თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში ახალი პუბლიკაცია გამოქვეყნდა. თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გამოკვლევის მიზნით დამუშავდა ა.წ. ოქტომბრის თვის 5000-მდე ტრანზაქცია.
2016 წლის ოქტომბერში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე დაფიქსირდა 3199 ტრანზაქცია, რაც წინა თვესთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. ბაზრის აქტივობის მცირე კლების მიუხედავად, ოქტომბერში თბილისის უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 43.5%-ით აღემატება წინა წლის მონაცემს.
უმნიშვნელოდ შემცირდა თბილისის წილი (0.2%-ით) ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების გაყიდვებში. დედაქალაქში ოქტომბერში ყველაზე მეტი ტრანზაქცია საბურთალოზე დაფიქსირდა (675 ერთეული, თბილისის გაყიდვების 21.1%). გაყიდვების მოცულობის მხრივ მეორე და მესამე ადგილებს შესაბამისად ვაკე (559 ერთეული, 17.5%) და სამგორი (352 ერთეული, 11.0%) ინაწილებენ.
ა.წ. იანვარ-ოქტომბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი უძრავი ქონების მიწოდება (დასრულებული მშენებლობების რაოდენობა და მოცულობა) თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე. 10-თვიან პერიოდში ახალი შენობების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 53.6%-ით გაიზარდა და 605 ერთეული შეადგინა (480 საცხოვრებელი უძრავი ქონება, 125 კომერციული უძრავი ქონება). ამავე პერიოდში ახალი შენობების მოცულობა წინა წელთან შედარებით 74.2%-ით გაიზარდა და 1 202 828 კვ.მ შეადგინა (990 129 კვ.მ საცხოვრებელი უძრავი ქონება, 212 699 კვ.მ კომერციული უძრავი ქონება).
ოქტომბერში შემცირდა საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის (-3.3% წინა წელთან შედარებით) და ქირის ფასის (-4.9% წინა წელთან შედარებით) ინდექსები. ამასთან, 1 კვ.მ საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასმა 877 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ქირის საშუალო ფასმა – 7.41 აშშ დოლარი. ოქტომბერში მთაწმინდა იყო ყველაზე ძვირი რაიონი როგორც გაყიდვის საშუალო ფასის (1 048 აშშ დოლარი), ისე ქირის საშუალო ფასის (8.63 აშშ დოლარი) მიხედვით; ყველაზე იაფი რაიონი კი გაყიდვის საშუალო ფასის მიხედვით იყო სამგორი (520 აშშ დოლარი), ხოლო ქირის ფასის მიხედვით – გლდანი (4.13 აშშ დოლარი).
ამავე თვეში შემცირდა კომერციული ქონების გაყიდვის ფასის (-11.1% წინა წელთან შედარებით) და იჯარის ფასის ინდექსებიც (-13.7% წინა წელთან შედარებით). ამასთან, 1 კვ.მ კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1 133 აშშ დოლარის, ხოლო იჯარის საშუალო ფასი – 10.22 აშშ დოლარის დონეზე დაფიქსირდა.
თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი პუბლიკაციის ნახვა შესაძლებელია ISET- ის ვებგვერდზე. (R)