საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ვექტორის" წამყვანი, ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი არხზე გადაცემების დახურვის თემას ეხმაურება.
"მაია ასათიანის "პროფილი", _ აი, გადაცემა, რომელიც ეჯიბრება "ვექტორს"… ეჯიბრება და ჯაბნის.
სწორედ "პროფილი" გადის ხუთშაბათობით ზუსტად იმ დროს, როცა მაუწყებლის ეთერში ვსაუბრობთ ნატოზე… სირიის კონფლიქტზე, უვიზო რეჟიმზე, რუსეთის აგრესიაზე და ა.შ.
მაია ასათიანს გაეჯიბრეო, ირიბად ამას მეუბნება მენეჯმენტი.
ჩემო კარგებო, ვიდრე მითქვამს – Сами выбирайте колор и сами красьте, მანამ გკითხავთ, როგორ? რანაირად?
სხვა კითხვაც მაქვს – 2015 წლის სექტემბერში დამტკიცდა ვექტორი, როგორც პროექტი.
2015 წლის ოქტომბერში პირველი "პილოტი" ჩავწერეთ.
კომისიამ – შემადგენლობით – გოგი გვახარია, ელდარ შენგელაია, დავით ბუხრიკიძე, იაგო კაჭკაჭიშვილი და თემურ გოგოლაძე, დაამტკიცა 45 წუთიანი გადაცემის პროექტი. ამასთან – პირდაპირი ეთერი.
მაქვს კითხვა – რატომ შეგვიმცირეთ დრო?
რატომ არ მოგვეცით live?
რატომ ჩაგვსვით ჯერ სამშაბათს (ჩვენამდრ იყო "უცნობი მუსიკა", ანუ, განტვირთვა და მერე მოვსდევდით ჩვენ… ამასთან ღამის 00:00 საათზეც კი)… და რატომ "დაგვასვით" ხსენებულ "პროფილს"… ეგეც ჩემი ბრალია?
(სამართლიანობისათვის აღვნიშნავ, რომ მიუხედავად დღეს სხვადასხვა ბანაკებში ყოფნისა, თიკო ბერძენიშვილს დიდი წვლილი აქვს შეტანილი გადაცემის ეთერში გასვლაში… თუმცა, დამატებით გკითხავთ, სექტემბერ-ოქტომბერში დამტკიცებულ პროექტზე ტენდერი (შესყიდვებზე) რატომ გამოცხადდა დეკემბრის მიწურულს? რატომ ვერ მოხერხდა დამტკიცებული გადაცემის ჩაშვება იანვრის ბოლომდე?
და ბოლოს, ის, რითიც დავიწყე – მაია ასათიანს უნდა გავეჯიბროთ?
(არ მიწყენს მაია… ვგულისხმობ მის პროფილს)“, _ წერს ტაბლიაშვილი საკუთარი "ფეისბუკის“ გვერდზე.
ცნობისთვის, დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წევრმა, გიორგი გვიმრაძემ არხის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების ნაწილის დახურვისა და ნაწილის სამაუწყებლო ბადეში დატოვების სავარაუდო გეგმა წარუდგინა.
მოგვიანებით, არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განმარტა, რომ გადაცემების დახურვის შემდეგ გამოთავისუფლებული თანხები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად ინება მიმართული.
ვასილ მაღლაფერიძის მტკიცებით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რომ გამოსწორდეს, ამისთვის რაღაც ნაწილში ეკონომია უნდა გავაკეთოთ.
"ეს არის გრძელვადიანი სამუშაო პროცესი და სერიოზულ ფინანსებს მოითხოვს. არხის რეიტინგს განაპირობებს გადაცემები და მანამდე უნდა გამოსწორდეს არხის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რომ გამოსწორდეს, ამისთვის რაღაც ნაწილში უნდა გავაკეთოთ ეკონომია, რომ ეს თანხები მივმართოთ ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად. ჩვენ სხვა გზა არ ვიცით როგორ უნდა დაიზოგოს თანხა და ბორდს შევთავაზეთ, დაიხუროს ის გადაცემები, რომლებსაც შედარებით დაბალი რეიტინგი აქვს და ეს თანხა მიმართულ იქნეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად. რეიტინგები და შეფასებები ჩვენ არ დაგვიდგენია, ეს არის ობიექტური მთვლელების დადგენილი, აქ ადამიანის ხელი არ ურევია და ჩვენი პრინციპული ხედვაა, რომ ეს არ უნდა მოხდეს სუბიექტური ფაქტორებით", _ განაცხადა მაღლაფერიძემ.