ბოლო პერიოდში, საქართველოში, აქტუალურია ნასვამი მძღოლების დაჯარიმების და მათთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის საკითხი. AGORA გთავაზობთ საერთაშორისო გამოცდილებას, როგორ ებრძვიან ამ პრობლემას სხვა ქვეყნებში:
ავსტრალია
პირველ ჯერზე: მართვის მოწმობის ჩამორთმევა მინიმუმ ექვსი თვით, განმეორების შემთხვევაში – სამუდამოდ.
კანადა
პირველ შემთხვევაში: ჯარიმა 1000 დოლარი და მართვის მოწმობის ჩამორთმევა ერთი წლით. მეორე შემთხვევაში: 30 დღიანი თავისუფლების აღკვეთა და ავტომობილის მართვის ორწლიანი აკრძალვა. მესამე ან მომდევნო ფაქტზე: თავისუფლების აღკვეთა 120 დღით და მართვის მოწმობის ჩამორთმევა 3 წლით.
კოსტა-რიკა
პირველ ჯერზე: ჯარიმა 500 ამერიკული დოლარი და ორწლიანი მანქანის მართვის აკრძალვა, განმეორების შემთხვევაში: მანქანის კონფისკაცია და თავისუფლების აღკვეთა.
ინგლისი
მართვის ლიცენზიის ჩამორთმევა მინიმუმ ერთი წლით, განმეორების შემთხვევაში – 3 წლით. ასევე, ჯარიმის გარდა, სასჯელი 6 თვიან თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.
ფინეთი
მძღოლებს, რომლებიც განმეორებით არიან დაკავებული მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის ფაქტზე, ორწლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
საფრანგეთი
1000 დოლარიანი ჯარიმა, ავტომობილის კონფისკაცია, მართვის მოწმობის ჩამორთმევა სამი წლით ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით – სისხლში ალკოჰოლის შემცველობის შესაბამისად.
ნორვეგია
აქ მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლებიან, ჯარიმის ოდენობა დაახლოებით 1000-1500 დოლარია.
რუსეთი
რუსეთში, პირველივე ჯერზე, ორი წლით ჩამოგართმევენ მართვის მოწმობას, თუმცა, მხოლოდ თქვენ არა, ავტომობილის პატრონზეც ვრცელდება რიგი სანქციები.
შვედეთი
შვედეთში ჯარიმას გამოგიწერენ თუ სიხსხლში 0.02-ს გადააჭარბებს ალკოჰოლის დოზა, მაგრამ, ჯარიმის ოდენობა თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება. ასევე, შეიძლება მანქანა გაგიყიდონ და თანხა თქვენი ალკოჰოლიზმის მკურნალობას მოხმარდეს.
ზოგ ქვეყანაში, ნასვამი მძღოლების მიმართ ნულოვან ტოლერანტობას იჩენენ და სისხლში ალკოჰოლის შემცველობის არანაირი დასაშვები ნორმა არ არსებობს.
ალკოჰოლის ნებისმიერი კონცენტრაცია 0.00-ზე მაღლა დანაშაულად ითვლება. ასეთი ქვეყნებია, მაგალითად: სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბანგლადეში და საუდის არაბეთი.