ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვის მორატორიუმი, ერთწლიანი შესვენების შემდეგ, 2016 წლის თებერვლიდან ისევ მოიხსნა და დღეს ნებისმიერ უცხოელს თავისუფლად შეუძლია მიწის ყიდვა. ამ მხრივ განსაკუთრები აქტიურობენ ირანის, ჩინეთის, ინდოეთის, არაბილი ქვეყნების და ისრაელის მოქალაქეები.
აკადემიკოს პაატა კოღაშილის აზრით, უკვე რეალურია საფრთხე, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი, სულ მალე უცხოელების ხელში აღმოჩნდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი მყიდველი არაკონკურენტუნარიანია.
"დღეს ქართველი გლეხკაცი, როგორც მიწის მესაკუთრე და მისი პოტენციური მყიდველი, მომხმარებელი, მფლობელი და გაჭირვების გამო გამყიდველი, არაკონკურენტუნარიანია მრავალ სხვა სუბიექტთან მიმართებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, შესაძლოა, ქართული მიწები სულ სხვა, არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის უნდოდეთ _ აგარაკების აგებით დაწყებული, ხრიოკ ქვეყნებში წასაღებად მიწის ნაყოფიერი ზედაფენის მოჭრით დამთავრებული. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს მთავრობა, რბილად რომ ვთქვათ, ჭარბად ავლენს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სურვილს, რის გამოც აშკარად იგრძნობა ტენდენცია, რომ უცხოელ მეწარმეს გაცილებით უკეთესი პირობები აქვს საქმის წამოწყებისთვის, ვიდრე ადგილობრივს. ეს კატეგორიულად დაუშვებელია, განსაკუთრებით ისეთ ტრადიციულ და მოწყვლად დარგში, როგორიც სოფლის მეურნეობაა", _ აცხადებს აკადემიკოსი „რეზონანსთან“ საუბრისას.
კოღუაშვილის აზრით, თუ ხელისუფლებამ გადამჭრელი ზომები არ მიიღო, საქართველოს მოქალაქეები და მათი შთამომავლები სამშობლოს გარეთ იწანწალებენ დასაქმების ძიებაში, გენოფონდი კი უცხოელების ხელში გადავა.
„საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე დარჩება ბოგანოდ, რომელიც იძულებული იქნება იწანწალოს მთელ მსოფლიოში უპრესტიჟო დროებითი დასაქმების საძიებლად. ამის განჭვრეტას არ სჭირდება არც სპეციალური და არც ზოგადი განათლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, დღესდღეობით, ქვეყნის მმართველ ინსტანციებში დასაქმებულთა შორის (მათ რიცხვში არიან ცოლშვილიანი მამაკაცები და ქმარშვილიანი ქალბატონები) ისეთ თანამდებობის პირებს, რომლებიც მზად არიან საქართველოს მთელი მიწა გაყიდვის საგნად აქციონ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ მათ შთამომავლობას (ძალიან მცირე გამონაკლისით) სამშობლოს გარეთ პერსპექტივა არ ელით, საქართველოში კი არანაირი წონისა და არანაირი გავლენის შენარჩუნების იმედი არ შეიძლება ჰქონდეთ", _ აცხადებს პაატა კოღუაშვილი