21 თებერვალას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სხდომაზე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის და მისი თანმდევი კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვა განაგრძო.
საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, ითვალისწინებს მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის დაკავშირებას და უკანტაქტო პატრულირების შემოღებას.
ცვლილებების თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეწყვეტას გამოიწვევს და მართვის უფლების მისაღებად პირი იძულებული იქნება გამოცდა ხელახლა ჩააბაროს უფლების ამგვარად შეწყვეტიდან არაუადრეს 2 თვისა.
უკანტაქტო პატრულირების შემოღების შემთხვევაში, პოლიციას უფლება ენიჭება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, გამოიყენოს პოლიციის სარგებლობაში არსებული ამოსაცნობი ნიშნები სარმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოები. აღნიშნულ შემთვევებში, პოლიციელს უშუალო კონტაქტი არ ექნება საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ პირთან და სამართალდამრღვევს სამართალდარღვევის ოქმი გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
საკომიტეტო განხილვის დროს, საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა მზადყოფნა გამოთქვა კანონპროექტში გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, რომლის თანახმად, იმ ადგილებში, სადაც განხორციელდება უკანტაქტო პატრულირება, განთავსდება ამოსაცნობი ნიშანი. მისი განმარტებით, ამით დაცული იქნება ბალანსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებსა და საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვას შორის.
წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ცალკეულ დარღვევებზე. კერძოდ, სპეციალური სიგნალის გამოყენებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების შეფერხებისთვის დაწესებული 1 წლის ვადით მართვის უფლების შეჩერება იცვლება 300 ლარის ოდენობის ჯარიმით (სასწრაფოს და სახანძრო-სამაშველო ტრანსპორტის შეფერხებათვის), ხოლო სპეციალური სიგნალით მოძრავი სხვა სატრანსპორტო საშუალებების შეფერხებისთვის – 100 ლარის ოდენობის ჯარიმით.
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, იცვლება სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის დროს გათვალისწინებული ადმინისტრაციული სასჯელი. დღეს მოქმედი ნორმით, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენისას, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 700 ლარის ოდენობის ჯარიმით. ცვლილების თანახმად, პირს მართვის უფლების შეჩერების შეცვლის მოთხოვნით უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან არაუადრეს 3 თვისა.
კომიტეტმა, პრინციპების დონეზე, საკანონმდებლო პაკეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე მუხლი, რომლებზეც პოზიციები შესაჯერებელია. ერთ-ერთი ასეთი საკითხი უკანტაქტო პატრულირებას შეეხება. კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული მუხლების ფორმულირება ისე უნდა მოხდეს, რომ კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. კომიტეტმა გაიზიარა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიცია დამატებითი სამუშაო შეხვედრის გამართვის შესახებ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრას მომავალ კვირაში, ამ შეხვედრის გამართვისა და პოზიციების შეჯერების შემდეგ ჩაატარებს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტისა და მისი თანმდევი პროექტების განხილვაში დეპუტატებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.