კომერსანტის” ინფორმაცია საქართველოდან ღვინომასალების ექსპორტის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით ოფიციალურად დადასტურდა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „კომერსანტთან” საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობის პოზიციაა ის, რომ საქართველოდან ღვინომასალა ჩამოსასხმელი ფორმით არ გავიდეს.
როგორც მინისტრი აცხადებს, საკანონმდენლო ორგანოში შესაბამისი ცვლილების ინიცირება უკვე მოხდა, თუმცა, მის კანონად ქცევას საკანონმდებლო ეტაპების გავლა სჭირდება.
„სუფრის ღვინოებთან დაკავშირებით ინდუსტრიას აქვს ერთი მოსაზრება, რომ ზოგადადაც არ იყოს დაშვებული ასეთი მასალების ექსპორტი, რათა სხვა ქვეყნებში არ იყოს ცდუნება ქართული სახელით ღვინოების ჩამოსხმის. ამ კუთხით კანონმდებლობაში ცვლილების ინიცირება უკვე მოხდა, თუმცა,”ვაზისა და ღვინის შესახენ საქართველოს კანონში” ცვლილებების შეტანას საკანონმდებლო ეტაპები სჭირდება. ინდუსტრია იზიარებს მთავრობის ამ პოზიციას”-აცხადებს დავითაშვილი.
რაც შეეხება საკანონდმებლო ორგანოს, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შიოლაშვილი „კომერსანტთან” საუბრისას ცხადებს, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილებების შეტანის განხილვა აპრილიდან დაიწყება.
შეგახსნებთ, რამდენიმე კვირის წინ „კომერსანტი” წერდა,რომ საქართველოდან შესაძლოა, ღვინომასალების ექსპორტი აკრძალულიყო. მაშინ პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებდა, რომ ღვინომასალების ექსპორტთან დაკავშირებით მუშაობა მთავრობაში მიმდინარეობდა. დანელიას ვარაუდით, შესაბამის კანონპროექტს ღვინის ეროვნული სააგენტო ამუშავებდა.
რაც შეეხება ღვინის ეროვნული სააგენტოს, უწყების ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი მაშინ „კომერსანტთან” განმარტავდა, რომ ღვინომასალების ექსპორტის აკრძალვა ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე იყო. ამავე პერიოდში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ გოგილიძე აცხადებდა, რომ ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების გაყალბების ყველაზე მეტი შემთხვევა რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ფიქსირდება.
www.commersant.ge