თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ 2017 წლის 23 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა ე.წ „ციანიდის საქმეზე“ დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხვის შესახებ, ვინაიდან დაცვის მხარის შუამდგომლობაში უგულებელყოფილი იქნა არაერთი არსებითი ხასიათის საპროცესო ნორმის მოთხოვნები.
სასამართლოს ინფორმაციით, ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი, რის გამოც შუამდგომლობა არ იქნა დაკმაყოფილებული, არის ის, რომ შუამდგომლობა წინააღმდეგობაშია მოქმედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სსსკ-ის 332-ე მუხლის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ძველი, კერძოდ, საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დებულებათა შესაბამისად, რაც სასამართლოში მოწმის დაკითხვას არ ითვალისწინებს. ამდენად, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი შუამდგომლობა არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან, მეტიც ცალსახად ეწინააღმდეგება მას.
ამავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა შესაბამისობაში რომც ყოფილიყო ზემოაღნიშნულ საპროცესო ნორმებთან, არ იყო გათვალისწინებული და დაცული სასამართლოს წინაშე მოწმედ დაკითხვის ახალი წესი, კერძოდ საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის მოთხოვნები. დაცვის მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს პირის მოწმის სახით სასამართლოში დაკითხვის შუამდგომლობით მხოლოდ კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ეს გარემოებებია: 1. თუ არსებობს მოწმის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის მოწმედ დაკითხვას სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს; 2. იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს; 3. არსებითად განსახილველად საქმის სასამართლოში წარმართვისათვის აუცილებელი მტკიცებულების სხვა წყაროებიდან მოპოვება არაგონივრულ ძალისხმევას საჭიროებს; 4. ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.
„ადვოკატის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში და თანდართულ მასალებში კი არცერთი კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ იყო სახეზე, რის გამოც შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლისა და 332-ე მუხლის იმპერატიულად დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ იქნა დაკმაყოფილებული“, _ ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.