რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს ზესტაფონში. მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში გზები ამ დრომდე გაუწმენდავია.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა "გურია ნიუსს" განუცხადა, დღის განმავლობაში 20-ამდე სოფლის გაწმენდა მოხერხდა.
გაწმენდილია, როგორც ცენტრალური, ასევე, შიდა საუბნო გზები. რაც შეეხება სოფლების ნაწილს, დღეს გზების გაწმენდა ვერ მოხერხდა არასაკმარისი ტექნიკის გამო, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, დღის განმავლობაში მხოლოდ 9 ერთეული ტექნიკა მუშაობდა. როგორც მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში გვითხრეს, ტექნიკის დამატება, ჯერჯერობით, არ იგეგმება.
გასაწმენდია სოფელი პირველი სვირი, სადაც გზა, ჩვენი ინფორმაციით, დღის განმავლობაში საერთოდ არ გაწმენდილა
"ამ დრომდე მუშაობს ტექნიკა როდინაულში და ღამის განმავლობაში გაიწმინდება სოფელ მეორე სვირის გზები. დილიდან კი განახლდება იმ სოფლების გაწმენდა, რომლებიც დღეს ვერ გაწმინდეს.", _ ამბობენ პრესსამსახურში.
"გურია ნიუსის" კითხვაზე _ დააზიანა თუ არა უხვმა ნალექმა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია გამგებლის წარმომადგენლებისგან არ მიუღიათ.
პრესსამსახურისვე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება, თუმცა, როდის აღდგება სრულად ელექტრომომარაგება, ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში კომენტარს ვერ აკეთებენ.