18 მარტს, ქუთაისში, ოზურგეთის სარაგბო კლუბმა “არწივებმა“ მორიგი კალენდარული მატჩი წყალტუბოს „დინოზავრების“ წინააღმდეგ ჩაატარეს. როგორც კლუბის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე ამბობს, მატჩს გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მისი თქმით, დადებითი შედეგიც აუცილებელი იყო ლიდერთა ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად.
“გუნდის გამარჯვება გასული წლის მარცხისთვის ერთგვარი რევანში უნდა ყოფილიყო. ეს ის გუნდია, რომელმაც გასულ წელს მიკერძოებული და არაობიექტური მსაჯების დახმარებით ჩვენს რაგბისტებს გზა გადაუღობეს პლეიოფის თამაშისაკენ. „არწივებმა“ ჩინებულად ჩაატარეს ეს შეხვედრა და დაამარცხეს მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 33:0. აღსანიშნავია აბსოლუტურად ყველა მორაგბის დიდებული თამაში და თავდადება”, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ თენგიზ კალანდაძე.
მატჩის წინა სამდღიანი შეკრება გუნდმა ქალაქ ბათუმში ჩაატარა. აჭარის სპორტის მესვეურებმა და კლუბის დამარსებელმა ზვიად უნგიაძემ, რაგბისტებს ახლად გახსნილი სპორტული ბაზა დაუთმეს.
კლუბის ხელმძღვანელობა პირობას დებს, რომ გუნდი, ასევე, წარმატებით ჩაატარებს დარჩენილ ორ შეხვედრას და წარმატებით იასპარეზებს პლეიოფში.
მომდევნო შეხვედრას გუნდი, 25-26 მარტს, საკუთარ არენაზე, უახლოეს მდევართან _ ფოთის „კოლხი რაინდებთან” ჩაატარებს.