დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეშვიდე ყრილობა იმართება, რომელიც 14:00 საათზე სპორტის სასახლეში დაიწყება. ყრილობას ორი თანათავმჯდომარე ნიკა მელია და ზაზა ბიბილაშვილი ეყოლება.
ოფიციალური განმარტებით, ყრილობის ძირითადი ნაწილი დაეთმობა პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას. ასევე მოხდება საორგანიზაციო კომისიის შეფასება, რომელსაც ცნობად მიიღებს ყრილობა. ყრილობაზე აირჩევენ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას და ასევე სხვა მმართველობით თანამდებობების პირებს.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნინო კალანდაძის განმარტებით, ყრილობას 7 136 დელეგატი დაესწრება და მიიღება შემდგომი ფუნქციონირების ოთხწლიანი გეგმა.
"განისაზღვრება პარატიის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია და რაც მთავარია არჩეული იქნება ახალი პოლიტიკური საბჭო. მას ეყოლება ახალი პოლიტიური საბჭოს თავმჯდომარე 7 136 დელეგატის მონაწილეობით. ჩვენ მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თუ როგორ იფუნქციონირებს ეს პარტია 4 წლის მანძილზე", _ განაცხადა ნინო კალანდაძემ.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განმარტებით, პარტიის ყრილობაზე ახალი არაფერი მოხდება, იქნება ჟრიამული, ერთმანეთის გამხნევება და გასაჭირის დაფარვის მცდელობა. პოლიტიკოსის აზრით, მიუხედავად საპატიმროში გატარებული დროისა, ყოფილი მერი გიგი უგულავა, ყველაზე მძიმეწონიან ფიგურად რჩება გაყოფილ-დარჩენილებში.
"პენიტენციალურ დაწესებულებაში ახლა არის სხვა სიტუაცია, ჩვენი პატიმრები მაშინ როცა გამოდიოდნენ, რეაბილიტაციისთვის სჭირდებოდათ 6-7 თვე. გამოდიოდნენ ყველანი ავადმყოფები, როგორც სულიერად შეძრულები, ისე _ ფიზიკურად. გიგი უგულავას ჰქონდა საშუალება, წიგნებიც ეკითხა, დაესვენა, ტელევიზორიც ეყურებინა, გადაეფასებინა რაღაცები. ამ გადაფასებაში ალბათ მიხვდა, რომ სათავე მისი უარყოფისა არის უკრაინაში. გამოვიდა მშვიდი ტონალობით, მაგრამ ის არ გახლდათ პოლიტპატიმარი. ის რომ ყველაზე წონიანია ორივე გუნდში, ეს ბუნებრივია. დანაშაულებები, რომელიც ჩადენილი იყო, თანამონაწილეა ისიც", _ განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „პალიტრანიუსთან“,