პროექტ "მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ", რომლის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება, 2016 წლის ყველაზე სახალისო მითებს გვთავაზობს.
დეზინფორმაცია ჯიმი ოლსენის მიერ ალიგატორის გაუპატიურების მცდელობაზე
2016 წლის 17 აგვისტოს "საქართველო და მსოფლიო”-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია შემდეგი სათაურით: "ალიგატორის გაუპატიურების მცდელობისას ახალგაზრდა სხვა ალიგატორმა შეჭამა”. მასალის მიხედვით, ნეაპოლში 24 წლის ჯიმი ოლსენი ახალგაჩენილი ალიგატორის გაუპატიურების მცდელობისას მოზრდილმა ალიგატორმა შეჭამა.
ტყუილი 1. მასალა იუმორისტული გამოცემის მიერაა გამოგონილი
"საქართველო და მსოფლიომ” როგორც რეალური ახალი ამბავი გამოაქვეყნა მასალა, რომელიც თავდაპირველად იუმორისტულმა გამოცემა World News Daily Report-მა გაავრცელა. "ჩვენი სატირული სტატიების პერსონაჟები, თუნდაც ისინი რეალური ადამიანები იყვნენ, გამოგონილია და ნებისმიერი მსგავსება მათსა და რომელიმე ცოცხალ თუ გარდაცვლილ ადამიანს შორის, ნამდვილი სასწაულია,” – წერია გამოცემის ვებ-გვერდზე.
ტყუილი 2. ფოტოზე არა ჯიმი ოლსენი, არამედ შოტლანდიელი გევინ ჰარტია
Daily Report-ის ფოტოილუსტრაციად აღებულია სრულიად სხვა პიროვნების ფოტო და ის ესპანეთში, ტორემოლინოსის ნიანგების პარკშია გადაღებული. მასზე გამოსახული კაცი კი არა ჯიმი ოლსენი, არამედ შოტლანდიელი გევინ ჰარტია, რომელიც ამ პარკში მუშაობს.
ტყუილი 3. ფოტოზე არა ალიგატორი, არამედ ნიანგია
ფოტოზე გამოსახული ცხოველი ნიანგია და არა ალიგატორი. ის ევროპაში ყველაზე დიდ ნიანგად მიიჩნევა და მას "Big Daddy”-ს ეძახიან. ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ გევინ ჰარტის ინტერვიუ ნიანგის შესახებ.
ტყუილი 4: ჯიმი ოლსენი კომიქსის პერსონაჟია
რაც შეეხება ჯიმი ოლსენს, ეს სახელი ცნობილი კომიქსის გმირს, სუპერმენის მეგობრის პერსონაჟს ეკუთვნის, რომელიც მეტროპოლისში Daily Planet-ის ფოტო-რეპორტიორად მუშაობს.
რუსული წყაროები:
"საქართველო და მსოფლიოს” გარდა, იუმორისტული გამოცემის ეს მასალა, როგორც რეალური ფაქტი, რუსულენოვანმა გამოცემებმა, მათ შორის Сегодня, Makataka, Pure, Eg.ru,Пенза-Взгляд, გამოაქვეყნეს და თანდართული ფოტო და ვიდეოილუსტრაციაც გადმობეჭდეს.
დეზინფორმაცია სვანეთში ამერიკული წარმოების კარტოფილის შეტანის შესახებ
2016 წლის 11 სექტემბერს, "მარშალპრეს”-ზე გამოქვეყნდა რობერტ სტურუას ფეისბუკ სტატუსი, რომელიც სვანეთში ამერიკული წარმოების კარტოფილის შეტანის შესახებ დეზინფორმაციას შეიცავს. კერძოდ:
"ამ რამდენიმე წლის წინ მეტისს მოუზიდავს ვარდისფერი USA-კარტოფილი და უფასოდ დაურიგეს გლეხებს… მოსახლებომ უფრო უხვი მოსავალი მიიღო და გულუბრყვილო სვანები სიამოვნებით გადავიდნენ გენმოდიცირებულ პოტეიტოზე, მამა-პაპური, უგემრიელესი კარტოფილი დაივიწყებას მიეცა… შეეყარა შტატების კარტოფილს საშინელი სენი და ჭია – საქონელიც ვერ ჭამს, არ მომწამლონო! ხოლო ჩვენი – გადაშენდა! მოტყუებული სვანები ცდილობენ სოფლებში მოძებნონ სათესლო უძველესი ჯიში, მაგრამ ჭირს."
რეალური ფაქტები:
1. სვანეთში ამერიკული წარმოების სათესლე მასალა არ შესულა
სვანეთში კარტოფილის ამერიკული წარმოების სათესლე მასალა საერთოდ არ შესულა. დაახლოებით 3 ათეული წლის წინ სვანეთში ჰოლანდიიდან კარტოფილის ორი ჯიში შეიტანეს: დეზირე და მარფონა. წელს ლენტეხში, კერძოდ ცანაში, შეიტანეს ევროპული წარმოების კარტოფილი აგრია, რომელიც მოსახლეობას გამოცდის მიზნით მცირე ფართობებზე აქვს დათესილი.
2. მოსავლის ჯანმრთელობა სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული
კარტოფილის სენის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს და არ შეიძლება ეს ცალსახად სათესლე მასალის მწარმოებელს დაუკავშირდეს. მოსავლის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ნათესის მოვლა-პატრონობა, ატმოსფერული პირობები, ნიადაგის ტენიანობა, მიწის განაყოფიერების მეთოდები და სხვა. კარტოფილის მოსავლიანობას პრობლემებს უქმნის კოლორადოს ხოჭო, ვირუსის გადამტანი მწერები და კარტოფილის ჩრჩილი, ყველაზე სერიოზულ დაავადება კი კარტოფილის კიბოა, რომლის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი სოკოთი დაავადებული თესლია.
3. უცხოური ჯიშების შეტანამდე სვანეთში კარტოფილის მოსავლიანობა დაბალი იყო
1995 წლის მონაცემებით, სვანეთში 1 ჰა მიწაზე 2.5-3 ტონა კარტოფილი ითესებოდა, მოსავალი კი მხოლოდ 5 ტონამდე იყო. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც აგრონომებმა სვანეთში ჰოლანდიური და გერმანული წარმოების სათესლე მასალა შეიტანეს. საცდელი დათესვის შემდეგ 1 ჰა-ზე მოსავალმა 50 ტონა შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის მდგომარეობით კარტოფილის კულტურა სახნავი ფართობის 3-4 %-ს შეადგენს, ხოლო საშუალო მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 15-17 ტონას შეადგენს. ეს მონაცემები ევროპის საშუალო მოსავლიანობაზე (35-40 ტონა) რამდენჯერმე დაბალია.
კარტოფილის მოსავლიანობისა და ნათესი ფართობის შესახებ მონაცემები მხოლოდ 2006 წლიდან არსებობს. ამ მონაცემების მიხედვით, კარტოფილის წარმოება, მოსავლიანობა და ნათესი ფართობის მოცულობა 2015 წელს 2006 წელთან შედარებით გაზრდილია. ყველაზე მაღალი წარმოება 2007 წელს, მოსავლიანობა – 2011 წელს, ხოლო ნათესი ფართობის მოცულობა 2013 წელს იყო.
4. საქართველოში შემოსული უცხოური წარმოების კარტოფილები მაღალმოსავლიანი და დაავადებების მიმართ მდგრადია
საქართველოში კომერციული მიზნებისთვის კარტოფილის შემდეგი უცხოური წარმოების ჯიშებია გავრცელებული: მარფონა, იმპალა, ნევსკი, პიკასო. აქედან მარფონა, იმპალა და პიკასო ჰოლანდიური წარმოების ჯიშებია, ნევსკი კი რუსული. ეს ჯიშები მდგრადია კარტოფილის Y ვირუსისა და გამძლეა ქეცის, ფიტოფტოროზის და ფოთლების დახვევის მიმართ. ნემატოდის მიმართ გამძლეა ნევსკი, ხოლო კარტოფილის კიბოს პიკასო უძლებს. მიიჩნევა, რომ კარტოფილის ჯიში 3-4 წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსავალი მცირდება.
5. კარტოფილის ქართული ენდემური ჯიში არ არსებობს
კარტოფილის სამშობლო სამხრეთ და ცენტრალური ამერიკაა. კარტოფილის ყველა ჯიში თავისი წარმოშობით ამერიკულია, განსხვავებულია მხოლოდ მწარმოებელი ქვეყნები. ევროპაში კარტოფილი პირველად 1565 წელს ჩილედან ესპანელებმა შეიტანეს. საქართველოში კი კარტოფილის პირველი ნათესები მე-19 საუკუნეში თბილისის მახლობლად გერმანელი კოლონისტების დასახლებებში გაჩნდა. თბილისის მოსახლეობა კარტოფილს და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს სწორედ გერმანელებისგან ყიდულობდა. დღეს კარტოფილს უმეტესად თესავენ სამცხე-ჯავახეთის, ახალქალაქის, ახალციხის, წალკის, დმანისის, თეთრი წყაროს, ხულოს და შუახევის რაიონებში
ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი ხორვატიაში ხახვის თესვას კრძალავს, უსაფუძვლოა
27 ივნისს, ტელეკომპანია კავკასიის გადაცემა "სპექტრის” წამყვანმა, დავით აქუბარდიამ განაცხადა, თითქოს ხორვატიაში ფერმერს ხახვის წარმოებას ბრიუსელიდან ინსტრუქტაჟი და ევროკავშირის ბიუროკრატია უშლის ხელს. კერძოდ:
დავით აქუბარდია, წამყვანი: „ხორვატიაში ვიღაცა ტიპი ხახვს თესავდა და ინსტრუქტაჟი ჩამოუვიდა ბრიუსელიდან: თქვენი ხახვი რამდენ მოსავალს მოგცემდათ, ჩვენ გიხდით ოღონდ შეწყვიტეთ თესვა. აი, ასეთი ინსტრუქტაჟებიც კი ჩადიოდა და ნორმალურია, კაცო,ეს?! ეს არის ბიუროკრატიის ჭერი!"
ტელეკომპანია კავკასია, გადაცემა სპექტრი, 27 ივნისი
ამგვარი მტკიცება საფუძველს მოკლებულია, რადგან:
არ არსებობს, ევროკავშირის რაიმე ცალკეული რეგულაცია ან დირექტივა, რომელიც ზღუდავს ხორვატიაში ხახვის წარმოებას. ევროკავშირსა და ხორვატიას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა „ხორვატიის სასოფლო განვითარების პროგრამა 2014-2020 წლებში" ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ხორვატიის ფერმერულ მეურნეობასა და სურსათის სექტორის სტრუქტურულ ცვლილებებსა და მოდერნიზაციას ისახავს მიზნად. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ხელშეწყობას. მისი ღირებულება 2,3 მილიარდ ევროს შეადგენს.
მიუხედავად სასოფლო სამეურნეო სექტორში არსებული საერთო პოლიტიკისა, ევროკავშირი არ ერევა ქვეყნების შიდა გადაწყვეტილებებში: რა ტიპის სასოფლო სამეურნეო პროდუქცია უნდა იწარმოებოდეს ამა თუ იმ ქვეყანაში. ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა ითვალისწინებს მწარმოებლების ხელშეწყობას, წევრი ქვეყნებისთვის მოქნილი სისტემის შეთავაზებას სასოფლო-სამეურნეო სექტორის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისთვის და გარემოს დაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების უზრუნველყოფას.
ხორვატიაში ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურებია: პომიდორი,კომბოსტო, ხახვი, ნესვი და წიწაკა. მათ ძირითადად კერძო ფერმერები აწარმოებენ. 2014 წელს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტმა 290 მილიონ ევროს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელი აღმოჩნდა ხორვატიისათვის, რადგან იგი 85%-ზე მეტი იყო 2005-2014 წალამდე ექსპორტით მიღებულ საშუალო შემოსავალზე. ევროსტატის მონაცემებით, ხორვატიამ 2015 წელს 17 000 ტონა ხახვი აწარმოა.
მანიპულაცია ადამიანის ტყავისგან დამზადებულ ტანსაცმელზე "ასავალ-დასავალსა"და რუსულ მედიაში
ასავალ-დასავალის ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ინგლისური ფირმა Human Leather ადამიანის ტყავისგან ტანსაცმელს ამზადებს.
გიორგი გიგაური: "… და ბოლოს, კიდევ ერთი „ევროპული მიღწევის" შესახებაც მოგახსენებთ! ინგლისში არსებობს ფირმა Human Leather, რომელიც ტანისამოსსა ადამიანის ნატურალური ტყავისგან კერავს! ეს „პროდუქცია" ცალობით იკერება და, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ძალიან მდიდარი და ექსტრავაგანტური კლიენტების „ექსკლუზიური სიამოვნებაა", დიახ, Human Leather მსოფლიოში ერთადერთი ფირმაა, რომელიც მსგავს „პროდუქციას" ქმნის და მისი ბიზნესი ყვავის! რა თქმა უნდა, ჩნდება ლოგიკური კითხვა: საიდან აქვს ამ ფირმას შესაბამისი „მასალა"?! როგორც ფირმის მესვეურები აცხადებენ, ისინი იყენებენ მხოლოდ იმ „მასალას", რომელსაც სიკვდილის პირას მყოფი ადამიანები მათ ანდერძით „ჩუქნიან"! თუმცა, თუ გავიხსენებთ ათასობით უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანს სირიაში, უკრაინაში, ერაყსა თუ ლიბანში, ადვილი მისახვედრია, ვინ ვისთვის და რისთვის ატყავებს თავის უბედურ მსხვერპლს! როგორც ჩანს, ინგლისში კარგად გაისიგრძეგანეს „მესამე რაიხის" მემკვიდრეობა: სწორედ ჰიტლერული გერმანია უდგებოდა ასე „შემოქმედებითად" ადამიანთა მასობრივ განადგურებას და მათ, უბრალოდ, კრემატორიუმში კი არ წვავდა, არამედ ადამიანის ნაწილებისგან (თმებისგან, ძვლებისგან, კბილებისგან, კანისგანდაა.შ.) უამრავ რამეს ამზადებდა! არადა, ნაციზმი ნიურნბერგის პროცესზე გაასამართლეს! როგორც ჩანს, სულ ტყუილად! აი, ბატონო, ესეც ჩვენი „ევროპულისამოთხე", რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება ევროჯოჯოხეთს! ასავალ-დასავალი. #13 (2016), 28 მარტი – 3 აპრილი. 2016.
"ასავალ-დასავალისა” და Царьград ТВ-ს დეზინფორმაცია აშშ-ში ადამიანისა და ცხოველის შეჯვარების შესახებ
დეზინფორმაციას ამერიკულ კვლევით ინსტიტუტებში ადამიანისა და ცხოველების შეჯვარების ექსპერიმენტების შესახებ "საქართველო და მსოფლიოს” შემდეგ გაზეთი "ასავალ-დასავალი” აქვეყნებს.
"ასავალ-დასავალის” 22-28 აგვისტოს ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ გიორგი გიგაურის სტატია, სათაურით "ამერიკა ადამიანის ცხოველთან შეჯვარებას აპირებს”, რომელშიც ის აცხადებს:
"ამერიკული კვლევის ინსტიტუტები უკვე ერთი წელია, ითხოვენ აღდგეს სამთვრობო დაფინანსების პროგრამა, რომლითც შესაძლებელი იქნება ადამიანისა და ცხოველების შეჯვარების ექსპერიმენტები!.. ვეჭვობ, ამერიკელი მეცნიერების მიერ ლაბორატორიაში შექმნილმა და იქ საგანგებოდ გამოკეტილმა მუტანტებმა რაიმე სახით პროტესტი ან აჯანყება გაუხერხონ თეთრ სახლს, მაგრამ ის, რომ ეს ყოველივე აბსოლიტურად ამორალურია, ვგონებ არცერთ ჭკუათმყოფელში ეჭვსაც არ იწვევს!”
რეალური ფაქტები
1. რას ითხოვს აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტი (NIH)?
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტი ითხოვს სამთავრობო დაფინანსების მოპოვებას გასტრულაციის ეტაპზე ცხოველის ემბრიონში ადამიანის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისთვის. მსგავსი ტიპის კვლევებზე თავად NIH-ს 2015 წლის სექტემბრიდან მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული. ექსპერიმენტი გულისხმობს ცხოველის ემბრიონში ადამიანის უჯრედებისა და ორგანოების გაზრდას.
NIH-ის განმარტებით, ცხოველებში ადამიანის ორგანოების გაზრდა გადაჭრის მსოფლიოში ტრანსპლანტატის დეფიციტს და ხელს შეუწყობს ისეთი ქრონიკული დაავადებების მკურნალობის კვლევებს, როგორიცაა დიაბეტი და ალცჰაიმერი. მკვლევრები იმედოვნებენ ცხვრებში, ღორებსა და ძროხებში ადამიანის გულის, თირკმლის, ღვიძლისა და სხვა ორგანოების გაზრდას, რომლებსაც ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენებენ. NIH-ის მიერ შეთავაზებული პოლიტიკის მიხედვით, აკრძალულია მსგავსი ექსპერიმენტები ადამიანის მსგავს მაიმუნებზე, ადამიანსა და მაიმუნს შორის ახლო ნათესაობის გამო. შეზღუდვა აგრეთვე ეხება ცხოველის გამრავლებასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს, რომელშიც ცხოველის ემბრიონში ადამიანის უჯრედების გადანერგვა ადამიანის კვერცხუჯრედის ან სპერმის განვითარებას გამოიწვევს.
NIH-ის წინადადებამ ამერიკულ საზოგადოებაში საჯარო დებატები გამოიწვია ბიოეთიკისა და ცხოველთა უფლებების შესახებ. ექსპერიმენტების დაფინანსების შესახებ მთავრობას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
2. რა არის შეჯვარება?
ქართულ მედიაში NIH-ის შეთავაზება გაშუქდა როგორც "ადამიანის და ცხოველის შეჯვარება”. ბიოლოგიაში შეჯვარება/ჰიბრიდიზაცია გულისხმობს სექსუალური რეპროდუქციის გზით ორი სხვადასხვა სახეობის ცხოველის მიერ ემბრიონის შექმნას.
NIH-ის წინადადების მიხედვით, ცხოველი ასრულებს ინკუბატორის როლს, რომელშიც ადამიანის ორგანო გაიზრდება. ამ ექსპერიმენტს ადამიანსა და ცხოველს შორის განაყოფიერებასა და ჰიბრიდული ემბრიონის შექმნასთან საერთო არაფერი აქვს. ვრცლად ადამიანისა და ცხოველის შეჯვარების თეორიულ შესაძლებლობაზე იხილეთ მითების დეტექტორის მიერ მომზადებული მასალა.
რუსული წყაროები: ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდების არსებობის შესახებ დეზინფორმაციის წყარო რუსული მედიაა. მათ შორისაა პორტალი Царьград (Эксперименты по скрещиванию человека и животных возобновляются в США), რომელიც ღიად აცხადებს, რომ მეფის რუსეთი "ძველი დიდების” აღდგენას ემსახურება, აგრეთვე Москва-Третий Рим (Богомерзкие эксперименты. В Британии и США будут скрещивать человека с животными), რომელიც რუსეთის ბიზანტინიზმის იდეას ეფუძნება.
ქართული წყაროები: "ასავალ-დასავალის” მსგავსად ამერიკულ კვლევით ცენტრებში ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდული ემბრიონის შექმნის შესახებ სტატია სათაურით "მკრეხელური ექსპერიმენტები _ ბრიტანეთსა და აშშ-ში ადამიანებს ცხოველებთან აჯვარებენ”, რამდენიმე დღით ადრე, გამოაქვეყნა "საქართველო და მსოფლიო”-მაც. მათი თქმით, აშშ-ის იელის უნივერსიტეტში გრძელდება ჰუმანზეს, ანუ ადამიანისა და შიმპანზეს ქიმერას შექმნის ექსპერიმენტები. რეალური ფაქტები აღნიშნულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია პუბლიკაციაში – "დეზინფორმაცია: აშშ-ში ადამიანის და შიმპანზის შესაჯვარებლად ცდებს ატარებენ”.
ერთადერთი წყარო, რაც მსგავსი კომპანიის არსებობას ადასტურებს, 2008 წელს დარეგისტრირებული ვებ-საიტია, რომლის სანდოობის გადამოწმება რამდენიმე გზით ვცადეთ.
პირველ რიგში, "მითების დეტექტორი” ვებ-გვერდზე მითითებული ელექტრონული მისამართის საშუალებით ცდილობდა აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებას, თუმცა, უშედეგოდ. ელექტრონულ წერილზე პასუხის მიღება ვერ მოხერხდა.
მეორე: აღნიშნული საიტის სანდოობის შესამოწმებლად სპეციალური ვებ-რესურსი გამოვიყენეთ, რომელიც ვების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციისა და მისი სანდოობის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. Human Leather-ის საიტი აქაც საეჭვოდ არის მიჩნეული. როგორც ირკვევა, საიტი აშშ-შია დარეგისტრირებული, თუმცა შესაძლოა მისი მფლობელი ინდოეთში იმყოფებოდეს. საიტი საეჭვოდ და რისკის შემცველად არის მიჩნეული:
ამასთანავე scamadviser.com-ის თანახმად, აღნიშნული ვებ-გვერდი დარეპორტებულია, როგორც არასანდო და მის სარწმუნოობას არც სხვა ვებ-გვერდები ცნობენ. მესამე: ფოტოსურათი, რომელსაც გაზეთი "ასავალ-დასავალი”ადამიანის კანით ტექსტილის დამზადების საილუსტრაციოდ იყენებს, წარმოადგენს ფაბრიკაციას და არა რეალურ ფაქტს. კერძოდ,სტატიაში გამოყენებულ ფოტოზე გამოსახულია მამაკაცი, რომელსაც ადამიანის კანის მსგავსი მასალისგან შეკერილი ქურთუკი აცვია. როგორც ირკვევა, ფოტოზე ასახული ტექსტილი შექმნილია დიზაინერ ოლივიერ გულეს მიერ (Olivier Goulet). დიზაინერი წლების განავლობაში მუშაობდა ისეთი ტექსტილის შექმნაზე, რომლსაც ადამიანის კანის იმიტაცია ექნებოდა.