ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა.
ანგარიში ეფუძნება ადამიანის უფლებათა ცენტრის, საქართველოში მოქმედი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებსა და შეფასებებს.
ანგარიში მოიცავს ძირითად ტენდენციებს ადამიანის უფლებათა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: საკანონმდებლო ცვლილებები, პენიტენციური სისტემა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები, პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, მედიის თავისუფლების საკითხები, შშმ პირთა მდგომარეობა, ლგბტ პირთა უფლებები, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტები.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსმა, თამარ ავალიანმა აღნიშნა, გასულ წლებთან შედარებით, გაუარესება პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებში აღინიშნება.
„წინა წლებთან შედარებით არსებითი გაუარესება არის პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებში. მოგვმართავენ მოქალაქეები, რომლებიც საუბრობენ, რომ ისინი გახდნენ პოლიციელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. 20 ასეთი შემთხვევაა პოლიციელთა მიერ ცემაზე ადამიანის უფლებათა ცენტრში შემოსული, ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რაოდენობაზე ჩვენთან მომართვიანობა არის გაზრდილი. ასევე მომართვიანობა ნომერ მესამე პენიტენციურ დაწესებულებიდან, სადაც პატიმრები, ძირითადად, მძიმე სოციალურ ეკონომიკურ პირობებსა და დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან აგრესიაზე საუბრობენ“,_ განაცხადა ავალიანმა.
როგორც პრეზენტაციაზე აიღნიშნა, 20-ვე შემთხვევაში, არცერთ პირს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, გამოძიება კი ჭიანურდება.
ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი 2016 წლის განმავლობაში აქტიურად აკვირდებოდა მოვლენებს ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართულებით.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი 2016 წლის განმავლობაში აქტიურად აკვირდებოდა მოვლენებს ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართულებით. როგორც იცით, ადამიანის უფლებათა ცენტრი არის სხვადასხვა კოალიციების და კამპანიების წევრი და მონაწილე. ორგანიზაცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის კოალიციის ფარგლებში ადამიანის უფლებების ცენტრი აკვირდებოდა სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს, გარკვეულ შეფასებებს აძლევდა სასამართლო რეფორმის მიმდინარეობას. ასევე,ადამიანის უფლებათა ცენტრმა განახორციელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი და ამ მიმართულებით მოამზადა ცალკე ანგარიში, რომელიც დღეს, ასევე, დამატებით წარმოვადგინეთ, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ არჩევნები და იქ აღმოჩენილი დარღვევები".
ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების დასუსტება და პარლამენტში 1 პარტიის დომინირება ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს.
„არჩევნების შემდგომ, უნდა ითქვას, რომ როდესაც გვაქვს, ერთი მხრივ, კიდევ უფრო მეტად კონცენტრირებული ძალაუფლება ერთი პარტიის _ „ქართული ოცნების“ ხელში, ხოლო ოპოზიციურ პარტიები არიან დასუსტებულები, ზოგიერთი მათგანი კი გაუქმების პირას მივიდა, მაგალითად, ერთ-ერთი რეიტინგული პარტია, პაატა ბურჭულაძის პარტია, ფაქტობრივად, ფაქტიურად დაშლის პირას არის მისული და ფინანსები ამ პარტიას აღარ აქვს, რომ შემდგომში გააგრძელოს საქმიანობა, მეორე მხრივ, მთავარი ოპოზიციური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყო ორ ნაწილად, ესეც ოპოზიციური პარტიების დასუსტების ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც გარკვეულ რისკებს წარმოქმნის შემდგმოში, რომ ერთი მხრივ ძალაუფლების კონცენტრირება ერთი პარტიის ხელში, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს ერთპიროვნულად და არ გაუზიაროს სხვებს, ამ მხრივ გარკვეული რისკები არის, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზეც ნეგატიურად აისახოს“,_ამბობს ცქიტიშვილი.
მისივე განცხადებით, ანგარიშში მოხვდა პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები.
„ჩვენს ანგარიშში, ასევე, მოხვდა პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულები და ადმინისტრაციული გადაცდომები. ჩვენი ორგანიზაცია არის ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მოითხოვს, ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს და გადაცდომებს, იმიტომ რომ არის ერთადერთი გამოსავალი იმ რეალობიდან როდესაც არ დგება შედეგი ამ დანაშაულების გამოძიებისას და პირიქით, გამოძიება ცდილობს ერთი მხრივ, რომ ან კვალი წაშალოს ან დადგეს შედარებით ლმობიერი სასჯელი იმ პოლიციელთა მიმართ, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს ადამიანის უფლებები და ჩაიდინეს დანაშაული", _ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
ცქიტიშვილის თქმით, ოჯახში ძალადობის ფაქტების დიდი ნაწილი უმეტესად რეგიონებშია მომხდარი.
"ჩვენს ანგარიშში ასახული ტენდენციები, თავისთავად, რეგიონებსაც ეხება. ოჯახში ძალადობის ფაქტების დიდი ნაწილი უმეტესად რეგიონებში არის მომხდარი, ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს სასამართლოში და წინასწარი გამოძიების ეტაპზე რამდენიმე ქალბატონის ინტერესებს, რომლებიც გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი და თავისთავად, საქმის წარმოება მიმდინარეობს, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში. ადამიანის უფლებათა ცენტრს აქვს ოფისები გურჯაანში, რუსთავსა და გორში, სადაც, ასევე, ვიცავთ ადგილობრივ დონეზე ადამიანების უფლებებს და წარმოვადგენთ კონკრეტული ადამიანის ინტერესებს, როგორც სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე, სასამართლოებში“,_ამბობს ცქიტიშვილი.
როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, ორგანიზაცია ჩადენილ დანაშაულების სტატისტიკას არ ადგენს, მაგრამ ადამიანის უფლებათა ცენტრში წარმოებული საქმეების მიხედვით, პრობლემები, ძირითადად, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში და კონფლიქტის პირა სოფლებშია.
"ჩვენ სტატისტიკურად არ ვითვლით ამ მიმართულებას, ამიტომ, ასე ვერ შევაფასებთ რომელ რეგიონში უფრო მეტად ხდება დანაშაული. შეგვიძლია, ვისაუბროთ მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ ეთნიკურად უმცირესობებით დასახლებული სოფლებში უფრო მეტად შეინიშნება დაბალი სამოქალაქო ცნობიერება, მავნე ტრადიციების ზეგავლენა. მაგალითად, გახმაურებული შემთხვევაა ყვარლის მუნიციპალიტეტში, სადაც ქალთა გენეტალიების დასახიჩრების შემთხვევები გამოვლინდა და ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, რომ ამ მიმართულებით სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას და ასევე, ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც სახელმწიფომ გასწიოს სამუშაოები. ძირითადად, მაგინალურ ჯგუფებში და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში არის ასეთი ტიპის შემთხვევები, თუმცა, ეთნიკურად ქართულ სოფლებშიც არანაკლები პრობლემებია, იგივე ოჯახში ძალადობის მხრივ. კონკრეტულად, კახეთის რეგიონში არის ამ მხრივ ჩვენს წარმოებაში რამდენიმე საქმე, ასევე, კონფლიქტისპირა სოფლებში არის პრობლემები, ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოქალაქეებს უფრო მეტი სოციალური გარანტიები სჭირდებათ“,_ ამბობს ცქიტიშვილი.
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნათია კაციაშვილის თქმით, დარღვევებზე სათანადო ყურადღება უნდა გამახვილდეს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის მხრიდან ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმეა გაწეული. ამ ანგარიშის მომზადების პროცესში საყურადღებოა არაერთი დარღვევა, რომელიც მათი მხრიდან ანგარიშში მოხვდა, ეხება, როგორც სასამართლოებში განვითარებულ მოვლენებს, ასევე, პოლიციელების მიერ ძალის გადამეტებას, პენიტენციურ სისტემებში არსებულ დარღვევებს. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში დარღვევებზე სათანადო ყურადღება უნდა გამახვილდეს, ასევე, საყურადღებოა ადამინის უფლებების ცენტრის რეკომენდაციები და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ინიციატივა, რომელიც არის გარკვეულწილად არსებული დარღვევების ეფექტური საშუალება“,_თქვა კაციაშვილმა.
როგორც პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, ანგარიში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს გადაეცემა და არქივში იქნება დაცული.