ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ და სასტიკ რიტუალური მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მოსმენა გრძელდება.
მოკლულის შვილმა, ირმა ყოჩიაშვილმა და მისმა შეყვარებულმა ბექა შენგელიამ ბრალი ნაწილობრივ აღიარეს.
შენგელია სასამართლოს ირმა ყოჩიაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლას სთხოვს და ამბობს, რომ ყოჩიაშვილი მისი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. შენგელია ყოჩიაშვილს მსხვერპლს უწოდებს:
"მას თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი, მარიამი დამოუკიდებლად არ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ დედა მოეკლა. ვთხოვ გამოძიებას, შეაფასოს მარიამის ფსიქიკური მდგომარეობა. მარიამის დედობილის გული მის თვალწინ დავაგემოვნე და ის ამას აღტაცებული სახით უყურებდა. ყოველთვის მომწონდა ადამიანზე მანიპულაციის განხორციელება. მე მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი მარიამ ყოჩიაშვილს და იმ არასრულწლოვან გოგონას. მე მარიამზე ვახორციელებდი ფსიქოლოგიურ ტერორს. მე გამოვიყენე მარიამის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ტერორი. ის იმყოფებოდა ჩემი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ და გამოვართვი 13 000 დოლარი",_ აღნიშნა ბრალდებულმა.
შენგელიას თქმით, თუ ყოჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიება შეეცვლება, მისი მამის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბრალდებულმა კანიბალიზმის ნიშნები დაადასტურა, თუმცა ბრალს ბოლომდე არ აღიარებს, როგორც ის ამბობს, გვამი მხოლოდ გადაადგილების მიზნით დაანაწევრა.
"მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია. ის აღარ იყო ცოცხალი და მისი დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით და არა რაიმე რიტუალური მიზნებისთვის, რაზეც არის საუბარი. ამიტომაც, არ ვთვლი, რომ ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკე. დიახ, სისასტიკე მაინც არის, როცა ადამიანს მოახრჩობ, მაგრამ განსაკუთრებულ სისასტიკეს, რომ სიცოცხლეშივე აწამო სხვაგვარად ამას ადგილი არ ქონია," – აღნიშნა ბრალდებულმა.
შეგახსენებთ, რომ 76 წლის ქალის მკვლელობისთვის ბექა შენგელია, ირმა ყოჩიაშვილი და არასრულწლოვანი გოგო სამართალდამცავებმა 4 ნოემბერს დააკავეს.