მთავრობის გეგმის შესაბამისად, რომელიც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში ოპტიმიზაციას გულისხმობს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოქმედი სამსახურები შესაძლო შემცირებების მოლოდინშია.
წერილი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს 23 იანვარს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ნუგზარ ცინცაძის ხელმოწერით ჩაბარდათ. თუმცა, კონკრეტულად ვის შეეხება და როდის გახორციელდება ეს პროცესი, ამაზე არავინ საუბრობს. ცინცაძის თქმით, აღნიშნული წერილი მხოლოდ გაფრთხილებაა შესაძლო შემცირებებთან დაკავშირებით:
"სამსახურებს დაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილება მოსალოდნელ შემცირებებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კონკრეტული მეტი არაფერია", _ გვითხრა გამგებლის მოადგილემ, რომელიც ამ ეტაპზე უარყოფს უშუალოდ გამგეობაში შტატების შემცირებას.
ცნობისთვის, ლანჩხუთში 12 ა(ა)იპ -ია დარეგისტრირებული: "ლანჩხუთი-ტექსერვისი", "ლანჩხუთი სერვისი", "საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრი", "საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის "გურია", "გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო-საფეხბურთო სკოლა", "ბავშვთა საფეხბურთო სკოლა", "სპორტული ცენტრი", "კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება", "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი", სარეაბილიტაციო ცენტრი "იავნანა", "უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის", "სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი" და შპს "ლანჩხუთი".
ჩვენი ინფორმაციით, "სპორტულ ცენტრში" გარკვეული საშტატო შემცირებები უკვე გახორციელდა, უფრო ზუსტად, საუბარია თანამშრომელთათვის ხელშეკრულების დროებით შეჩერებაზე. ეს ყველაფერი კი შეეხო საცურაო აუზის პერსონალს, რომლებსაც, ცენტრის ხელძღვანელის, გაგა იმნაიშვილის თქმით, სამი თვით შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულება. იგეგმება თუ არა ლანჩხუთის სპორტულ ცენტრში სხვა საკადრო ცვლილებები, ჯერჯერობით, ამაზე იმნაიშვილი არ საუბრობს.
შემცირებების მოლოდინშია "კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაც", სადაც გავრცელებული ინფორმაციით, შემცირებები, ძირითადად, ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებს უნდა შეხებოდათ.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გაერთიანების ხელმძღვანელს, ადელინა კილაძეს დავუკავშირდით, რომელიც ამ ეტაპზე, არ არის ჩამოყალიბებული, თუ რა სახით გაატარებს საკადრო ცვლილებებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურაში. მისი თქმით, საკითხი მსჯელობის საგანია. თუმცა, იმასაც დასძენს, რომ შემცირებები იმ თანამშრომლებს შეეხებათ, ვინაც ნაკლებად არიან დატვირთულები და პროდუქტს ვერ ქმნიან.
მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით წერილობითი გაფრთხილება მიიღო "ლანჩხუთი-ტექსერვისის" ხელმძღვანელობამაც, მიუხედავად ამისა, აქ შემცირებებს გამორიცხულად მიიჩნევენ.
"სულ 48 ადამიანია ჩვენთან დასაქმებული. "ტექსერვისის" მოვალეობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გარე განათებისა და სოფლებში წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა შედის. ასევე, აქ არის სამაშველო განყოფილებაც. გამოდის, რომ სამი სამსახურია ერთად თავმოყრილი. ვინ უნდა გავუშვათ სამსახურიდან?! ყველა საჭიროა და ყველას თავისი მოვალეობები გააჩნია", _ ამბობს "ტექსერვისის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნუგზარ ცინცაძე.
თანამშრომელთა შემცირებებს გამორიცხავენ "სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრშიც:
"გამგეობიდან მიღებულ წერილს კი გავეცანით, მაგრამ არანაირი გეგმა არ შეგვიმუშავებია ამასთან დაკავშირებით. არა მგონია, თანამშრომელთა შემცირება გავახორციელოთ და უახლოეს დღეებში გამგეობასა და საკრებულოს ჩემს პოზიციას აუცილებლად გავაცნობ", _ გვითხრა ცენტრის ხელმძღვანელმა დავით წულაძემ.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი ლადო ჩხაიძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: "მე არ ვაპირებ თანამშრომელთა შემცირებას, მაგრამ ბიუჯეტია არასაკმარისი". მართალია ჩხაიძეს შემცირებები არ სურს, მაგრამ იმ დაფინანსებიდან გამომდინარე, რაც ცენტრმა წელს მიიღო, ეს პროცესი გარდაუვალი ჩანს. ცნობისთვის, თუ გასულ წელს ჯანდაცვის ცენტრი 130 ათასი ლარით დაფინანსდა, წელს ეს მაჩვენებელი 117 ათას ლარზეა ჩამოსული.