არასამთავრობო ორგანიზაციები _ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს საზოგადოების ინფორმირების და გამჭვირვალობის მიზნით განაგრძოს საკუთარ ვებ-გვერდზე სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნება.
"განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები საჭიროდ მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც სამინისტრო სისხლის სამართლის დანაშაულის სტატისტიკას პერიოდულად აღარ გამოაქვეყნებს.
დემოკრატიული პოლიციის ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მოითხოვს, რომ პოლიცია იყოს ღია მის ქმედებებზე ზედამხედველობის განხორციელებისათვის.გამჭვირვალობისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებას კი საჯარო საინფორმაციო ანგარიშები წარმოადგენს, რომლებიც თავის მხრივ მოიცავს დანაშაულის სტატისტიკას, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს, ანგარიშებს ადამიანის უფლებების დაცვის ან პოლიციის შიგნით კორუფციის შემთხვევების თაობაზე და ასევე საზოგადოებისათვის საყურადღებო სხვა მონაცემებს. სტატისტიკურ ანალიზს შეუძლია მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანოს ეფექტური და კვალიფიციური საპოლიციო სამსახურის ჩამოყალიბებაში. ამ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღებული ერთ-ერთი ვალდებულების ინტერაქტიული სტატისტიკისა და კრიმინოგენული რუკის შექმნის სრულყოფილად და დროულად შესრულება სამინისტროს მხრიდან.
2010 წლის 30 აპრილს, ხუთ უწყებას შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, ერთიანი სტატისტიკური ანგარიშის მიზნებისათვის, შსს ყოველთვიურად უნდა წარუდგენდეს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას, ინფორმაციას დაწყებული გამოძიების შეწყვეტისა და კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ დანაშაულების მიხედვით, ინფორმაციას დაზარალებული პირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და ოჯახში ძალადობის ფაქტების შესახებ.
საყურადღებოა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, 2010 წლის მემორანდუმის საფუძველზე, 2012-2016 წლების თითოეული თვის მიხედვით გამოქვეყნებული სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიში არც ერთ თვეში არ მოიცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და ანგარიშები იწყება პირველი თავის, პოლიციის სტატისტიკის, გამოტოვებით. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უგულვებელყოფილია მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატება სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის ყოველთვიური სტატისტიკური ანგარიშების წარუდგენლობაშიან წარდგენილი ანგარიშების სათანადოდ გამოქვეყნება არ ხდება სტატისტიკის სამსახურის მიერ. აქვე უნდა ითქვას, რომ სტატისტიკის სამსახურისთვის შსს-ს და სხვა უწყებების მიერ ყოველკვარტალური სტატისტიკის გაგზავნა არ ანაცვლებს შსს-ს მხრიდან ყოველთვიური სტატისტიკური ანგარიშების მიწოდების და სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნების საჭიროებას.
ამასთან, როგორც შს სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ, მათივე „კეთილი ნების“ საფუძველზე სამინისტროს ვებ. გვერდზე ხდება დამატებით სტატისტიკური ინფორმაციის განთავსება. უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 15 თებერვლის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარ ვებ-გვერდზე დანაშაულის სტატისტიკა არ გამოუქვეყნებია. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტები არ ავალდებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისივე ვებ-გვერდზე სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნებას, გამჭვირვალობის, საზოგადოების ნდობის მოპოვებისა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად თავად სამინისტროს ინტერესს უნდა წარმოადგენდეს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი მზარდია საზოგადოების ინტერესი დანაშაულის სტატისტიკის მიმართ.
შესაბამისად, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:
– შსს-სა და სტატისტიკის სამსახურს – განმარტონ რას უკავშირდება ის, რომ გასული წლების განმავლობაში, პოლიციის ყოველთვიური სტატისტიკა გამოქვეყნებული არ არის;
– შსს-ს – შეასრულოს 2010 წლის უწყებათაშორისი მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულება და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშის მიზნებისათვის, ყოველთვიურად მიაწოდოს მემორანდუმით განსაზღვრული ინფორმაცია;
– შსს-ს – საზოგადოების ინფორმირების და გამჭვირვალობის მიზნით განაგრძოს საკუთარ ვებ-გვერდზე სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნება", _ აღნიშნულია ორგანიზაციების განცხადებაში.