2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.
სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის 03 ივნისს მიღებული ცვლილებები, რომლებიც შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: სასამართლოს თავმჯდომარის ან/და თავმჯდომარის მოადგილის ხელმეორედ არჩევის აკრძალვას, მოსამართლის 10 წლიანი უფლებამოსილების ვადის ავტომატურ შეწყვეტას, სადავო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით პლენუმის იურისდიქციას და ნორმათა მხოლოდ განმწესრიგებელ სხდომაზე შეჩერების შესაძლებლობას, პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილ კვორუმს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესის ამოქმედების გადავადებას და სხვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმათა ნაწილი წინააღმდეგობაში იყო არამხოლოდ კონსტიტუციის მე-2 თავით დაცულ ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან, არამედ კონსტიტუციის სხვა მუხლებთანაც, საქმის განხილვაში მოსარჩელე მხარე იყო საქართველოს პარლამენტის წევრთა 1/5, ხოლო საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ გამოიყენა მათ მიერ რწმუნებულებით დელეგირებული უფლებამოსილება და თავად წარმოადგინა მხარე სასამართლოში.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ნორმების მიღებას თავიდანვე მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა, ასევე მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით უარყოფითი დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამაც.
—