კლეპტომანია არის ქურდობისკენ პათოლოგური სწრაფვა, რომელიც იმპულსურად ვითარდება და არ არის დაგეგმილი. ასეთი ქურდობის მიზანი მატერიალური გამორჩენა არ არის, რადგან მოპარული ნივთი, როგორც წესი, დიდ საჭიროებას არ წარმოადგენს. როდესაც თავში გაიელვებს იმპულსი „მე ეს უნდა მოვიპარო“, ადამიანი განიცდის სიამოვნებას, რომელიც ეიფორიაში გადაიზრდება. თუმცა, თუ კლეპტომანს ქურდობის დროს წაასწრებენ, მას სირცხვილის საშინელი განცდა ეუფლება, თუმცა მხოლოდ მორიგ ქურდობამდე.
რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, კლეპტომანიის როგორც დაავადების სრული კლინიკური სურათი არ არსებობს. ამის მიზეზი არის ის, რომ ძალიან რთულია „ფაქტობრივი მასალების შეგროვება“ მის შესასწავლად. გამოვლენილი კლეპტომანები შიშის გამო უარს ამბობენ კვლევებში მონაწილეობაზე. ისინი ფიქრობენ, რომ მიღებულ ინფორმაციას მათ წინააღმდეგ გამოიყენებენ.
ზოგიერთ კლეპტომანს შესაძლოა პერიოდულად ქურდობის იდეა გაუქრეს, თუმცა ეს მხოლოდ მცდელობაა, რომელიც მთავრდება იმით, რომ მალე ის მორიგი ნივთის მოპარვის ცდუნებას ვერ უძლებს.
ნივთის მოპარვის დროს კლეპტომანს დაძაბულობის განცდა და ეიფორია ეუფლება. მას შემდეგ კი, რაც იგი იდეას განახორციელებს, სიმსუბუქისა და კმაყოფილების განცდა უჩნდება.
კლეპტომანი ყოველთვის მეწყვილის გარეშე მოქმედებს. იგი ქურდობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას მოპარვის პროცესით სიამოვლებსი მიღების სურვილი ეუფლება.
ამერიკელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს კლეპტომანიის საწინააღმდეგო წამალი შეექმნათ. კვლევისთვის იგივე პრეპარატი გამოიყენეს, რომლითაც ალკოჰოლიზმს ებრძვიან. კლინიკურ კვლევებში მონაწილეობაზე თანხმობა მხოლოდ 8 ადამიანმა განაცხადა. თითოეულ მათგანს წამლის ის დოზა მისცეს, რაც მის სიმპტომებს შეესაბამებოდა.
ექსპერიმენტის იდეის თანახმად, პრეპარატს უნდა დაებლოკა ტვინის ის ნაწილი, რომელიც ქურდობისგან გამოწვეულ სიამოვნებაზე აგებდა პასუხს. კვლევის მონაწილეთა უმრავლესობას საკუთარი ემოციების კონტროლი გაუუმჯობესდათ. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მედიკამენტი შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც კლეპტომანიის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი.
თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვლევა 11 კვირა გრძელდებოდა და ბოლომდე, ქურდობის გარეშე, მხოლოდ ერთმა კლეპტომანმა მიაღწია.