ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დღეს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით, „თბილისის სტრატეგიული დისკუსია“ გაიმართა.
„თბილისის სტრატეგიული დისკუსიის“ მიზანია უსაფრთხოების სექტორის ფართო წრეების წარმომადგენლებს შესთავაზოს ინკლუზიური ფორმატი, რომელზეც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ქართულმა საზოგადოებამ ნათლად აირჩია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბოლოო მიზანს NATO -ს წევრობა წარმოადგენს, ამ სურვილის ყველაზე ადეკვატური განხორციელება კი სწორედ ქვეყნის დემოკრატიული პოლიტიკური მოწყობა და მისი ამ პროცესის მუდმივი გაღრმავებაა.
„ჩვენ ვიქნებით ერთიან სივრცეში იმ ქვეყნებთან, ვინც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და ამავე დროს, ვიქნებით ყველაზე დაცული და ყველაზე ეფექტური თავდაცვის და უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი, მაგრამ სანამ ეს მიზანი განხორციელდება ჩვენ სტრატეგიულად მიმართული ვართ იმ შესაძლებლობათა ფანჯრის ძიების მომენტისაკენ, რომელიც მოქგვცემს შესაძლებლობას გავწევრიანდეთ NATO – ში, თუმცა ამ მომენტამდე ბუნებრივია, რომ მიზნად რჩება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაღრმავება და გაძლიერება და ამ თვალსაზრისით, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ შეიარაღებულ ძალებზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის სამხედრო კომპონენტზე, არამედ ვსაუბრობთ მთლიანად საზოგადოების, სახელმწიფოს, ქვეყნის მზაობაზე დაიცვას თავისი თავი“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მარგველაშვილის განმარტებით, სტაბილური, განვითარებული, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტია,
„ ეს კი ყველა იმ სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესებში უნდა შედიოდეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია შავ ზღვასა და კავკასიაში თანამშრომლობის განვითარება. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით და დაუღალავად ვისწრაფით ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ – ხაზგასმით მინდა აღვნიშნო საქართველოს NATO – ში გაწევრიანება ნიშნავს რეგიონში სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ეს კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეგიონული და ტრანსკონტინენტური თანამშრომლობის პროექტების განვითარებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ამ რეგიონის ქვეყნებისათვის.“,-აღნიშნა მარგველაშვილმა.
სტრატეგიულ დისკუსიაში თავდაცვისა და უშიშროების სექტორის 100-მდე ქართველი და საერთაშორისო ექსპერტი მონაწილეობს, მათ შორის ყოფილი და მოქმედი მაღალი რანგის პოლიტიკოსები – ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალჯურანდი, რუმინეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის ეროვნული უშიშროების საბჭოების აპარატების წარმომადგენლები, ასევე, NATO-ს წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.