ლანჩხუთის საკრებულოში მოქმედი სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, რომან ბიწაძემ 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს უარყოფითად აფასებს და საამისოდ არგუმენტებიც მოჰყავს.
„მე ჩემს შეხედულებებს არ ვახვევ თავს კომისიის დანარჩენ წევრებს, მაგრამ პირადად ტრადიციას არ დავარღვევ და ამჯერადაც ბიუჯეტის შესრულებას უარყოფითად შევაფასებ. ბიუჯეტი თავშივე არასწორად იყო დაგეგმილი და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლოსთვის რამდენჯერმე შევამცირეთ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, შევამცირეთ საშემოსავლო ნაწილიც, 250 ათასი ლარი კი ფინანსთა სამინისტრომ ჩამოგვირიცხა, მაინც ვერ მოხეხდა ბიუჯეტის სრულად შესრულება. თუმცა, ზემონახსენებმა მცდელობებმა ის შედეგი კი დადო, რომ გასული წლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 93%-ითაა შესრულებული. რომ არა ის ათასი მაქინაციები, რაც კეთდებოდა ბიუჯეტის შესრულებლის მაჩვენებლის გასაზრდელად, დამერწმუნეთ, ეს პროცენტიც არ იქნებოდა“, _ ამბობს ბიწაძე.
როგორც ჩანს, ბიწაძის პათოსს კომისიის დანარჩენი წევრებიც იზიარებენ, რაც რამდენიმე დღის წინ სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომის ოქმიდან ჩანს, სადაც, ასევე, საუბარია 2015 წლის ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც კომისიამ მხარი არ დაუჭირა ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტს.
„2015 წლის 21 დეკემბერს კომისიამ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება და მხარი არ დაუჭირა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, რადგან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 და 2015 წლების ბიუჯეტების არ შესრულებების ტრადიციად ჩამოყალიბებული ტენდენცია საფუძვლიანად გვაფიქრებინებდა, რომ 2016 წლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის ხელოვნურად გაზრდილი საშემოსავლო ნაწილი ვერ შესრულდებოდა.
2016 წლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში შეიძლება შეფასდეს უარყოფითად. მაგრამ იმის გამო, რომ ასეთი შეფასებისას ლეგიტიმური კითხვები ჩნდება გამგებლისადმი ნდობის, ან პირიქით _ უნდობლობისადმი, კომისიას მიზაშეწონილად მიაჩნია, კომისიის წევრების მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შეფასება მოხდეს საკრებულოს სხდომაზე, თავისუფალ რეჟიმში“, _ ნათქვამია აღნიშნული კომისიიდან მიღებულ წერილში.