„ორშაბათს დავაფუძნებთ შპს-ს, რუსთავი2-ის გუნდი იქნება ამ შპს-ს სახელი და ეს შპს იქნება ამ 51% წილის მფლობელი,“ – ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რამდენიმე წუთის წინ ძმები ყარამანიშვილების ბოლო შეთავაზებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ დღეს რუსთავი2-ის გუნდი 19:00 საათზე შეიკრიბება და გადაწყდება, რამდენი ადამიანი დააფუძნებს შპს რუსთავი2-ის გუნდს. ანუ, ვინ იქნება ამ წილის მფლობელი და მართვაზე პასუხისმგებელი.
ძმები ყარამანიშვილები კოლექტივს სთავაზობენ ამ თემაზე საჯარო დისკუსიას და კონსულტაციებს საქმიან რეჟიმში, რათა წილები გუნდის წარმომადგენლებს გადაუნაწილდეთ ღიად და სამართლიანად.
„პირველ რიგში ყარამანიშვილების შემოთავაზება არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და რევოლუციური. ეს არის პრაქტიკულად არხის თანამშრომლებისთვის საკონტროლო პაკეტის გადაცემა, რაც უნდა გვესმოდეს, რომ 51% რუსთავი2-ში არის შპს საქართველოს ხელში და შპს საქართველოს 51% საკონტროლო პაკეტი იქნება უკვე რუსთავი2-ის საკონტროლო პაკეტის. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კოლექტივის ხელში გადაცემა იმ უფლების, რომ ის იყოს ძირითადი აქტორი არხის ბედის წარმართვაში,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამია ძმები ყარამანიშვილების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, რადგან გენერალური დირექტორის თქმით, უსასყიდლოდ ხდება მისი გადაცემა.
ნიკა გვრამიას თქმით, კონსულტაციების რეჟიმზე გადასვლისთვის გუნდი მზად არის.