ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ არასამეწარმეო იურიდიულ პირებში რეორგანიზაცია და თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებები ოფიციალურად დაიწყო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის პირველი მოადგილის არჩილ ყაზაიშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სულ შემცირდა 19 შტატი, აქედან 4 შტატი ადმინისტრაციაში შემცირდა, დანარჩენი შემცირებები კი სოფლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებს შეეხოთ.
რაც შეეხება შრომით ხელშეკრულებებს, იურისტის, ლაშა თავაძის თქმით, 18 ხელშეკრულებით მომუშავე თანამშრომლებიდან, 5-ს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, 13-ს კი გაუგრძელდა.
საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და საბიუჯეტო ორგანიზაციების ოპტიმიზაციის საკითხს უკავშირდება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 10 იანვრის ბრძანების შესაბამისად, თანამდებობიდან გათავისუფლდა გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწეები 15 ადმინისტრაციულ ერთეულში: ჯუმათი, ნატანები, დაბა ლაითური, მაკვანეთი, შრომა, ვაკიჯვარი, ბახვი, დვაბზუ, კონჭკათი, თხინვალი, გურიანთა, დაბა ურეკი, ლიხაური, ასკანა, ძიმითი.
ოფიციალური ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სულ 9 ა(ა)იპ-ია: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი", "მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი", "მუნიციპალიტეტი სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანება", "მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი", "დაბა ურეკის კულტურის სახლი", "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი", "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი", "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი". შესაბამისად, რეორგანიზაცია და საშტატო ერთეულების შემცირება შეეხო ყველა ა(ა)იპ-ს, გარდა "მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრისა".
ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, გათავისუფლდნენ თუ არა სხვადასხვა ა(ა)იპ-ებში დასაქმებული საკრებულოს დეპუტატები ამ თანამდებობებიდან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ რეორგანიზაცია შეეხო აბსოლუტურად ყველა მხარჯავ დაწესებულებას შრომითი ანაზღაურების, საქონლის და მომსახურების და სუბსიდიების მუხლებში. შესაბამისად. როგორც მხარჯავ დაწესებულებებს, 9 არასამეწარმეო იურიდიულ პირს შეეხო შემცირებები:
"აღნიშნულ ა(ა)იპ-ში რამდენი თანამშრომელი იყო სულ და რამდენი გათავისუფლდა, ზუსტ მონაცემებს ვერ გეტყვით. ვერც იმას გეტყვით, რამდენი შტატი უნდა შემცირდეს _ ეს თავად არასამეწარმეო იურიდიული პირების დირექტორებმა უნდა გადაწყვიტონ. შესაბამისად, მათ უნდა განახორციელონ შემცირებები _ ეს მათი პრეროგატივაა", _ ამბობს ყაზაიშვილი.
მისი თქმით, იგი ა(ა)იპი-ებში დასაქმებულ დეპუტატებზეც არ ფლობს ზუსტ და კონკრეტულ ინფორმაციას:
"რაც შეეხება დეპუტატების დასაქმებას, მე ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ გამაჩნია. როგორც კი დასრულდება რეორგანიზაცია, მეცოდინება, გათავისუფლდნენ თუ არა დეპუტატები. დასაქმებულები რომ არიან, ეს კი არის ცნობილი", _ ამბობს ყაზაიშვილი.
ყველაზე დიდი ა(ა)იპ, სადაც ამ ეტაპზე 518 თანამშრომელია დასაქმებული, "სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრია". ცენტრის დირექტორის, ავთანდილ მექვაბიშვილის თქმით, აღნიშნულ ა(ა)იპ-ს ამ ეტაპზე რეორგანიზაცია არ ეხება. მეტიც _ როგორც მექვაბიშვილი ამბობს, მისი ცენტრი თანამშრომლების უკმარისობას განიცდის და ის საშტატო ნუსხის გაზრდას ითხოვს:
"ზოგადად, კანონიდან გამომდინარე, ჩვენი ა(ა)იპ ექვემდებარება რეორგანიზაციას. ამიტომ გაზაფხულზე, საკრებულო და მუნიციპალიტეტის გამგეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რა სახის რეორგანიზაცია უნდა მოხდეს სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრში. ერთი რამ გარკვეულია _ ყველა საბავშვო ბაღი უნდა ჩამოყალიბდეს ცალკე არასამეწარმეო იურიდიულ პირად. ამ ცენტრს ვინ უხელმძღვანელებს _ გამგეობის შესაბამისი სამსახური თუ ჩვენი ცენტრი, ამას საკრებულო გადაწყვეტს შესაბამისი ნორმატიული აქტით.
ამ ეტაპზე არ ვამცირებთ თანამშრომელთა რაოდენობას, არ შემცირებულა არც სახელფასო ფონდი. შემცირება კი არა, საბავშვო ბაღებში სასურველი იქნება რამდენიმე შტატის დამატებაც: მებაღის, მეეზოვის შტატები გვჭირდება, ასევე, დამლაგებლის, ლოგოპედის, ფსიქოლოგების ჩართვაა აუცილებელი. პირიქით, მე გამგებელთან გავიარე ეს საკითხი შტატები დარჩა იგივე, რაც გასულ წელს იყო _ 518 თანამშრომელი 35 საბავშვო ბაღსა და ცენტრში", _ ამბობს მექვაბიშვილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ სირბილაშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მისთვის აღნიშნული თემა ძალიან მტკივნეულია:
"შემცირებები თავისთავად ჩვენს ა(ა)იპ-საც, ძირითადად, კი სახელფასო ფონდებს შეეხო, შემცირდა ხარჯები და 6 საშტატო ერთეული: სპორტის ორი სპეციალისტი, კულტურის განყოფილების სპეციალისტი, სპეციალისტი ახალგაზრდულ საკითხებში, სოფელ ნატანებში ბერძნულ ჭიდაობაში მწვრთნელი, სოფელ ბახვში საფეხბურთო კლუბის თანაშემწე ერთი სპეციალისტი. ამ ეტაპზე, შემცირებული საშტატო ნუსხით, ცენტრში დარჩა 96 თანამშრომელი.
მე ვიცი, რას ნიშნავს სამსახურიდან გათავისუფლება, გამოვიარე ეს სიმწარე და მესმის ამ ადამიანების გულის ტკივილი. თუმცა, ეს არც პირველია და არც ბოლო", _ ამბობს სირბილაშვილი.
სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის, რუსუდან მემარნიშვილის თქმით, მოხდა ოპტიმიზაცია და ა(ა)იპ-ის 35 თანამშრომლიდან 5 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათ შორის, განყოფილების გამგეები და სამი სპეციალისტი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "მომსახურების ცენტრის" დირექტორის, შალვა კონჯარიას ინფორმაციით, აღნიშნულ ცენტრში 130 თანამშრომელი მუშაობდა, დღეის მდგომარეობით კი 24 თანამშრომელმა დატოვა სამსახური.
შემცირებებსა და რეორგანიზაციაზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე:
"წინა წლებში არაერთხელ გვითქვამს, რომ მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილია და სუბსიდირებით ფინანსდება მრავალი ა(ა)იპ, რომელთა აუცილებლობა, რბილად რომ ვთქვათ, დაუსაბუთებელია. ცალკე თემაა ა(ა)იპ-ებში მომუშავე პირთა რიცხოვნობა და ის, საჭიროა თუ არა ამდენი მომსახურე პერსონალი, რომელთა სამუშაო აღწერილობაც კი არ არსებობს. ამდენად, შემცირებული დაფინანსების პირობებში, თუ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელობა თვლის, რომ უნდა შეამციროს მუშაკთა ოდენობა ეს მათი დისკრეციული უფლებაა. მაგრამ, მთავარია: მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არ შეუმცირდეს იმ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც აქამდე ჰქონდა. მუშაკთა გათავისუფლება გახორციელდეს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, სამართლიანობის პრინციპების დაცვით, მიუკერძოებლობით, პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით", _ ამბობს თამაზ ტრაპაიძე.
რაც შეეხება საბიუჯეტო ორგანიზაციებში დეპუტატების დასაქმებას, არის თუ არა ეს კანონდარღვევა, ტრაპაიძე ამბობს, რომ კანონდარღვევას არ წარმოადგენს საკრებულოს წევრის ა(ა)იპ-ებში დასაქმება, თუ ისინი არ წამოადგენენ დირექტორს ან მის მოადგილეს:
"თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი და იგი შესაძლებელია ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, მაგრამ არის გარკვეული შეზღუდვებიც _ საკრებულოს წევრი არ შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის საწარმოს დირექტორი, მისი მოადგილე ან საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ასევე, საკრებულოს წევრი არ შეიძლება იყოს დაწესებულების დირექტორი ან მისი მოადგილე, რომელიც ფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან.
თუ რატომ არ დაიწყო ეს პროცესები არჩევნებამდე, ალბათ, იმ პირებს უნდა ჰკითხოთ, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ამ გადაწყვეტილების არჩევნების შემდგომ მიღება, სადაც მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო, ეჭვს ბადებს, რომ მართლაც კავშირშია ამ მოვლენასთან", _ ამბობს ტრაპაიძე.