ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის თემში, სოფლების _ ჭანიეთისა და ქაქუთის გზა სავალალო მდგომარეობაშია. ის მთლიანად ამორტიზებული და ორმოებით სავსე გახდა ახლანდელი დიდთოვლობის შემდეგ.
ჭანიეთის თემში უგზოობის პრობლემის შესახებ "გურია ნიუსი" უკვე წერდა. მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქ, 2017-2019 წლების განმავლობაში, გარდამავალი პროექტით ასფალტირებული გზა დაიგება, ოღონდ პირველ ეტაპზე, 2017 წელს კი მოხდება არსებული დაზიანებულ ასფალტის საფარიანი გზის დახვნა, გაფხვიერება და დატკეპნვა, მომდევნო წლებში კი _ ასფალტის დაგება.
"მართალია, ინფორმირებული ვართ და "გურია ნიუსიც" წერდა ამის შესახებ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა შეგაწუხოთ ჩვენი პრობლემის გასაშუქებლად. იანვრის დიდთოვლობის შემდეგ სოფელ ჭანიეთის გზა, ისედაც დაშლილ-დაზიანებული, იმდენად გაუარესდა, რომ ორმოები და ნაშალი მასა ისეთ ბარიერებს ქმნის, სარეისო მიკროავტობუსების თუ ნებისმიერი მანქანის მძღოლები ძლივს გადაადგილდებიან. სოფლის მცხოვრებლები ვითხოვთ კონკრეტულ პასუხს _ დროულად დაიწყება თუ არა გზის შეკეთება", _ გვწერენ ადგილობრივები.
"გურია ნიუსს" არა ერთი მათგანი ცალკეც დაუკავშირდა და გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.
მზია სურგულაძე, ჭანიეთის მკვიდრი: _ 30 წელი იქნება, რაც ჭანიეთში გზა არ გაკეთებულა. რამდენჯერ უნდა ვითხოვოთ და რამდენჯერ უნდა შეგვპირდნენ, რომ გაკეთდება?! ჯერ სამ წელზე გასანაწილებელი რა იყო, ვერ ვხვდები! დახნავენ, დატკეპნიან წელს და მომდევნო ორ წელში ასფალტს გადააგებენ? ივარგებს მერე ეს დახნულ-დატკეპნილი მომდევნო წლამდე? ისევ ორმოები არ გაჩნდება?
ახლა გვაინტერესებს, ამ წელს, რომელი თვიდან იწყება ეს დახვნა თუ გაფხვიერება. ერთს გთხოვთ _ ზაფხულისთვის არ გადაწიონ ეს საქმე და პაპანაქება სიცხეში, მტვერსა და ნაგავში ნუ დაგვახრჩობენ. კონკრეტული თვე და რიცხვი გვაინტერესებს, როდის იწყებენ!
ვალოდია ურუშაძე, ჭანიეთის მკვიდრი: _ თოვლმა სულ მოსპო ისედაც დანგრეული გზა. ორჯერ მეტი ორმოები გაჩნდა. ყველას გვაინტერესებს, როდის დაიწყება ისე გაკეთება, როგორც აპირებენ. უკეთესი კი იქნება, თუ სახსრებს გამოძებნიან და სამ წელიწადს არ გვალოდინებენ ამ გზის გაკეთებისთვის.
რამაზ კორტავა, სოფელ ქაქუთის მკვიდრი (ჭანიეთის თემი): _ თოვლი ცოტა დარჩა. ჩვენთან უსაშველო ზამთარი არ იცის და გვაინტერესებს, ამ გაზაფხულზე დაიწყება თუ არა ასე განადგურებული გზის გაკეთება და განახლება. ჩვენ არ ვამბობთ, ამ უამინდობაში იმუშაონ, ოღონდ ეს არ გაიწელოს და გაზაფხულზე, კარგი ამინდების დადგომისთანავე შეუდგნენ მუშაობას. კონკრეტული პასუხი გვაინტერესებს.
სოფელ ჭანიეთის ცენტრალური გზა იმდენად დაზიანებულია, რომ ყოველ მონაკვეთზე ორმოებში ჩავარდნის შიშით, მძღოლები ამჯობინებენ მოკლე გზით გავიდნენ ოზურგეთი-ბათუმის ტრასაზე და ისე ჩავიდნენ ოზურგეთში. ეს მოკლე შარაგზაც იმდენად დაზიანდა, რომ იქვე მცხოვრები ოჯახებიც პროტესტს გამოთქვამენ, ატალახებული გარემოს გამო.
ჯუმბერ სურგულაძე, ჭანიეთის მკვიდრი: _ ცენტრალური გზის უვარგისობის გამო, ხალხმა მოკლე გზით დაიწყო გადასვლა. მეზობელს ხომ არ აწყენინებ?! არადა, ისე ატალახდა აქაურობა, ჭიშკარში ვერ შევსულვარ. სანამ უნდა ვიყოთ ასე?! ზამთარში ტალახში ვეფლობით, ზაფხულში მტვერში ვართ ამოვლებული. დაგვეხმარეთ, კონკრეტული პასუხი გვაინტერესებს, როდის რას აპირებენ _ იქნებ, "გურია ნიუსის" საშუალებით გაგვარკვიონ. მოვითხოვთ, ზაფხულსა და შემოდგომაზე არ გადაწიონ ეს სამუშაოები. არ გვინდა შეხსენებები, რომ ჭანიეთში საბავშვო ბაღი აშენდა, სკოლა შენდება და ა. შ. კარგია ეს ყველაფერი და იმიტომაც ავირჩიეთ ეს ხელისუფლება, რომ გვქონდა იმედი, ხალხის ხმას გაიგებდა. ეს არ არის ჭირვეულობა, გზა გვინდა, ცუდ დღეში ვართ. განსაკუთრებით ამ დიდთოვლობის შემდეგ.
სერგო ბოიაჯანი, სოფელ ქაქუთის მკვიდრი: _ დიდი ხანია, ჭანიეთისა და ქაქუთის გზის გაკეთებას ველოდებით. თოვლმა და ყინვამ ისე გააფუჭა ყველაფერი, გაორმაგდა ორმოები და ნაირ-ნაირი ღრმულები. 30 წელია, გზა არ გაკეთებულა. მანქანით გადმოსვლა მეზარება, ვიცი, სარემონტო გახდება. ძალიან გვინდა, "გურია ნიუსმა" კიდევ ერთხელ კითხოს ხელისუფლებას, როდის გვეღირსება ის დახვნა-დატკეპნა მაინც, რომ ორმოებში ხტუნვა არ გვიწევდეს მუდმივად.
ეთერ ლომჯარია, ჭანიეთის მცხოვრები: _ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გვყავდა გამოძახებული და ღამით ძლივს ამოვიდა მანქანა. გვაინტერესებს, როდის შეუდგებიან საქმეს. ჩვენს ჭიშკართან გადადის გზა ოზურგეთი-ბათუმის ტრასაზე. ჭანიეთის გზა რომ გაფუჭდა, ახლა აქედან დაიწყეს მანქანებმა სიარული და ახლა ეს გზა მოისპო. იძულებული ვარ, ხალხს ვუთხრა, რომ აქედან არ იარონ. ველოდებით, რომ ბოლოს და ბოლოს, ამ გაზაფხულზე დროულად დაიწყებენ გზის გაკეთებას, თუმცა, ზუსტი თარიღი გვაინტერესებს.
"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ბადრი გობრონიძეს ესაუბრა:
_ გასაგებია, რომ გზა საჭიროა და მოსახლეობა ამაზე წუხს. ჩვენც არანაკლებ გვაწუხებს ასეთი მდგომარეობა და მაქსიმალურად ყველაფრის გაკეთებას ვცდილობთ. რომ გითხრათ, ეს პირველ კვარტალში გაკეთდება, ტყუილი იქნება. უფრო აპრილის შემდეგ, მაისში დაიწყება, ალბათ. აგვისტომდე და უფრო იქეთ ნამდვილად არ გადაიწევს. ჯერ ბიუჯეტიც არაა სრულად დამტკიცებული. ბევრი სამუშაოა. ჭანიეთში ამ ეტაპზე მხოლოდ დახვნა, დაფხვიერება და დატკეპნვა მოხდება. კონკრეტული რიცხვი არ ვიცი _ ასე არ ხდება. გაზაფხულის შუა რიცხვებიდან, უფრო მაისისკენ, ვფიქრობ, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, _ გვითხრა ბადრი გობრონიძემ.