დავით ყიფიანი _ ქართული დახვეწილი და ჭეშმარიტი რაინდობის ეტალონი, როგორც მწვანე მინდორზე, ისე პირად ურთიერთობაში ყოველთვის მისაბაძი პიროვნება. მისი ბრწყინვალე ტექნიკა მიმართული იყო ერთი მიზნისათის _ აეღო მოწინააღმდეგის კარი. დათო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდაა.
ვლადიმერ (სიომა) ბარქაია
ფეხბურთის რაინდი, ასე უწოდებდნენ სპეციალისტები და ჟურნალისტები თბილისის დინამოს გამოჩენილ ფეხბურთელს დავით ყიფიანს. ყიფიანისათვის ფეხბურთი არ ყოფილა მარტოოდენ თამაში, არც მხოლოდ კონკურენცია, თავის თავის გამოხატვის საშუალება, გამარჯვება ან დამარცხება, სიხარული ან განწყობილება, მისთვის ფეხბურთი იყო რაღაც უფრო მეტი, რომელიც ყველაზე უფრო უკეთ გამოიხატება სიტყვა “მოწოდებით”.
დიახ, ფეხბურთი იყო დავით ყიფიანის “მოწოდება”, ის იშვიათი და ნათელი ტაქტიკური აზროვნების მქონე ფეხბურთელი გახლდათ, შეტევის შესანიშნავი ორგანიზატორი, ჰქონდა მოედნის იდეალური ხედვა, შეეძლო ბრწყინვალედ ეთამაშა და თანაგუნდელებიც აეყოლებინა.
ქართული ფეხბურთის სიმბოლო, მისი სინდისი და ნამუსი, მისი ყველაზე უკეთესი და კეთილშობილი თვისებების განსახიერებაა, მწვანე მინდვრის უდიდესი მსახიობი _ ასე იცნობდნენ მას, რომლის ოსტატობის ნახვასაც მსოფლიოს ნებისმიერი სტადიონის მაყურებელი ნატრობდა. მისმა თაობამ საქართველოს აჩუქა ყველაზე დიდი სიხარული, ქართულ ფეხბურთს კი არნახული გამარჯვება მოუტანა: ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი დავით ყიფიანი იყო.
“ქართული გვარები ძნელი წარმოსათქმელია, მაგრამ ყიფიანი ყველას გვახსოვდა, ასეთი მოთამაშის დავიწყება შეუძლებელია”, _ ამბობდნენ უცხოელები.
იმ პერიოდში ევროპაში ასეთი მასშტაბის ფეხბურთელი ძნელად მოიძებნებოდა.
დავით ყიფიანი დაიბადა 1951 წლის 18 ივლისს, პროფესორთა ოჯახში. კარგად გვახსოვს 1963 წლის ადრე გაზაფხული, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პირველობა ფეხბურთში არ იყო დაწყებული. ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, ” ბერევესტნიკის” სტადიონზე ტევა არ იყო. მიმდინარეობდა თბილისის პირველობა 12-წლამდე ასაკის ფეხბურთელებს შორის. მათ შორის პატარა, გამხდარი ბიჭუნა გამოირჩეოდა, რომელიც შემდგომ წლებში _ მრავალათასიანი საფეხბურთო აუდიტორიის კერპი გახდა: ვინ იფიქრებდა იმას, რომ ამ გამხდარ ბიჭუნას შემდგომში ევროპის “პელედ” მონათლავდნენ ფეხბურთში. თამაში დაიწყო 35-ე საშუალო სკოლაში, 1970 წელს თამაშობდა თბილისის “ლოკომოტივში”, 1971-1982 წლებში თბილისის “დინამოში” გამოდიოდა; საბჭოთა კავშირის ნაკრებში, უმაღლეს ლიგაში ჩატარა 245 მატჩი, გაიტანა 78 გოლი; სსრკ. ნაკრებში 1_ 9 მატჩი, 7 გოლი გაიტნა. ევროტურნირებზე _ 35 მატჩი, 16 გოლი. სულ, ოფიციალურ შეხვედრებში, გატანილი აქვს 106 გოლი, იყო მ. ფედოტოვის კლუბის წევრი.
ტიტულები: სსსკ-ის ჩემპიონი 1978, ვერცხლის პრიზიორი, ბრინჯაოს პრიზიორი, 1971,1972,1976 წლეები სსრკ-ს თასის მფლობელი, 1976 ,1979 წლები თასების თასის მფლობელი, 1981 წლის მაისში. 33 საუკეთესოთა შორის დასახელებული იყო 8-ჯერ, 1977 და 1978 წლებში პირველი ნომრიდან სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელი 1978 წლის დავით ყიფიანი იყო განათლებული პიროვნება, ფეხბურთის “ჯელტმენი” , მაგრამ მასაც გადახდა კურიოზული ამბები: მისი მოგონებიდან: “მსაჯებმა მხოლოდ ორჯერ მაჩვენეს წითელი ბარათი. პირველად თბილისში ლენინგრადის ზენიტთან” გამაძევეს _ ეს ვალერი ბასკაკოვმა გააკეთა და არ დავმალავ, მართალი იყო. ერთმა ლენინგრადელმა დინამოელს დაარტყა და არც დავფიქრებულვარ, ხურდა დავუბრუნე! მეორედ ლაიფციგში გამაგდეს გდრ-ის ნაკრებს ვეთამაშებოდით და ჩემი მეურვე 85 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ მჩეხავდა და ფეხებში მირტყამდა, ბოლოს ვერ მოვითმინე და სილა გავარტყი.იქაც გასაძევებელი ვიყავი.
ის ამბავი, რის შესახებაც ევგენი ევტუშენკომ მოგვიანებით ლექსი დაწერა მართლა მოხდა, კარდიფში ვითამაშეთ თასების თასსზე ” კარდიფსიტისთან 0:1″ წავაგეთ. მატჩის შემდეგ კლუბის პრეზიდენტი მოვიდა, 20-ფუნტიანი კუპიური გამომიწოდა, ვითომ და ამაზე ღირსეულად არ გითამაშიაო. მას ფული გამოვართვი, ხელი მოვუწერე დავუბრუნე, იმ წუთებში ევტუშენკო გვერდით მედგა და მერე მითხრა, ფული უკან რომ დაუბრუნე შენით ძალიან ამაყი ვიყავიო.
როდესაც თბისლისის “დინამო” ევროტურნირებში მონაწილეობდა კენჭისყრაში მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელები ოცნებობდნენ, ღმერთო თბილისი “დინამოს” ნუ შეგვახვედრებო. იმასაც ოცნებობდნენ, რომ ნუთუ ყიფიანი ერთხელ მაინც ავად არ გახდებაო. ევროპის თასის მფლობელთა თასის მოსაპოვებლად დინამოელებმა ურთულესი გზა გაიარეს ფინალამდე. მკითხველს, ფეხბურთის მოყვარულებს მინდა გავახსენო “ფაიენოორდთან” მეორე შეხვედრა ჰოლანდიაში.
პირველი მოვიგეთ თბილისში 3:0, 1981 8 აპრილს, ხოლო საპასუხო მატჩი შედგა იმავე წლის 22 აპრილს. “ფაიენოორდის” სტადიონი მოქმედ ვულკანს ჰგავდა, იყო უთანასწორო ბრძოლა, ტენდენციური მსაჯობა. თბილისის “დინამოელებს” ხელმძღვანელობასთან ერთად ახლდა ქართველი გულშემატკივრების 27-კაციანი ჯგუფი.ეს იყო და ეს, რომელთა წინააღმდეგ იბრძოდა 40 000 მაყურებელი, 5-ათასი დაქირავებული ბავშვი, მთავარი მსაჯი, რასაც კიდევ დაემატა ყიფიანის არასწორი ხერხებით თამაშიდან გამოთიშვა. მწვრთნელებმა მას მიამაგრა ” ჯალათი” _ ვან ტილი და დაარიგა ყიფიანისათვის თამაშის საშუალება არ მიეცა, რაც ვან ტილმა გულმოდგინეთ შეასრულა. მე ჩემი მეურვე 90-წუთის განმავლობაში უმოწყალოდ მჩეხავდა, მე პროვოკაციას არ ავყევი, რადგან ავსტრიელი მსაჯი გამაძევებდა. ტრიბუნიდან მესმის ჩემი მეუღლის ხმა: დათო , ფეხები მთლიანად დაჩეხილი გაქვსო, კიდევ უფრო მეტიც: სამი ბურთი არ ჩაგვითვალეს. სამაგიეროდ, მსაჯმა მოგონილი “პენალტით” დაგვაჯილდოვა. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, მსაჯის არაობიექტურობისა, 90 წუთის მანძილზე არ ყოფილა წამი, რომ “დინამოელები” შემდრკალიყვნენ.
დინამოელები ფინალში გავიდნენ ბურთების შეფარდებით.
ნოდარ ახალკაცი: ვუყურებდი დავით ყიფიანის დასისხლიანებულ ფეხებს, გული მეკუმშებოდა, აშკარა იყო, პერსონალურ მეურვეს ვან ტილს შესაშური გულმოდგინებით შეუსრულებია მწვრთნელის დავალება. თამაშის შემდეგ დათოსთან მივიდნენ ფრანგი მენეჯერები. “სენტ იენში” გადასვლა სთხოვეს, მან სასტიკი უარით გაისტუმრა ისინი.
წინ ფინალი: დიუსელდორფის “რაინშტადიონზე” სტადიონზე 1981 წლის 13 მაისი, ოთხშაბათი. ეს დღე დაუვიწყარია ფეხბურთის გულშემატკივართათვის. ამ დღეს დინამოელებმა შეუძლებელი შეძლეს და დაამარცხეს გერმანიის გუნდი, ქალაქ დიუსელდორფში, “რაინ შტადიონზე”, ფინალური მატჩი, ანგარიშით _ 2:1, ათლეტურად საუცხოოდ მომზადებული იენის “კარლ ცაისი” და მოიპოვეს ევროპის ქვეყნების თასის მფლობელთა თასი, კიეველი თანაკლუბელების შემდეგ.
რიკარდო ლატანცი (მთავარი მსაჯი): მე დავეყრდენი ფეხბურთის დიდი სპეციალისტის ლუის სესარ მენოტის აზრს, რომ ფინალს მოიგებდა ევროპის საუკეთესო გუნდი თბილისის “დინამო”. ლოგიკურია ეს ასეც უნდა მომხდარიყო. დინამოელები ერთი თავით მაღლა იდგნენ კარლ ცაისის გუნდზე, ასევე გამოგიტყდებით, ყიფიანი რომ არა დინამოელები თასის გარეშე დარჩებოდნენ. ბურთი ეძებდა მას და ერთად ” ცეკვავდნენ ქართულს”, სწორედ ამ ” ცეკვამ” მოწინაღმდეგე დააბნია, ვერ ხვდებოდნენ, რომელი მხრიდან იწყებდა შეტევას ყიფიანი. ასევე კრაუზე მას ფეხებში ურტყამდა. მე ის გავაფრთხილე, არ გავაძევე. შეიძლებოდა ამას უკმაყოფილება მოეტანა, ბრწყინვალებას სილამაზე არ წავართვი. იგი მოვლენაა ფეხბურთის სამყაროში.
დავით ყიფიანი დაიღუპა ავტოავარიაში, 2001 წლის 17 სექტემბერს. მისი სახელი არასოდეს მიეცემა დავიწყებას არა იმიტომ, რომ ის გახლდათ ქართული ფეხბურთის კერპი, იგი ხომ ბრწყინვალე პიროვნება,, ერუდირებული, მეგობრობის მოყვარული, ოჯახსა და თავის ხალხზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო და ყოველთვის ცდილობდა, სიკეთე ეკეთებინა.
მოამზადა გრიშა კეკელიძემ