პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული მასალის შენახვის ვადა 120 საათამდე გაიზარდა, ამის შესახებ “გურია ნიუსს” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს. უწყების განმარტებით, შესაბამისი ცვლილება „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.
აქამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, ელექტრონული მეთვალყურეობის შედეგად მიღებული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში იწერებოდა, ხოლო ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების შევსებისას, ახალი ინფორმაციის ჩაწერა უკვე არსებული ინფორმაციის წაშლის ხარჯზე ხდებოდა. ამასთან, ჩაწერილი მასალის შენახვის ვადა არანაკლებ 24 საათი იყო.
სახალხო დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებები გადაიარაღდა, რის შედეგადაც ჩაწერილი მასალის შენახვის ვადად არანაკლებ 120 საათი განისაზღვრა.
აღნიშნული ცვლილება წინგადადგმული ნაბიჯია, რაც ხელს შეუწყობს სამინისტროს სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო პროცესის წარმართვას.