საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, მამა დავით შარაშენიძის განცხადებით, პატრიარქის ბეჭედი არ დაკარგულა, უბრალოდ გაუგებრობა მოხდა.
როგორც შარაშენიძე განმარტავს, არსებობს ორი ბეჭედი, ერთ-ერთი მათგანი პატრიარქს ეკუთვნის, ხოლო მეორეს საპატრიარქოში უწმინდესის არ ყოფნის დროს, მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყენებს.
”ორივე ბეჭედი თავის ადგილზეა. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ორი ბეჭედია, ერთი რომელიც უშუალოდ პატრიარქს აქვს მუდმივად და ამ ბეჭდით ხდება ქონებრივი საქმიანობის განხორციელება, გადარიცხვების და სხვა საქმიანობის შესრულება. არსებობს მეორე ბეჭედი, ეს არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული მომსახურეობის ბეჭედი, როცა პატრიარქი ან არ იმყოფებოდა საქართველოში, ან საპატრიარქოს შენობაში. მის მიერ გამოყოფილი პიროვნება, რომელიც არის ნდობით აღჭურვილი პირი, ამ ბეჭედს გამოიყენებს, ოღონდ პატრიარქთან შეთანხმებით და არა პირადი გადაწყვეტილებით”,_ განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ეს პირი შორენა თეთრუაშვილი, შარაშენიძემ უპასუხა, რომ შესაძლებელია იყოს შორენა თეთრუაშვილი ან სხვა ნდობით აღჭურვილი პირი.
”გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ მეუფე გერასიმე დაინიშნა გერმანიის მიტროპოლიტად და ბეჭედი იქნა დასმული საქართველოში მაშინ, როდესაც მისი უწმინდესობა იმყოფებოდა ბერლინში. ეს მოხდა უწმინდესობასთან შეთანხმებით, მეუფე გერასიმე იმყოფებოდა გერმანიაში და უნდა შეხვედროდა ადგილობრივ მღვთელმსახურებს, მას უნდა ჰქონოდა შესაბამისი სტატუსი. მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო მოხდა ეს”, _ განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ და დასძინა, რომ ”ფაქსიმილესა და ჩხრეკასთან დაკავშირებული აბსურდი არის ადამიანების მიზანიმიმართული ქმედება, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება კიდევ უფრო დაძაბონ”.
ცნობისთვის, გუშინ, გადაცემა „იმედის დროში“ გასულ სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ პატრიარქის ფაქსიმილე და ბეჭედი დაიკარგა.
თუმცა, მოგვიანებით, ამავე გადაცემაში, საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ პატრიარქის ფაქსიმილე და ბეჭედი დაკარგული არ არის და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.