24 მარტს მსოფლიოში ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს პენიტენციური სისტემა ჩართულია ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაში და ყველა ის სერვისი, რაც მიეწოდებათ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს სამოქალაქო სექტორში, (გამოკვლევები, მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები), ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პაციენტებისთვისაც.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ამჟამად, ტუბერკულოზით დაავადებული 70 მსჯავრდებული/ბრალდებული მკურნალობს, რომელთაც დაავადების სხვადასხვა ფორმა აღენიშნებათ. მათი უმეტესობა განთავსებულია #19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც რეაბილიტირებული სახით 2013 წლიდან ფუნქციონირებს და თანამდროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი.
#19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ფუქციონირებს ორი ამბულატორიული და სტაციონარული განყოფილებები, რომლებიც ტუბერკულოზის სენსიტიური და რეზისტენტული ფორმებით დაავადებულ პაციენტებს ემსახურება. პაციენტები დაავადების ფორმების შესაბამისად არიან სეპარირებული. ცენტრში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის ხელმისაწვდომია სტომატოლოგიური მომსახურება. ასევე, დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ისეთი დიაგნოსტიკური კვლევები, როგორიცაა: სპირომეტრია, ულტრასონოგრაფია, აუდიომეტრია, რენტგენოგრაფია. რეგისტრირებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაავადების მართვა და მკურნალობა ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებისა და ქვეყანაში აღიარებული უახლესი გაიდლაინების და პროტოკოლების შესაბამისად, განახლებული სქემითა და უახლესი თაობის მედიკამენტებით.
პენიტენციური ჯანდაცვის სისტემაში ფუნქციონირებს ლაბორატორია, სადაც 2015 წლიდან შესაძლებელია ტუბერკულოზის დიაგნოსტირება „GENEXPERT”–ის აპარატით. დიაგნოსტირების ეს ფორმა შედეგის სწრაფად მიღებას უზრუნველყოფს, კერძოდ, 2 თვის ნაცვლად, ტუბერკულოზის დიაგნოსტირება ხდება 24 საათში. დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება და მკურნალობის პროცესში დროულად ჩართვა ტუბერკულოზის გავრცელების თავიდან აცილებას და მკურნალობის ეფექტურ შედეგს უწყობს ხელს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ყველა მსჯავრდებულს/ბრალდებულს პენიტენციურ დაწესებულებებში მოხვედრისას სამედიცინო შემოწმება უტარდება. სავალდებულო სამედიცინო შემოწმება მოიცავს ტესტს ტუბერკულოზზე. ასევე, ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის პენიტენციურ სისტემაში ხელმისაწვდომია კვების სპეციალური რაციონი.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ტუბერკულოზის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად პენიტენციურ სისტემაში 2013 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ტუბერკულოზის ახლადგამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა, მაგალითად, 2012 წელთან შედარებით 2016 წელს ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 90%-ითაა შემცირებული:
2012 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა – 457
2013 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა – 99
2014 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა – 66
2015 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა – 56
2016 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა – 45
აღსანიშნავია, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2013 წლიდან დღემდე, პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. (R)