საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, სხდომაზე, რამდენიმე ხელშეკრულება განიხილა. სარატიფიკაციო დოკუმენტები დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.
მომხსენებლის განცხადებით, „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულება – „საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვი” საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ შესაძლებლობებს იძლევა.
ხელშეკრულებით ბანკები, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ პროექტებს სესხის სახით დააფინანსებენ. პროექტები მებაღეობის (მეთხილეობის ჩათვლით) და მეღვინეობის მიმართულებითაც დაფინანსდება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შექმნის მთლიან ციკლს მოიცავს. პროგრამას სოფლის მეურნეობის პროდუქტების მართვის სააგენტო განახორციელებს.
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტი)” სასესხო შეთანხმების მიხედვით, EBRD-მა საქართველოს სესხის სახით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ხიდის მშენებლობისთვის 6 მლნ. ევრო გამოუყო. სესხის ხანგრძლივობა 15 წელს შეადგენს.მათ შორის, 3 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია EURIBOR-ზე. პროექტს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.
საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), საქართველოს, გრანტის სახით, დაახლოებით 1 მლნ. აშშ. დოლარი იმ პირობით გამოუყო, რომ ეს თანხა შესაძლოა გაზრდილიყო ან შემცირებულიყო. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს თანამონაწილეობა დაახლოებით 333 ათას აშშ. დოლარს შეადგენდა, რომელიც ასევე, გრანტის თანხის გაზრდის ან შემცირების შესაბამისად შეიცვლებოდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებით USAID-ის მიერ გამოყოფილი საგრანტო თანხა 1 მლნ აშშ. დოლარით იზრდება. შესაბამისად, იზრდება საქართველოს თანამონაწილეობაც.
როგორც გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, აღნიშნული თანხებით აქტივობები სამოქალაქო საზოგადოების და მოწყვლადი მოსახლეობისთვის სამოქალაქო და ეკონომიკური სერვისების მიმართულებებით დაფინანსდება:
„დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში” ცვლილება ნომერ ერთი”, გრანტის მიმღებისა და USAID-ის გადაწყვეტილებით, გრანტის მთლიანი თანხის, დაახლოებით 6,52 მლნ. აშშ დოლარით გაზრდას ითვალისწინებს.
მომხსენებლის განმარტებით, ცვლილება განსახორციელებელ პროექტებში საქართველოს თანამონაწილეობის გაზრდასაც გამოიწვევს. პროექტების დაფინანსება რამდენიმე მიმართულებით არის განსაზღვრული: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, დემოკრატიული მმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში” ცვლილება ნომერი ერთი” განიხილეს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კანონმდებლებს შეთანხმებაში განსახორციელებელი ცვლილების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, პროექტის – „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა” მიზანია ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მაღალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა.
საგრანტო შეთანხმების ცვლილების მიხედვით, USAID-ის მიერ გამოყოფილი ჯამური თანხის 13,1 მლნ აშშ დოლარით გაზრდა იგეგმება, რაც შესაბამისად, 57,298,636 აშშ დოლარს მიაღწევს. ასევე იზრდება საგრანტო თანხის ოდენობაც – 14 მლნ 970 ათასი აშშ დოლარით. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი მიმართულებები რჩება იგივე, რაც ძირითადი საგრანტო შეთანხმებით იყო განსაზღვრული. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი მიმართულებებით: კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება; განათლება; ინფრასტრუქტურა; სოფლის მეურნეობა; კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა და გარემო. შესაბამისად, ყველა მათგანისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა იზრდება. მომხსენებლის განცხადებით, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისათვის განსაზღვრული საგრანტო თანხა გაიზარდა ერთი მილიონ 700 ათასი აშშ დოლარის ოდენობით და 3 მლნ 260 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
ცვლილება შედის „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში”.
მომხსენებლის განმარტებით, „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა” განვითარების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოს გრანტის სახით, დაახლოებით 13,1 მლნ. აშშ. დოლარი გამოუყო, რომელიც ასევე, შესაძლოა გაზრდილიყო ან შემცირებულიყო. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს თანამონაწილეობა დაახლოებით 4,4 მლნ აშშ. დოლარს შეადგენდა, რომელიც ასევე, გრანტის თანხის გაზრდის ან შემცირების შესაბამისად შეიცვლება.
წარმოდგენილი ცვლილებით, USAID-ის მიერ საგრანტო თანხის ოდენობა, იზრდება 15 მლნ. დოლარით და რაც დაახლოებით 28 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, პროექტს, დონორი მხარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციით განახორციელებს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა კომიტეტის წევრებს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება გააცნო. მინისტრის მოადგილის განმარტებით, შეთანხმების მიზანს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური კავშირების გამყარება წარმოადგენს. „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმების მიზანი საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეშვეობით, საქონლის და მომსახურების გაცვლის, ასევე კაპიტალის და ადამიანების გადაადგილების ხელისშეწყობაა”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. შეთანხმება გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადისგან თავის არიდების აღკვეთასაც ითვალისწინებს.
დღესვე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ წარმოდგენილი „რეგიონული განვითარებისა და მუნიციპალური დანიშნულების ფინანსების მართვის სისტემის ინსტიტუციონალიზაციის შესახებ” საკანონმდებლო წინადადება განიხილეს. დეპუტატებმა გამოთქვეს მოსაზრებები, საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, ფინანსთა, იუსტიციის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენელთა პოზიციებს გაეცნენ და საკითხს მხარი არ დაუჭირეს.