საქართველოს მთავრობის და კომისიის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც თითქმის ყველა მიმართულებას შეეხება, 30 აპრილს იქნება მზად, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიას მასშტაბური საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მომზადებისთვის 3 თვეზე ცოტა მეტი დრო აქვს. საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს დრო საკმარისია. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სრულყოფილი პაკეტის მომზადება ამ მცირე დროში შეუძლებელია.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ თავად კომისიის მუშაობის პროცედურაა შესაცვლელი, თუ გვსურს კონსტიტუციის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება და ამ პროცესში საზოგადოების ჩართვა, თუ ის გვინდა ხალხზე იყოს მორგებული.
„თუ ჩვენ ამ გზით არ წავალთ და საზოგადოებას პროცესში არ ჩავრთავთ, მიღებული კონსტიტუცია, როგორც ეს უწინ ხდებოდა, იქნება მმართველი ძალის, ანუ "ქართული ოცნების" კონსტიტუცია. ახლა არის "ნაციონალების" კონსტიტუცია, უწინ იყო შევარდნაძის და ახლა იქნება "ოცნების". ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მივიღოთ საჭირო კონსტიტუცია?! მოსწრებით, რა თქმა უნდა, მოესწრება, მაგრამ რამდენად ხარისხიანი იქნება ის, ამაზეა ახლა საუბარი. რამდენად იქნება ეს კონსტიტუცია მიახლოებული მოქალაქეებთან, ესაა მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, კონსტიტუციაში შესწორებების შეტანაში მაქსიმალური მონაწილეობა ხალხს უნდა მივაღებინოთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ის დახვეწილი, საზოგადოებაზე, ქვეყანაზე მორგებული და რაც მთავარია – ლეგიტიმური. თუ ჩვენ ახალი რედაქციით მიღებულ კონსტიტუციას 2020 წლიდან ავამოქმედებთ და შესაბამის დათქმასაც გავაკეთებთ, მაშინ ის პოლიტიკური გავლენებისგან მინიმუმდე დავა. ვფიქრობ, ამის გააზრებაა საჭირო, მხოლოდ მუხლების ჰარმონიზაცია კონსტიტუციის სპეციფიკას არ მოიცავს", – აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.