ხორციანი, მსუყე კერძების ხშირად და გადამეტებულად ჭამა ნიკრისის ქარით დაავადებას უწყობს ხელს. სტატისტიკურად, ამით ხშირად მამაკაცები ავადდებიან. ნიკრისის ქარი არასწორი ცხოვრების წესით არის გამოწვეული, ამიტომ მისი კონტროლი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
ცხოველური ცილებისა და ალკოჰოლის ზედმეტად მიღება არღვევს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.
სანამ ნიკრისის ქარი იჩენს თავს, რამდენიმე წელი ის შეუმჩნევლად მიმდინარეობს. დაავადების მიზეზი ორგანიზმში შარდმჟავას დონის მომატებაა, რომელიც თავისი სტრუქტურით კოფეინს ჰგავს. ეს უკანასკნელი კი სტიმულს აძლევს გონებას. ამიტომ, მედიკოსები აზროვნების გაუმჯობესებას შარდმჟავას მიაწერენ ხოლმე. ზოგიერთი მეცნიერი კი ამტკიცებს, რომ ამ ნივთიერების ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში ადამიანს დამატებით შანსს აძლევს, რომ მეტად გამოავლინოს თავისი გონებრივი შესაძლებლობები.
ორგანიზმში შარდმჟავას სიჭარბეს იწვევს პურინებით მდიდარი საკვები. ზედმეტი ალკოჰოლის სმა კი ანელებს და ართულებს ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფას თირკმელების საშუალებით. მემკვიდრეობითი ფაქტორი რისკს უფრო მეტად ზრდის. დროთა განმავლობაში ჭარბი შარდმჟავა კრისტალდება და ილექება კანქვეშა ჯირკვლებში და კვანძებში, ძირითადად კი სახსრებში. დაგროვილი კრისტალები იწვევს ანთებით პროცესს, ზღუდავს მოძრაობას და ადამიანი სივდება. ერთი ან რამდენიმე სახსრის მწვავე ანთებითი პროცესით, მაგალითად, ართრიტით, ვლინდება ნიკრისის ქარი.
გაცილებით საშიშია შეუმჩნევლად და უმტკივნეულოდ მიმდინარე შარდმჟავას დალექვა თირკმელებში, რაც დროთა განმავლობაში ქვების წარმოქმნას და თირკმლის უკმარისობას იწვევს.
ნიკრისის ქარი არ ექვემდებარება განკურნებას, მაგრამ მისი კონტროლი ნამდვილად შესაძლებელია. მკურნალობა პრობლემური მაშინ ხდება, თუ თირკმელებიც ჩათრეული და დაზიანებულია. მათი ფუნქციის მოშლა იწვევს სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას. გართულებებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა შარდმჟავის დონის კონტროლია. ამიტომ, ადამიანმა ამ დროს უნდა შეამციროს პურინებით მდიდარი საკვების მიღება. იშვიათად მიირთვით ღვიძლი, ტვინი, ენა, ხორცი, თევზი, შებოლილი პროდუქტი, სოკო, თალგამი, ყვავილოვანი კომბოსტო, შოკოლადი, ყავა, ალკოჰოლი და პრობლემაც ადვილად გადაწყდება.
სამაგიეროდ, დალიეთ მინერალური წყალი და ნატურალური წვენები. ასევე, კარგია, თუ კვირაში ერთხელ კუჭს დაასვენებთ და განტვირთვის დღეს მოაწყობთ. ამ დღეს ჭამეთ მხოლოდ ხილი, ბოსტნეული და ხაჭო, ასევე, მიაყოლეთ მინერალური წყალი.