ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფასა და სამართალწარმოების მაჩვენებლებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის სამინისტროების საქმიანობის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს. კვლევა: „მოქალაქეები საჯარო პოლიტიკის განხორციელების პროცესში“ ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა და სამინისტროებთან დაკავშირებით მოიცვა შემდეგი საკითხების შესწავლის მიზანი:
- მთავრობის სამინისტროებში, 2016 წლის განმავლობაში, რამდენი მოქალაქის განცხადება რეგისტრირდა საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით, რამდენი განმცხადებლის მიმართ მომზადდა გამოხმაურება და რა გახდა საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმის საფუძველი?
- მთავრობის სამინისტროებში, მითითებულ პერიოდში, რამდენი ადმინისტრაციული საჩივარი იქნა რეგისტრირებული, რამდენი მათგანი დაკმაყოფილდა, რამდენი მათგანი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ?
- მთავრობის სამინისტროებში, 2016 წელს, რამდენ საქმეზე განხორციელდა წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში?
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ია გოგნაძის განცხადებით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, შესაძლებელია გამოიყოს მთავრობის ხუთი სამინისტრო, სადაც სტატისტიკურად ყველაზე მეტი აღმოჩნდა მოქალაქეების მიმართვიანობა და საერთო სასამართლოებში მხარედ წარმომადგენლობა. მოქალაქეები 2016 წელს, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, ყველაზე მეტად მიმართავდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. შესწავლილი მასალის მიხედვით, 2016 წელს, შსს–ში რეგისტრირებულ იქნა 15 545 განცხადება საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, თავდაცვის სამინისტროში – 3295, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში – 578, ჯანდაცვის სამინისტროში – 352, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში – 344. კვლევამ აჩვენა, რომ დასახელებული სამინისტროებიდან ყველა მოქალაქის მიმართ მომზადებულ იქნა გამოხმაურება.
ორგანიზაციის მონიტორინგის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრების რეგისტრაციის თვალსაზრისით, სამინისტროების ხუთეულში ლიდერობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სადაც 2016 წელს 220 საჩივარი იქნა წარდგენილი. სტატისტიკით, მეორე პოზიციაზეა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 110 ადმინისტრაციული საჩივრით, 42 ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ იქნა დევნილთა სამინისტროს მიმართ, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ – 17, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ – 15.
ორგანიზაციის ცნობით, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ მთავრობის სამინისტროების წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საერთო სასამართლოებში. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებში, ლიდერის პოზიცია უჭირავს დევნილთა სამინისტროს 697 საქმეზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 485 საქმეზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 215 საქმეზე, გარემოს დაცვის სამინისტროს 153 საქმეზე, ჯანდაცვის სამინისტროს 80 საქმეზე, იუსტიციის სამინისტროს 51 საქმეზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 38 საქმეზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს 16 საქმეზე და სხვა. მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს, მხოლოდ სამი სამინისტროა წარმოდგენილი, რომლებსაც საერთო სასამართლოებში წარმომადგენლობა არ განუხორციელებია – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მონიტორინგის თანახმად, შესწავლილი მთავრობის სამინისტროებში, საერთო მონაცემით, 2016 წელს, მოქალაქეების მიერ მოთხოვნილ იქნა 21,181 საჯარო ინფორმაცია. მიღებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროებმა ყველა მოქალაქის მომართვას უპასუხეს. წარმოდგენილი მონაცემებით, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 2489 განცხადებას, დარეგისტრირებულ იქნა 457 ადმინისტრაციული საჩივარი, ხოლო მთავრობის სამინისტროებმა, 2016 წელს, საერთო სასამართლოებში წარმომადგენლობა განახორციელეს, სულ 1776 საქმეზე.