იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები კამპანიის „ეს შენ გეხება" წარმომადგენლებს შეხვდნენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, კომიტეტის წევრები კამპანია სამოქალაქო საზოგადოებრივ მოძრაობა „ეს შენ გეხება" წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და კომიტეტის წევრებს შორის დისკუსიის გამართვა თემაზე, რომელიც ფარული მიყურადების საკითხის დარეგულირებას ეხება.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, კომიტეტში უკვე შეიქმნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ," „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი და მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი მოდელის ჩამოყალიბება.
„ყველა ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს გარანტირებული და სახელმწიფოს ეს მაღალი პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი ყველა შესაბამისი ინსტრუმენტით ისე, რომ არ მოხდეს არაპროპორციულად პირად დაცულ სივრცეში ჩარევა. ჩვენ ამ ბალანსის დაცვაზე ყველანი ვთანხმდებით. ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ შეიძლება მოვიფიქროთ კონტროლის დამატებითი მექანიზმები, გარე კონტროლზეა საუბარი გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და სასამართლოსი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება როგორც გარე კონტროლის ეტაპი. ასევე, ვფიქრობთ საპარლამენტო კონტროლის ფუნქციის გაზრდაზე", – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც კანონპროექტზე მუშაობა დაიწყება, მთავარი კითხვა იქნება უკვე, თუ როგორი იქნება ახალი მოდელი ანუ სად იქნება უშუალოდ ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები და როგორ მოეწყობა ეს სამართლებრივად. „მიზანზე, ფორმებზე და განხორციელების შესაძლებლობებზე ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს ბალანსი უნდა დავიცვათ. ამ გზას დაადგა ყველა წამყვანი ევროპული ქვეყანა და ჩვენც ისეთ ექსპერიმენტს ვერ ჩავატარებთ საქართველოში, რომელსაც საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, რომ ეს საფრთხეები კიდევ უფრო გავზარდოთ", – განცახადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც სახელმწიფოს მისცემს ეფექტურ საშუალებას განახორციელოს როგორც მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, ასევე, გაზარდოს პირადი ცხოვრებისა და პერსონალური სივრცის დაცვის გარანტიები.
„კომიტეტმა უკვე მოამზადა კვლევა, შეისწავლა რამდენიმე ქვეყნის მოდელი, მათ შორის ისეთი ქვეყნების, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ბელგია. ჩვენ ვნახეთ ამ ქვეყნებში როგორ ხდება უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა. უსაფრთხოების ზომების გაზრდილი მასშტაბის გამო ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაზარდა პრევენციული ღონისძიებები და ჩვენც ეს ინფორმაცია გავუზიარეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს", – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.
ფარული მიყურადების საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით კამპანიას „ეს შენ გეხება" შემუშავებული აქვს კანონპროექტები: „ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული თვალთვალის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს შესახებ", „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ", „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ", „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილების შეტანის თაობაზე". ამასთან, წარმოდგენილი იყო ახალი კანონის პროექტი „საპარლამენტო საზედამხედველო საბჭოს შესახებ".