ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულმა საკანონმდებლო პაკეტმა ქვეყნის პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის წევრების განსხვავებული პოზიციები კიდევ ერთხელ გამოიწვია და შედეგად პრეზიდენტისგან მორიგი ვეტოც მოყვა.
როგორც ცნობილია, ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 1-ელ მარტს დაამტკიცა, თუმცა მას პრეზიდენტმა ვეტო 2-ჯერ დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.
აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ფარული მოსმენები სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა უნდა განახორციელოს, ქვეყნის პრეზიდენტი კი, სააგენტოს დამოუკიდებელ მუშაობას ეჭვქვეშ აყენებს და ასევე არაპროგნოზირებად ხარჯებზე საუბრობს.
თუმცა, პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო ამჯერადაც დასძლია და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მარგველაშვილის მიერ პარლამენტარების უფლებამოსილებაში ჩარევაზე ალაპარაკდა.
აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრსაც.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს საზოგადოება, არის თუ არა დაპირისპირება პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის და რა შედეგამდე შესაძლოა მივიდეს ეს, _ ამის გასარკვევადაც თბილისის ქუჩებში მოქალაქეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვკითხეთ.
მოქალაქე გვანცა კულუა იმედოვნებს, რომ ქვეყანაში საქმე უკეთესობისკენ წავა.
„პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის რა თქმა უნდა დაპირისპირება არის, მაგრამ არ ვიცი ამ ყველაფრის შედეგად სადამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა და საქმე უკეთესობისკენ წავა“,_ამბობს კულუა.
ვახტანგ ივანიძე კი ამბობს, რომ ხელისუფლება სპექტაკლის დადგმას ცდილობს.
„მართალია ჩანს, რომ მათ შორის დაპირისპირებაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ თამაშობენ, რადგან ერთ გუნდში არიან და ასე მოქცევა აწყობთ. პოლიტიკა უბედურებაა“,_ამბობს ივანიძე.
თენგიზ შარიქაძეს თქმით, კი დაპირისპირება შეიძლება პრეზიდენტის გადადგომით დასრულდეს.
„დიახ, დაპირისპირება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შესამჩნევია, რაც შეიძლება, პრეზიდენტის გადაყენებით დასრულდეს“,_ამბობს შარიქაძე.
თუმცა, ელისო ჩხარტიშვილს მიაჩნია, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები ვერასდროს გაერკვევიან რა ხდება პოლიტიკაში.
„ქვეყანაში და ზოგადად პოლიტიკაში რა ხდება ჩვენნაირი ხალხი ვერასდროს გაიგებს. პოლიტიკოსები დაობენ და თავის მხრივ, ვფიქრობ, რომ ყველა მართალია. მთავარია გვქონდეს ქვეყანა, სადაც პარლამენტარიც და პრეზიდენტიც თავის სიტყვას პასუხისმგებლობით მოეკიდება“,_ თქვა ჩხარტიშვილმა.
ერთ-ერთი გამოკითხული, ნანა ჭავჭავაძე კი ამბობს, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირებას „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად იწვევს.
„პრეზიდენტსა და სამთავრობო გუნდს შორის დიდი დაპირისპირება არ არის, ამას ხელოვნურად „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს. ეს არის რაც ყველაფერს ურევს და თავდაყირა აყენებს“,_ამბობს ჭავჭავაძე.
თამაზ აბრამიშვილი კი ამბობს, ქვეყნისთვის ძალიან ცუდია ის, რაც ხელისუფლებაში ხდება.
„პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება არის. სადამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა ზუსტი ზღვარი არ ვიცი, მაგრამ ძალიან ცუდია ის, რაც ხდება. მთავრობაში უნდა იყოს ერთსულოვნება და ყველა ხალხისთვის უნდა იბრძოდეს“,_თქვა აბრამიშვილმა.
ამავე თემაზე:
ნორმალურად მიგაჩნიათ? _ ბესელია პრეზიდენტს მიმართავს
პრემიერი ე.წ. მოსმენების კანონზე: ამით განსაკუთებული თვისობრივი ცვლილება ვერ მოხდებოდა