თბილისის საქალაქო სასამართლო თბილისის თამბაქოს“ თანამშრომლებსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის ფადის ასლის შორის არსებული დავის შესახებ განცხადებას.
განცხადებას “გურია ნიუსი” უცვლელად გტავაზობთ:
“თბილისის საქალაქო სასამართლო მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, დასრულებულ სამოქალაქო დავაზე განმარტებას აკეთებს. სასამართო მოსარჩელე სს ”თბილისის თამბაქო,” მოპასუხეებს – შპს ფილიპ მორის საქართველო, სს ფილიპ მორის ეს. ეი-ს წინააღმდეგ, საქმეზე რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას.
საქმე სასამართლოში 2016 წლის 29 თებერვალს შემოვიდა და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2017 წლის 10 თებერვალს. მოცემულ საქმეზე გაიმართა 6 მოსამზადებელი (27.05.2016, 01.06.2016, 17.06.2016, 24.06.2016, 28.10.2016, 03.11.2016) და 3 მთავარი სხდომა (02.12.2016, 09.12.2016, 10.02.2017). შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ერთ დღეში (ერთ სხდომაზე) მიიღო.
შეჯიბრობითობის პრინციპის უზრუნველსაყოფად სასამართლო ვალდებულია დაიცვას ორივე მხარის ინტერესები. საპროცესო კანონმდებლობით მთავარ სხდომაზე მტკიცებულებათა წარმოდგენა დაუშვებელია. მოპასუხე მხარეთა მიერ კონკურენციის სააგენტოს დასკვნა წარმოადგენილ იქნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ამავდროულად, მხარეს არ დაუსაბუთებია მტკიცებულებების მოსამზადებელ სხდომაზე წარუდგენლობის მიზეზი. მთავარ სხდომაზე აღნიშნული მტკიცებულების მიღებით, სასამართლო უგულებელყოფდა სამოქალაქო და საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მოთხოვნებს და შელახავდა მოსარჩელე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა „კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის“ მოთხოვნები, რაც განპირობებულია არა ერთი რომელიმე ცალკე აღებული მტკიცებულებით, არამედ არსებულ ყველა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად. ამავე მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეს ბაზრის კონკრეტულ სეგმენტში უკავია დომინირებული მდგომარეობა.
რაც შეეხება დემპინგის კანონმდებლობის არ არსებობას, სასამართლო განმარტავს, რომ დემპინგი წარმოადგენს საერთაშორისო ტერმინს, რომელიც თარგმნისას გულისხმობს კონკურენტების განდევნის მიზნით, საქონლის, მომსახურების გაყიდვა/შეთავაზებას ხელოვნურად შემცირებული ფასებით. „კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის“
მე-6-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ კრძალავს შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასების დადგენას, შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობა იცნობს დემპინგური ანუ არასამართლიანი, ხელოვნურად შემცირებული ფასების მცნებას და ამგვარი ქმედების განხორციელებისათვის აწესებს სათანადო პასუხისმგებლობას. ასევე აღსანიშნავია, რომ ‘’თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონი“ არ შეიცავს დათქმას, რომლის თანახმადაც მისი ნორმების გამოყენება აკრძალულია კერძო სამართლის სუბიექტებს შორის არსებული დავის გადაწყვეტისას.
სასამართლომ ზიანის მოცულობის განსაზღვრისას, მათ შორის იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით, რომლის თანახმადაც ზიანი უნდა ანაზღაურდეს არამარტო ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.
სასამართლო მოუწოდებს საქმის შედეგით დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ უსაფუძვლო და გადამეტებული კრიტიკისაგან, ვინაიდან გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში და დიდი ალბათობით, გასაჩივრდება ორივე ინსტანციაში. ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი ემსახურება ერთ-ერთი მხარის სასურველი განწყობის შექმნას, ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებზე ზეწოლის მიზნით. აქვე აღვნიშნავთ, სასამართლო/მოსამართლეზე მსგავსი მიზანმიმართული შეტევა კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უფრო აქტიურად დაიცვას საკუთარი პოზიცია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია კანონთან და ანალოგიურ დავებთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოების პრაქტიკასთან“, _ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.