შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში წარმოადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფიცი ავრცელებს.
მათი ცნობით, 2017 წლის 20 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის 24 ივნისს დადგენილებით გაცემული 23 რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობაზე ისაუბრა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ რეკომენდაციათა დიდი ნაწილი მხოლოდ ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. მათ შორის, რეკომენდაცია პირის დაკავების კანონიერებაზე მკაცრი ზედამხედველობის განხორციელებისა და დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებს შესახებ. მიუხედავად მოწოდებული ინფორმაციისა, რომ პირის დაკავებისას პოლიციელის მხრიდან გადაცდომის შესახებ შემოსული შეტყობინებების საფუძველზე მყისიერად ტარდება სამსახურებრივი შემოწმება ან დანაშაულის ნიშნების არსებობისას შეტყობინება ქვემდებარეობით ეგზავნება პროკურატურას, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაკავების კანონიერების შესწავლის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება და რეკომენდაციაც მხოლოდ ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. მითუმეტეს, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ერთ–ერთი საქმე, სადაც პოლიციელებმა პირი დააკავეს, ხელბორკილი დაადეს და პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, ხოლო, შსს–ს ინფორმაციით, მოქალაქე მხოლოდ და მხოლოდ მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში.
„მისასალმებელია დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო მომსახურების ახალი ინსტრუქციის დამტკიცება, რომელსაც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შემუშავებული იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმა ერთვის თან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ფორმით დოკუმენტირება მხოლოდ იმ იზოლატორებში მოხდება, სადაც ექიმები არიან დასაქმებული. ხოლო რეკომენდაცია თითოეული სამედიცინო შემოწმების დროს დაკავებული პირის სხეულზე არსებული ყველა დაზიანების სტამბოლის ოქმის შესაბამისად სრულყოფილ აღწერასა და დოკუმენტირებას გულისხმობდა.
ასევე ნაწილობრივ არის შესრულებული რეკომენდაცია დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში პირთა განთავსებისას მათთვის არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების შესახებ ინფორმაციის ეფექტიანი ფორმით მიწოდების შესახებ, ვინაიდან იზოლატორში მოთავსებისას პირი უფრო დეტალურ, გასაგებ ენაზე და წერილობით ინფორმაციას საჭიროებს.
სამინისტრო მუშაობს რეკომენდაციის შესასრულებლად, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტების არსებობისას დაკავებულ და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა დროულ სამედიცინო გამოკვლევას, მკურნალობას და საჭიროების შემთხვევაში − სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას გულისხმობს. უნდა აღინიშნოს, რომ იზოლატორებში მოთავსებული პირები ძირითადად უზრუნველყოფილი არიან სამედიცინო მომსახურებით, თუმცა, არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირებისათვის მნიშვნელოვანია სტამბოლის პროტოკოლის დანერგვა.
რეკომენდაცია – დაკავებული პირის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებისას მის სხეულზე დაზიანების აღმოჩენის თაობაზე მთავარი პროკურატურისთვის შეტყობინების გაგზავნის შესახებ ინსტრუქცია მკაფიოდ განისაზღვროს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით – ნაწილობრივ შესრულდა. მართალია შეტყობინების ვალდებულება განისაზღვრა, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ აუცილებელია უფრო მკაფიო ინსტრუქციის შემოღება. მაგალითად, დამუშავებული 578 შემთხვევის ანალიზიდან ირკვევა, რომ 111 შემთხვევაში, მიუხედავად დაკავებულის თვალსაჩინო დაზიანებებისა, შეტყობინება არ გაგზავნილა“, _ აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველის რეკომენდაციის თანახმად, სათვალთვალო კამერები ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორში დამონტაჟდა, თუმცა პოლიციის სამმართველოები და განყოფილებები ჯერ კიდევ არ არის სრულად აღჭურვილი, ხოლო სადაც დამონტაჟდა, მხოლოდ შენობის შესასვლელში, ოპერატიული მორიგესთან.
„არ შესრულებულა რეკომენდაცია საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქესთან ურთიერთობისას სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების ვალდებულებისა და გაკეთებული ჩანაწერის შენახვის წესისა და ვადის განსაზღვრის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და შს მინისტრის ბრძანებით დადგენილია პატრულ-ინსპექტორის მიერ სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების უფლება (და არა ვალდებულება). ჩანაწერის შენახვის წესი და ვადა კი დამოკიდებულია მოწყობილობის ტექნიკურ მახასიათებელზე და მისი წინასწარი განსაზღვრა შეუძლებელია.
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია ეხებოდა სწორედ შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანას სამხრე კამერის ვიდეო ჩანაწერის გაკეთების ვალდებულების დაწესების და ჩანაწერის შენახვის ვადის განსაზღვრის მიზნით. სამხრე ვიდეოჩანაწერი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისთვის.
შესრულებული არ არის რეკომენდაცია დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული ვიდეო–მეთვალყურეობის სისტემის მეშვეობით ვიდეოჩანაწერების გაკეთების და მათი გონივრული ვადით შენახვის შესახებ. ვიდეოჩანაწერების წარმოების, ჩაწერილი მასალის დაარქივებისა და განადგურების მოქმედი წესის თანახმად, ჩანაწერების შენახვა უნდა მოხდეს არანაკლებ 24 საათისა, რაც სახალხო დამცველის აზრით, გონივრული ვადა არ არის.
წარმატებით ხორციელდება რეკომენდაცია დროებითი მოთავსების იზოლატორებში კონფიდენციალური საჩივრის წარდგენის მექანიზმის დანერგვის შესახებ.
ჯერ კიდევ იკვეთება გარკვეული ხარვეზები, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სრულდება რეკომენდაცია დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოებისათვის ზომების მიღების, მათ შორის ინსპექტირების განხორციელების შესახებ.
არ შესრულებულა რეკომენდაცია – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმას დაემატოს გრაფები მასში შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის დრო, დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა, რა ვითარებაში მოხდა პირის დაკავება, გასწია თუ არა პირმა დაკავებისას წინააღმდეგობა, გამოყენებული იქნა თუ არა იძულების პროპორციული ზომა და რა ფორმით იქნა გამოყენებული იძულების ზომა“, _ აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.
სახალხო დამცველი მიესალმება, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, მისი რეკომენდაციის შესაბამისად, ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს. მიუხედავად ამისა, არსებული პირობები ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რეკომენდაციის თანახმად, სამინისტრო ატარებს სხვადასხვა სახის სწავლებისა და გადამზადების კურსებს პოლიციის თანამშრომლებისათვის. წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აღმოფხვრისა და თავიდან აცილებისათვის. თუმცა, საჭიროა უფრო ჩაღრმავებული სწავლება. ასევე, უცნობია, როგორ ხდება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შემოწმება.
მისივე ცნობით, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოებისათვის სამინისტროს თანამშრომელთა სწავლების თვალსაზრისითაც. შსს აკადემიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთათვის მომზადება-გადამზადება სპეციალური მოკლევადიანი სასწავლო კურსი ჩატარდა და სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მსგავსი სწავლება პოლიციის დეპარტამენტების, სამმართველოებისა და განყოფილებების თანამშრომლებსაც ჩაუტარდებათ.
„განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ არ გატარებული საჭირო ღონისძიებები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობის, შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით. ასევე, გამოიკვეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ინფორმირებულობის დაბალი დონე.
მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ შეიმუშავა ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების სახელმძღვანელო პრინციპები და არც უბნის ინსპექტორები მოქმედებენ პროაქტიულად ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების პრევენციისა და გამორკვევის კუთხით.
მისასალმებელია, რომ გაიზარდა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასევე იგეგმება ამ პრობლემის აღმოფხვრისკენ მიმართული კამპანიებიც. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული ძალისხმევა არ გაუწევია ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების, არსებულ ძალადობის ფაქტებზე მონიტორინგის მექანიზმის დანერგვისა და სამინისტროს თანამშრომლების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განუხრელი შესრულების მონიტორინგის თვალსაზრისით.
შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს უჭირთ გენდერული ძალადობის იდენტიფიცირება, განსაკუთრებით, ფსიქოლოგიური ძალადობისა და მუქარის გამოვლენა, აქცენტი მხოლოდ თვალით ხილულ ფიზიკურ დაზიანებაზე კეთდება და რეაგირებაც სწორედ მაშინ ხდება თუ მოძალადემ მსხვერპლი უკვე ფიზიკურად იმსხვერპლა ან დააზიანა.
განსაკუთრებით პრობლემურია მოწყვლად ჯგუფებზე ძალადობის ფაქტების იდენტიფიკაცია და მისი აღმოფხვრისთვის გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი. შემაშფოთებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოს უჭირს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირის მიმართ არსებული ოჯახში ძალადობის დადგენა და ამ მიზნით არ თანამშრომლობს სოციალურ სამსახურთან“, _ აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.