ევროკავშირის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პატიმრების დიდი რაოდენობა კვლავ პრობლემაა. ანგარიშს ევროპის საბჭო ავრცელებს.
ანგარიშში 2015-2016 წლების მონაცემებია გაანალიზებული. ანგარიშის თანახმად, ევროპის მასშტაბით, პატიმრების რაოდენობა 6.8%-ით არის შემცირებული, თუმცა 15-მდე ქვეყანაში მსჯავრდებულთა რიცხვი კვლავ საკმაოდ მაღალია, ერთ-ერთი ქვეყანა კი საქართველოა.
ანგარიშის თანახმად, 2015 წელს, ევროპის მასშტაბით, 1 მილიონ 404 ათას 398 ადამიანს შეეფარდა პატიმრობა, რაც 102 ათას 880-ით ნაკლებია 2014 წელთან შედარებით.
საკვლევი დროის პერიოდში, ციხეებში მოთავსების ინდექსი შემცირდა შემდეგ ქვეყნებში: საბერძნეთი (-18.8%), ხორვატია (-10.2%), დანია (-11.9%), ჩრდილოეთ ირლანდია (-9.7%), ჰოლანდია (-9.5%), ლიტვა (-8.8%), რუმინეთი (-8.6%) და სლოვენია (-8.2%).
მეორეს მხრივ კი მაჩვენებელი გაიზარდა შემდეგ ქვეყნებში: საქართველო (+20.5%), მაკედონია (+12%), თურქეთი (+11.6%), ჩეხეთი (+11.4%) და ალბანეთი (+10.3%).
თავისუფლების აღკვეთის ყველაზე მაღალი ინდექსი (პატიმრების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე) დაფიქსირდა რუსეთში (439.2 პატიმარი), ლიტვაში (277.7), საქართველოში (274.6), აზერბაიჯანში (249.3), ლატვიაში (223.4), თურქეთსა (220.4) და მოლდოვაში (219.9).
რაც შეეხება მსჯავრდებული ადამიანების ციხეში მოხვედრის მიზეზებს, ანგარიშის მიხედვით, ევროპის მასშტაბით, ყოველი მეხუთე პატიმარი სასჯელს ნარკოტიკული საშუალებების გამო იხდის. ეს მაჩვენებელი საქართველოში, რუსეთში, აზერბაიჯანში, მონტენეგროში, კვიპროსსა და ლუქსემბურგში 25%-ს აღწევს.
სტატისტიკის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების გამო სასჯელის მოხდის შემდეგ, მეორე ადგილი უჭირავს ქურდობას, მესამე კი მკვლელობას.
წყარო: imedinews.ge