, ვიდრე დანამატის, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გამართლებულ პრაქტიკად ვერ ჩაითვალება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, საჭიროა შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ოპტიმიზების პროცესი იყოს რაციონალური, სისტემური ხასიათის პრობლემების აღმოფხვრასა და საჯარო სექტორში ჯანსაღი სახელფასო სისტემის დანერგვაზე ორიენტირებული. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება, შესაბამისი რეგულირება და კონტროლი, როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე, საქართველოს მთავრობას სახელფასო ფონდის რეალისტური და მიზანშეწონილი ეკონომიის გაკეთების საშუალებას მისცემს“, _ აღნიშნულია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.