მიუხედავად მიტოვებულ ძაღლებზე მზრუნველობისთვის საყოველთაო ხმაურისა, ქალაქ ოზურგეთის ქუჩებში, სკვერებსა თუ საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში ყოველდღე ნახავთ მაწანწალა ძაღლებს, რომლებსაც ბავშვები თუ უფროსი ასაკის ადამიანები ერთნაირად უფრთხიან.
ჭავჭავაძის გამზირის #3 საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მუდამ დახეტიალობს ოთხი ან ხუთი მაწანწალა ძაღლი, რომლებიც ხშირად ერთმანეთს ისე დაერევიან ხოლმე, საეჭვოა, იმ ადამიანსაც არ ეცნენ, რომელიც მათ გაშველებას დააპირებს.
აბაშიძის ქუჩაზე მდებარე არა ერთ სავაჭრო ობიექტებში მომუშავე ადამიანებმა სპეციალურად მომართეს “გურია ნიუსს” ასეთი განცხადებით: “პატივცემულო რედაქცია! იქნებ, თქვენ მაინც დაგვეხმაროთ! ჯანმრთელ ძაღლზე კიდევ არაფერს ვიტყვით, რაღაცას შეასმენ, დაუყვირებ და წავა. ეს ავადმყოფი, გაქუცული და ნახევრად გატყაული, დამუწუკებული ძაღლები რომ დარბიან და ვერ ვიშორებთ, რით ვართ დაზღვეული, ან ჩვენ ან ბავშვებს არ გადადებენ რაიმე უბედურებას? დაგვეხმარეთ”.
გულიკო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ქუჩებში არა ერთი ძაღლი დაწანწალებს, მაგრამ ავადმყოფი, დაავადებული ძაღლები ამ ბოლოს მომრავლდა და ორმაგად საშიშია, ამიტომ ვართ ასე კატეგორიულებიო.
ნინო წულაძემ გვთხოვა, ლუდის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაც დაგვეთვალიერებინა, სადაც მისივე თქმით, ყოველ საღამოს ან უფრო მოგვიანებით, ძაღლების ფერმა “დასეირნობს”: _ თითქოს თავშესაფარიც ააშენეს და პატრონობენ ამ მიტოვებულ ძაღლებს. თუ ასეა, საიდან მოდის ამდენი მაწანწალა ძაღლი, გუნდებად რომ შეხვდები პირდაპირ ქალაქის ცენტრში ან შორი-ახლოს? _ კითხვას სვამს ის.
ჩვენ მოვიარეთ ქალაქის ქუჩები. რასაკვირველია, მოქალაქეთა უკმაყოფილება საფუძვლიანია და ეჭვს არ იწვევს მათი განცხადება _ მარტო ჭავჭავაძის გამზირზე უამრავი ძაღლი დარბის, თუმცა, ლუდის ქარხნის ტერიტორიაზე, დღის განმავლობაში ძაღლები არ გვინახავს. როგორც იქვე მცხოვრებლები აღნიშნავენ, ძაღლები უმეტესად აქ საღამოს საათებში ან გვიან ღამით მოდიან.
“გურია ნიუსი” ინდმეწარმე “მარინა ჯანელიძის” წარმომადგენელს, ვეტერინარ გოგი მაღლაფერიძეს დაუკავშირდა, რომელიც მინდობილი პირია და ასრულებს საჭირო სამუშაოებს უპატრონო ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად:
_ ქალაქში მართლაც დადიოდა დაავადებული ძაღლი, თეთრი ფერის, რომელიც გუშინ საღამოს დავიჭირეთ ოზურგეთის აგრარულ ბაზარში და გადავიყვანეთ თავშესაფარში. მეტი დაავადებული არ გვინახავს. რაც შეეხება დანარჩენ მაწანწალა ძაღლებს, აუცილებლად დავიჭერთ. ჩვენ, ძალიან ხშირად, 8-12 ძაღლი თავშესაფარში გადაგვყავს. აუცილებლად გავატარებთ ღონისძიებას და თქვენს მიერ მითითებულ ტერიტორიებზეც მივალთ. თუმცა, უნდა შეგვატყობინონ, რომ ღონისძიება გავატაროთ. უყურადღებოდ არასდროს ვტოვებთ არავის ზარს და ადგილზე მივდივართ.
_ ბატონო გოგი, ხალხი კითხვას სვამს, ამდენი ძაღლებს თუ იჭერთ, საიდან მოდიან ისევ? გამოთქვამენ ვარაუდს, რომ იქნებ, სხვა რაიონიდან შემოყავთ და აქ უშვებენ მალულად. ადრეც მომხდარა მსგავსი რამ…
_ კი, ნამდვილად იყო ასეთი ფაქტები. წელსაც იყო მსგავსი შემთხვევა _ ქობულეთიდან შემოყავდათ და ჭანიეთისა და ქაქუთის მიდამოებში ტოვებდნენ. ჩვენ გავატარეთ ღონისძიება, მონიტორინგის ჯგუფი ჩაუსაფრდა და ასე ვთქვათ, “გამოვიჭირეთ”. ვაცნობეთ ზემდგომს და მერე ეს არ მომხდარა. ისე კი, ახლა მოსახლეობაში წიწილების გამოჩეკის პერიოდია. ბევრი ძაღლი კლავს ან ჭამს შინაურ ფრინველს. ძირითადად ამ მიზეზით ყრიან ეზოს გადაღმა ცხოველებს, ან სხვა სოფელში თუ ქუჩაზე გადაყავთ და იქ ტოვებენ.
ჩვენ ოჯახებიდან ძაღლების წამოყვანა კანონით აგვეკრძალა. ამიტომ, თუ ქუჩაში მაწანწალას დაინახავენ, უნდა შეგვატყობინონ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სულ დავდივართ და ვაკვირდებით, სადმე თუ არიან და მაშინვე გადაგვყავს თავშესაფარში. მადლობას გიხდით, რომ საქმის კურსში გვაყენებთ, _ გვითხრა მაღლაფერიძემ.