საპარლამენტო უმცირესობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დასაწყებად სულ მცირე 50 დეპუტატის მხარდაჭერა და შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერის შეგროვება სჭირდება.
მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მიიღება, საქართველოს კანონმდებლობა შემდეგ პროცედურას ითვალისწინებს: თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნის წინადადებით მიმართოს. შესაბამის მიმართვაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს კონკრეტული ბრალდების სახე, ბრალდების შინაარსი, სათანადო არგუმენტები და მას უნდა ერთვოდეს არსებული მასალები.
პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ საპროკურორო საბჭოს წარდგინებას. შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
მთავარი პროკურორი შეიძლება თანამდებობიდან ვადამდე იმ შემთხვევაშიც გათავისუფლდეს, თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება, რომ მთავარმა პროკურორმა დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, უმცირესობა დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას და ასევე მოითხოვს საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას, რათა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა დააყენოს.