პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
"თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს! ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს. თქვენი მოღვაწეობა სამაგალითოა და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის.
თქვენი ძალისხმევით გადაწყდა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე და თავისი მასშტაბით ისტორიული პრობლემა -საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საერთაშორისო აღიარება. თქვენ ბრძანდებით ცივილიზაციათა დიალოგის იდეის ერთ-ერთი ავტორი. დიდია თქვენი ღვაწლი საქართველოს არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო ცხოვრებაშიც. უმნიშვნელოვანესი და ფასდაუდებელია თქვენი როლი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში.
პირადად ჩემი და საქართველოს პარლამენტის სახელით, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უფლის სადიდებლად და ჩვენი ერისა და ხალხის სამსახურში", _ ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.