"დამდგარა თუ არა 1917 წელი, მეც დავბადებულვარ, თუმცა, რევოლუციონერი არ ვარ!" _ გვეუბნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები თამარ გოლიაძე, შვილიშვილი კი ხუმრობს _ ბებიაჩემი რევოლუციონერია, მაგრამ თვითონ არ სჯერაო.
_ თუ ამ უბერებელი ქალბატონის განვლილ ცხოვრებას გადავხედავთ, მან პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ოჯახის დედაბოძმა, მართლაც მოახდინა რევოლუცია, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ოჯახის და სოფლის სიძლიერის ქვაკუთხედიაო, სწორედ ასეთ ადამიანებზე ითქმის, _ გვეუბნება სოფელ მაკვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში ნუგზარ კალანდარიშვილი და ასი წლის ქალბატონის ოჯახში მასზე საუბრით მიგვიძღვება, _ ამ ამაგდარმა ქალბატონმა, ახალგაზრდა ასაკში დაქვრივებულმა, ოჯახში კაცობაც ისე შეითავსა. მოწუწუნე თამარი სოფელს არ ახსოვს _ ქვეყანას ხუთი შვილი გაუზარდა, ნახევარ საუკუნეზე მეტი ჩაის მოწინავე მკრეფავი იყო, სოფლის, სამეზობლოს გვერდში მდგომი, ჭირსა თუ ლხინში. არავის ახსოვს, მისი ზედმეტი სიტყვა. ცნობილია იმითაც, ადამიანზე ცუდს ვერ ათქმევინებდი, რომც მოგეკლა! დღეს მას მართლა ყველამ უნდა მოვეფეროთ!
ერთი საუკუნის სიცოცხლის ბოძებისთვის, ქალბატონი თამარ გოლიაძე ღმერთს მადლიერებით თავს უხრის. შესაშური გონიერებით გამორჩეული, გვეუბნება, რომ საკუთარი ასაკი არ ეშლება: "არც "მეტრიკა" გადაუსწორებია არავის და განსაკუთრებით იმიტომ მახსოვს, რომ ხან ხუმრობით, ხანაც თავმოსაწონად მახსენებდნენ, 1917 წელი დადგა თუ არა, შენც დეიბადე, ოქტომბრის რევოლუციაზე უფროსი ხარ, ფეხათ შემოასწარი _ ათი იანვრისთვის მოევლინე ქვეყანასო".
_ სათვალე საერთოდ არ მიხმარია, ყურს არ მაკლია, არც რაიმე სერიოზულ ტკივილს შევუწუხებივარ, ცოტა სიარული მიჭირს, მაგრამ "მესამე ფეხი" აგერ მაქვს და ვარ, ბებია, ასე. სიმწარე შემომესწრო, შვილიშვილი დამეღუპა და ამ სიმწარემ გამანახევრა, თორემ ჩემს წილ წუთისოფელს სულ ვუმკლავდებოდი ჩემი წილი პასუხისმგებლობით. ღმერთს მადლობა, რომ ლოგინად ჩავარდნილი არ ვარ და თავს ვპატრონობ, _ გვეუბნება საუკუნის მომსწრე ქალბატონი და განმარტავს, _ არ დაიჯეროთ, რომ შრომა კლავს ადამიანს. რაც მე მიშრომია, იმას ვინ აღწერს? ქმარი რომ მომიკვდა, უმცროსი შვილი 2 წლის იყო, დანარჩენი ოთხიც მცირეწლოვანი მყავდა. ჩაიში 50 წელზე მეტი ვიმუშავე, ინდაურ-ქათმები და ძროხები სულ მყავდა. ამ ყველაფერს მარტო ვუვლიდი და საქმე არასდროს წამიხდენია, შრომა უნდა გიყვარდეს ადამიანს და საქმეც მაშინ გამოგივა.
კითხვაზე, გაიხსენოს, როგორ გაათხოვეს სოფელ შემოქმედიდან მაკვანეთში, როგორ ჩაიარა ნიშნობამ და რამდენკაციანმა მაყრიონმა მოაცილა გოლიაძეებში, წამიერად დუმილით შემოგვცქერის, სახეზე ცხვირსახოციან ხელს იფარებს და ეღიმება:
_ თავამაიშვილის ქალი ვარ. 19 წლის ვიყავი, ფაეტონით წამომიყვანეს. ნიშანი? ნიშანი აფერი, შვამავლობით მოხდა აგი ამბავი, ნიკა გოლიაძე გამაცნეს, მერე კი მოგვეწონა ერთმანეთი. პაწა სუფრა გეიშალა და მეტი აფერი… შევუდექით ცხოვრებას. ადრე გამომეცალა კაი მეუღლე… ხუთი შვილი გამოვზარდე, მგონი, არც მეძინა, იმდენს ვშრომობდი, _ სულ რამდენიმე წინადადებაში ჩატია ერთი საუკუნე ქალბატონმა თამარმა.
საუბარში რძალი, ირინა სიხარულიძე ერთვება:
_ ბოლო ერთი წელია, ცოტა სიარული გაუჭირდა, თორემ მთელ ეზო-გარემოს პატრონობდა, საკმაოდ ბევრი თხილი გვაქვს _ მარტო არაერთხელ მოუკრეფავს და შეუგროვებია ტონამდე მოსავალი. ყოველივე ამას უენოდ, ზედმეტი სიტყვის გარეშე აკეთებდა მუდამ, ოჯახისთვის თავგანწირული. რომ ვთქვა, მოხუცია და ვუვლით,-მეთქი, ტყუილი იქნება _ დღემდე თვითონ პატრონობს საკუთარ თავს. სათვალე არასოდეს გაუკეთებია, ოღონდ, ბოლო დროს თქმა იცის, ნემსში ძაფს თუ გაუყრით, მე კი მოვკერავ მოსაკერსო.
ქალბატონი თამარი ყურადღებით უსმენს რძალს და მისი მისამართით კვლავ მოკლედ ამბობს, ძალიან კარგია ჩემი ირინაო.
ყველაზე უმცროსი შვილიშვილი, ბაბუას სეხნია, ნიკა გოლიაძე, რომელიც საუკუნემიღწეულ ბებოს ხუმრობით ხშირად რევოლუციონერს ეძახის, გვეუბნება, რომ ექიმობა აქვს გადაწყვეტილი _ ჯერ ბებოს მკურნალი არ დასჭირვებია და თუ აუცილებელი გახდა, ამასობაში მე მოვუსწრებო…
ასე ურთიერთსიყვარულში, გურული იუმორით ნასაზრდოებ გარემოში ცხოვრობს გურიის ულამაზეს სოფელ მაკვანეთში გოლიაძეების ოჯახი, სადაც 100 წლის ქალბატონი ჯერაც ისე ჭარმაგად დგას, საუკუნე კი არა, თითქოს, ასი ფურცელი ცხოვრების წიგნისა, უმტკივნეულოდ და მსუბუქად გადაეშალოს. მნახველს აკვირვებს ქალბატონი თამარის შინაგანი სიძლიერე, დაუძაბავი, მშვიდი, გონიერი საუბარი, როცა ცდილობს, რაც შეიძლება, ცოტა ილაპარაკოს და მეტად მოგისმინოს.
კიდევ ერთი დეტალი ქალბატონი თამარის რიდით აღსავსე შინაგანი კულტურისა _ როცა ოჯახის დიასახლისმა სუფრასთან ტკბილეული და შინნახადი სანთლის არაყი მოიტანა, ოჯახიდან ისე ნუ გახვალთ, ახალი წლის მოლოდინი და საუკუნის ბებო დაგვილოცეთო, ქალბატონი თამარი, მისივე თქმით, "მესამე ფეხის" (ყავარჯნის) დახმარებით, სასწრაფოდ წამოიწია და ოთახის კუთხეში გადაჯდა, სტუმრებს მიხედეთო.
_ ასეთი მორიდებული ადამიანია. ხომ შეიძლება სუფრის თავში დაჯდეს, არ ეკუთვნის თუ ვინმე დაუშლის? სულ გაგაოცებს თავისი თავმდაბლობით და მოკრძალებით. რაც დრო გადის, უფრო მიყვარს, თითოეული წუთიც კი მისდამი პატივისცემას მმატებს. ჯერ ჩემი დახმარება და მოვლა არ დასჭირვებია. რა უნდა მოხდეს, რომ მისთვის თავი არ გადავდო, _ ამბობს ირინა სიხარულიძე.
_ მოიცათ, მე უნდა გითხრათ ჩვენი ციბრუტივით მბრუნავი თამარ ქალბატონის შესახებ. სამეზობლოს ჭირის და ლხინის "თავიქალი", მისნაირ "სალიანკას" და "კირკვალ ლობიოს" ხომ მაკვანეთში ვერავინ გააკეთებდა _ მთელმა სოფელმა იცის ეს. არ დაილაპარაკებდა, სამაგიეროდ, მარჯვენა ხელი რად გინდოდა კაცს, თუ თამარი გვერდით გეყოლებოდა? ასეთია და ასეთი გვიყვარს უსაზღვროდ. ეს ახალი წელიც განსაკუთრებით იმიტომ გვიხარია, რომ საუკუნის მომსწრე იუბილარი გვყავს სამეზობლოში, ჩვენს ტრადიციულ და ისტორიულ სოფელში. რა სიხარული უნდა მოიტანოს ისეთი ახალმა წელმა, რაც ამ ადამიანს ჩვენთვის უბოძებია თავისი არსებობით? _ გვეუბნება კარის მეზობელი ლია გუჯაბიძე.
ჩვეული მოკრძალებით დაგვემშვიდობა ქალბატონი თამარი, მიულოცეთ მთელ ქვეყანას კალანდობა, ჯანმრთელობა არ მოგკლებოდეთ და საშრომი გქონოდეთო, დაგვიბარა. გვითხრა ისიც, რომ მომავალ ახალ წელსაც აქ, ოჯახში დაგხვდებითო.
კიდევ დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ჩვენს გამორჩეულ მეკვლეს, ასი წლის თამარ ბებოს, ვისი ცხოვრებაც და არსებობაც უდიდესი შინაგანი ძალის და მაგალითის მომცემია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუ როგორ უნდა მოერიო და გაუმკლავდე უთვალავ ჭირს ისე, სხვამ ვერავინ გაიგოს და მხოლოდ გამარჯვებული გნახონ!