საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარეკომენდაციო წინადადებებზე იმსჯელა და საკითხები შემდგომი განხილვის მიზნით, საერთო სასამართლოების დეპარტამენტს გადაუგზავნა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 2017 წლის 27 თებერვალს ოფიციალური წერილობითი ფორმით ეცნობა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების შემცირებისა და ეფექტურად გამოყენების, ასევე მოსამართლეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების თაობაზე, ორგანიზაციის სარეკომენდაციო წინადადებები საბჭომ 2017 წლის 3 თებერვლის სხდომაზე განიხილა. საბჭოს წევრთა შეთანხმებით, რეკომენდაციები სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს გადაეგზავნა, უმაღლესი საბჭოს შემდგომ სხდომებზე აღნიშნულ რეკომენდაციებზე წინადადებების წარმოდგენის მიზნით, ხოლო განხილვის საბოლოო შედეგები ორგანიზაციას მოგვიანებით ეცნობება.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2017 წლის 19 იანვარს საჯარო გახადა საქართველოს საერთო სასამართლოთა სისტემაში მოსამართლეთა საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების ოდენობის შესახებ მონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ბოლო 5 წლის განმავლობაში, მოსამართლეების საცხოვრებელი ქირისთვის დაიხარჯა 1 მილიონ 48 ათასს 141 ლარი, ხოლო მხოლოდ 2016 წლის მანძილზე, ხარჯმა შეადგინა 190 091 ათასი ლარი.
ორგანიზაციამ 2017 წლის 23 იანვარს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და კვლევის საფუძველზე, შესთავაზა ორი სარეკომენდაციო წინადადება:
„საქართველოს იმ ქალაქებში, რომელთა გეოგრაფიული არეალი საკმაოდ დიდია და შესაბამისად, 10-ზე მეტი მოსამართლის უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, მათი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველსაყოფად განხორციელდეს მოსამართლეთა კამპუსის მშენებლობა. ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადად გაღებული თანხა, რომელიც მიმართული იქნება დანახარჯების ეფექტური მართვის, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობისა და დანახარჯების შემცირების გრძელვადიან პერსპექტივაზე;
თვითმმართველ ქალაქებში შეიძინონ საცხოვრებელი ფართები, რომლებიც რეგისტრირდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბალანზე, დროებით სარგებლობაში გადაეცემა მოსამართლეებს და აღნიშნულ რეგიონებში გამწესებულ მომავალ მოსამართლეებსაც საშუალება ექნებათ ისარგებლონ სოციალური გარანტიებით“, _ აღნიშნულია ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართვაში.
ორგანიზაციის შეფასებით, კანონის უზენაესობა დემოკრატიულ სახელმწიფოში, მათ შორის გულისხმობს კომპეტენტური სასამართლო სისტემის შექმნას, ქვეყნისა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებულ, დამოუკიდებელ და სანდო სასამართლო ხელისუფლებას.
„საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის, მისი მორალური ავტორიტეტისა და პროფესიული პატიოსნებისადმი პირველხარისხოვანა. შესაბამისად, აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს მაღალი სამართლებრივი გარანტი იმისა, რომ მისი უფლებები იქნება დაცული, ამ გარანტიების არსებობისთვის კი, საერთო სასამართლოს მოსამართლეებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ მოქმედი სამართლებრივი ნორმები უნდა განიმარტოს მართლზომიერად, მიზნისა და მოწესრიგების სფეროს შესაბამისად, რათა არ შეილახოს სასამართლოს მორალური ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობისადმი ნდობა. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ჯერ კიდევ რეფორმის პროცესშია, მნიშვნელოვანია იმ პრობლემებზე დროული და სათანადო რეაგირებაც, რომელთა მოგვარებაც უშუალოდ განამტკიცებს მართლმსაჯულების ეფექტურობასა და ამავადროულად დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიურ მდგომარეობაზე“, _ აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამავე თემაზე:
რამდენი მილიონი დაიხარჯა ბიუჯეტიდან მოსამართლეების ბინების ქირისთვის
მოსამართლეებს სახლები საკუთრების უფლებით აღარ გადაეცემათ _ ახალი კანონპროექტი
რატომ გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები
სახელმწიფომ მოსამართლეებისთვის ბინების ჩუქება აღარ უნდა გააგრძელოს