გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობაზე -არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში, მოქალაქე მამუკა ვაჭარაძემ, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფით არჩვი (Rupicapra rupicapra) მოკლა. ეს სახეობა გადაშენების პირას მყოფია. მამუკა ვაჭარაძესა და მის თანმხლებ ანდრო გელენიძეს ჩამოერთვათ სანადირო თოფები.
მათივე ცნობით, გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 30 000 ლარი შეადგინა. საქმის მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.