საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი, საქართველოში მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნენ.
მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა ნინო გოგუაძემ და გიორგი ხატიძემ ევროპელ სტუმრებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან და მედიაომბუდსმენთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და იურიდიულ კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მიმართულებები გააცნეს.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში მიმდინარე საკითხებით ინტერესდებიან. დღევანდელ შეხვედრაზე ევროპელ სტუმრებს მედიასთან დაკავშირებული საკითხები და მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ პრემიერმინისტრის ინიციატივა გავაცანით. მომხსენებლებს ამ საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ, რომელიც მათ მიერ მომზადებულ მოხსენებაში აისახება”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
„შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შემოტანილ ინიციატივებზე ვიმსჯელეთ. მონიტორინგის კომიტეტის წევრებს მოვახსენეთ, რომ აღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულები არიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ყველა შესაძლო ინიციატივასთან დაკავშირებით მსჯელობა ღიად და საჯაროდ მიმდინარეობს. ეს პროცესი კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოში მედიაპლურალიზმის მაღალ სტანდარტებს”, – აღნიშნა გიორგი ხატიძემ.